დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ჯუმბერ ბუჩაშვილს შეხვდა.
„მეგობრებო, დღეს შევხვდი ბატონ ჯუმბერ ბუჩაშვილს – დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელს, რომელიც უძღვებოდა სამძებრო სამუშაოებს გურამ დადიანიძის გაუჩინარების დღიდან.
მის მიერ მოწოდებულ მნიშვნელოვან ინფორმაციებს დილით მივაწვდით გამომძიებელს.
მოვითხოვთ ახალი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ყველა ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად!
ყველას მოვუწოდებ თანამშრომლობისკენ!“, – წერს ტარიელ კაკაბაძე.
შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში იმ ტერიტორიის ხელახალი შემოწმება დაიწყო, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა. სოფო ბიბილაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად მეწყერის ვერსია გამოირიცხა.
