3 ნოემბერს, ქუთაისში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რა დროსაც რიონჰესთან ახლოს ხევში გადავარდნის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა, საზოგადოება შეძრა.
გარდაცვლილები 20 წლამდე ახალგაზრდები – მათე ობოლაძე და ბერდია ხაბულიანი არიან.
მათ დღეს ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები საჯაროდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებით ემშვიდობებიან.
მათე ობოლაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს საქართველოს ცხოველთა ფედერაცია.
„ჯერ კიდევ გვიჭირს იმის დაჯერება, რომ ამ სიტყვების დაწერა გვიწევს.
დიდი მწუხარებით ვემშვიდობებით ჩვენს კოლეგას, მათე ობოლაძეს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა.
მძიმეა იმის გააზრება, რომ მათე ჩვენ გვერდით აღარ იქნება. მადლიერი ვართ იმ დროისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ და სითბოთი გავიხსენებთ მათეს, როგორც ჩვენი გუნდის ძვირფას წევრს.
საქართველოს ცხოველთა ფედერაციის მთელი გუნდის სახელით გულით ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ყველას, ვისაც უყვარდა მათე. ვიცით, რომ ასეთი ადამიანი ბევრია.
ძალიან დაგვაკლდები, მათე“, – წერია საქართველოს ცხოველთა ფედერაციის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, ქუთაისში ტრაგედია 3 ნოემბერს დატრიალდა – რიონჰესთან ახლოს ხევში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 2 ადამიანი იმყოფებოდა.
რამდენიმესაათიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შემდეგ, რიონჰესში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მალევე წყალში იპოვეს ავტომობილიც.
