დარწმუნებული ვართ, უახლოეს ერთ-ორ წელიწადში მთლიანად გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზიანს და კვლავ დავუბრუნდებით განვითარების აღმავალ ტრაექტორიას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბორჯომში განაცხადა, სადაც უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომა გაიმართა.
მისი თქმით, თითოეულმა სამინისტრომ, კონკრეტული გეგმები წარადგინა, რომელიც მისი თქმით, მოიცავს არა მხოლოდ ზოგად ამოცანას, არამედ ძალიან კონკრეტულ ქმედებებს, რომელ წელს რას უნდა მიაღწიოს ქვეყანამ.
„მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის დავალებით მთავრობა მუშაობს მართლაც უპრეცედენტო დოკუმენტებზე, რადგან ათწლიანი გეგმა ჩვენ არ დაგვიმუშავებია. ახლა ვითარება ისეთია, იმდენად მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის დამკვიდრებული, რეფორმების მიმართ შეუქცევადი დღის წესრიგი გვაძლევს საშუალებას, რომ ათწლიანი, საშუალოვადიანი გეგმით ვიაროთ, გვაძლევს საშუალებას, რომ კონკრეტული რაოდენობრივი მაჩვენებლებით დავგეგმოთ, რას უნდა მივაღწიოთ 2025-2030 წელს“, – აღნიშნა თურნავამ.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა, პანდემიამ თავისი დაღი დაასვა ეკონომიკურ განვითარებას. „როდესაც ვსაუბრობთ უახლოეს ათწლიან გეგმებზე, პანდემიის დაძლევაზეც იქნება საუბარი, მაგრამ ჩვენ დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს ერთ-ორ წელიწადში მთლიანად გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზიანს და შემდეგ კვლავ დავუბრუნდებით განვითარების აღმავალ ტრაექტორიას“, – დასძინა ეკონომიკის მინისტრმა.
მისივე განმარტებით, სამინისტროს დამუშავებული აქვს ახალი პროგრამები, რომელიც ადგილობრივ წარმოებას შეუწყობს ხელს.
