დრეიკმა 40 წლის იუბილე განსაკუთრებული მასშტაბით აღნიშნა. კანადელმა ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავმა ნიუ-იორკში, ექსკლუზიურ სივრცე – Casa Cipriani-ში გრანდიოზული და მდიდრული წვეულება მოაწყო. საღამოს 400-ზე მეტი უახლოესი მეგობარი და ოჯახის წევრი ესწრებოდა, თუმცა მთავარი სიურპრიზი 90-იანების ლეგენდარული ბენდის, Backstreet Boys-ის სცენაზე გამოჩენა გახდა.
ჯგუფმა სტუმრებისთვის პოპულარული ჰიტები იმღერა, მოგვიანებით კი კოლექტივს სცენაზე თავად საიუბილეო საღამოს მთავარი გმირიც შეუერთდა.
აღფრთოვანებულმა რეპერმა ბენდთან ერთად სრული ემოციითა და ქორეოგრაფიით შეასრულა 1999 წლის საკულტო სინგლი – I Want It That Way.
როგორც დრეიკმა აღნიშნა, ეს სიმღერა მისთვის ბავშვობის უმნიშვნელოვანეს მოგონებას უკავშირდება. მისი თქმით, სწორედ ამ მელოდიის ფონზე მიიწვია იგი გოგონამ პირველად საცეკვაოდ მისი ბარ-მიცვას დღესასწაულზე. ბარ-მიცვა ებრაულ ტრადიციაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია, რომელიც აღნიშნავს ბავშვის სულიერ და რელიგიურ სრულწლოვანებას.
შოუს პარალელურად, რეპერმა სტუმრებისთვის ფუფუნების საგნები არ დაიშურა. წვეულების დამსწრეებს საჩუქრად Chanel-ისა და Hermès-ის დიზაინერული ჩანთები დაურიგდათ. გარდა ამისა, საღამოზე მოეწყო სპეციალური თამაში, სადაც ფულადი პრიზები თამაშდებოდა, ხოლო მთავარი მოგება 1 მილიონ დოლარს შეადგენდა. თავად იუბილარმა საჩუქრად წითელი ფერარი მიიღო.
გართობისა და საჩუქრების მიღმა, დრეიკმა სცენიდან ემოციური სიტყვითაც მიმართა დამსწრე საზოგადოებას:
„ეს საღამო არ ეხება ტურნეს, ახალ ალბომს ან კლიპებს, რომლებიც გადავიღეთ. ეს უბრალოდ ეხება იმას, რომ ცოცხლები ვართ და ვაგრძელებთ სიცოცხლეს“.
აღსანიშნავია, რომ იუბილესთან ერთად დრეიკმა კიდევ ერთი ისტორიული კარიერული მიღწევა აღნიშნა. ახლახან ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ (RIAA) მას 30 ახალი სერტიფიკატი მიანიჭა, რითაც რეპერი გახდა პირველი არტისტი მუსიკის ისტორიაში, რომლის გაყიდვებმაც 350 მილიონ სერტიფიცირებულ ერთეულს გადააჭარბა.