LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალ ელისაბედ II-ის Bentley აუქციონზე იყიდება – ფასი €450 ათასიდან დაიწყება (ფოტო)

116
ქირიას NEWS შაბლონი (2)

დედოფალ ელისაბედ II-ის მიერ გამოყენებული Bentley Mulsanne Extended Wheelbase ოქტომბერში აუქციონზე გაიყიდება. 2016 წელს გამოშვებული ავტომობილი ბრიტანეთის მონარქისთვის სპეციალურად დამზადებული ორი იდენტური Mulsanne-დან ერთ-ერთია და ახლა მისი ღირებულება 400-450 ათას ევროდ არის შეფასებული.

ავტომობილის გაყიდვას აუქციონის სახლი Broad Arrow Auctions გეგმავს. ონლაინ ვაჭრობა 5-14 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო საბოლოო პროცესი 14 ოქტომბერს დასრულდება. თუ შეფასება გამართლდა, ავტომობილი შესაძლოა დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარად გაიყიდოს. 

Mulsanne დედოფალ ელისაბედ II-ის ოფიციალურ ავტოპარკში 2016-2019 წლებში გამოიყენებოდა. შემდეგ, როდესაც სამეფო გარაჟში უფრო ახალი, 2020 წლის Mulsanne გამოჩნდა, ეს ავტომობილი Bentley-ის სათავო ოფისში დაბრუნდა. 2024 წელს კი ის კერძო კოლექციონერმა შეიძინა.

ავტომობილი დედოფლისთვის რამდენიმე სპეციალური დეტალით იყო აღჭურვილი. სალონში გამოყენებული იყო Twine-ისა და Cumbrian Green-ის ფერის ტყავი, Burr Walnut-ის ხის დეკორი და ცხვრის მატყლის ხალიჩები. ხის რამდენიმე პანელზე სამეფო გერბიც იყო დატანილი. წინა სავარძლებს შორის არსებული სტანდარტული საყრდენი კი დედოფლის ჩანთისთვის სპეციალური სადგამით შეცვალეს. მოგვიანებით, როდესაც მანქანამ სამეფო სამსახური დაასრულა, გერბები და ეს სპეციალური დეტალები მოხსნეს.

Mulsanne-ს ასევე ჰქონდა სამეფო ავტო პარკისთვის დამახასიათებელი სპეციალური მოწყობილობები – ციმციმები და მათი მართვის ბლოკი, რომელიც წინა სავარძლებს შორის იყო განთავსებული. ეს აღჭურვილობაც ავტომობილის კერძო მფლობელობაში გადასვლამდე მოიხსნა.

ტექნიკურად ავტომობილი სტანდარტულ Mulsanne-სთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. მას 6,75 ლიტრიანი V8 ძრავა, ავტომატური გადაცემათა კოლოფი და უკანა ამძრავი აქვს. გარბენი დაახლოებით 10 ათასი კილომეტრია.

ეს განსაკუთრებით იშვიათი შეთავაზებაა, რადგან დედოფლისთვის აგებული ორი Mulsanne-დან სწორედ ეს არის ის ავტომობილი, რომელიც სამეფო ავტო პარკიდან კერძო საკუთრებაში გადავიდა. მეორე, 2020 წლის Mulsanne კი Bentley-მ საკუთარ ისტორიულ კოლექციაში შეინარჩუნა.