LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის პირველი შემთხვევა, რომ ქართველ მომღერალთან კონტრაქტის გასაფორმებლად ჩინეთიდან გვეწვია საპროდიუსერო გუნდი! ნახევარი მსოფლიო ქართველებზეა გადარეული…“ – თათია კობალაძის წარმატება ჩინურ მუსიკალურ კონკურსზე

1880
თათია კობალაძე

ბათუმელი მომღერალი თათია კობალაძე ჩინეთში მიმდინარე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის მონაწილეა.

თათია ყოველ ახალ ეპიზოდში განსაკუთრებული შესრულებებით გამოირჩევა.

ახლახან მან ანრი ჯოხაძის მიერ დაწერილი კომპოზიცია Keep The Faith შეასრულა, საკუთარი ვერსიით და არა მხოლოდ ჟიურის წევრებისა და მაყურებლის, არამედ თავად კომპოზიტორის შექებაც დაიმსახურა. ანრიმ მას დაუწერა – „ბრავო!“., ხოლო თავად მომღერალმა მას მადლობა გადაუხადა, რომ მისი სიმღერის შესრულება ანდო. ეს კომპოზიცია წლების წინ ანრიმ თაკო გაჩეჩილაძისთვის დაწერა, როდესაც ის „ევროვიზიაზე“ მონაწილეობდა.

თათიამ fortuna.ge-ს ბოლოდროინდელი წარმატებების შესახებ უამბო.

თათია, პირველ რიგში, მოგვიყევი, როგორ აღმოჩნდი ჩინეთში საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე?

ჩინეთში აღმოვჩნდი ჩემი სერბი მეგობრის დამსახურებით, რომელმაც დამირეკა და მითხრა, თათია, შენი ვიდეოები ნახa ჩინეთის საპროდიუსერო გუნდმა და მიიღებ მონაწილეობას ძალიან დიდ შოუში ჩინეთშიო? ჩემი პასუხი იყო – რა თქმა უნდა, მინდა!..

რომელი იყო შენი პირველი შესრულება და რა შეფასებები დაიმსახურე ჟიურისგან?

ჩემი პირველი სიმღერა ეკუთვნოდა მაიკო კაჭკაჭიშვილის, ამ სიმღერამ საკმაოდ დიდი და კარგი შეფასება დაიმსახურა. ჩინეთში ყველა ტურზე ამ დრომდე ვარ 3 საუკეთესო მონაწილეს შორის! ფაქტი ფაქტია – ვინარჩუნებთ საუკეთესო ადგილს…

დათო კენჭიაშვილი ამავე მუსიკალური კონკურსის ჟიურის წევრია. როგორ აფასებს შენს გამოსვლებს და როგორ გიჭერს მხარს?

დავითი ძალიან კარგი ადამიანი და მუსიკოსია. მორალურად მხარს მიჭერდა, მაგრამ ოფიციალურად შეფასების უფლება მას არ ჰქონდა… არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, საკუთარი ქვეყნიდან კონკურსანტს მიანიჭოს ქულა.

ახლახან ანრი ჯოხაძის „ევროვიზიისთვის“ დაწერილი სიმღერა შეასრულე და ანრისგან შექება დაიმსახურე…

ანრის სიმღერამ ნამდვილად ფურორი მოახდინა!.. ვცდილობ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ქართველების ნიჭიერებას ხაზი გავუსვა. სულ ვცდილობ, ვიმღერო ქართული, ან ქართველის დაწერილი სიმღერები… რამდენადაც შემიძლია, ძალისხმევას არ ვიშურებ ამისთვის და ნახევარი მსოფლიოც გადაირია ქართველებზე და საქართველოზე!..ძალიან მეამაყება ეს ფაქტი…

როდის სრულდება კონკურსი და რა შედეგებს ელოდები აქ მონაწილეობისგან?

კონკურსის 3 ეპიზოდი დარჩა. დაახლოებით 4 კვირაში დასრულდება. რაც შეეხება შედეგს – ვიმედოვნებ, რომ შევუნარჩუნებ ტოპ 3 ში ჩემს ადგილს!

გვიამბე, რა კონტრაქტი გააფორმე ჩინურ საპროდიუსერო კომპანიასთან?

ეს არის პირველი შემთხვევა, რომ ქართველ მომღერალთან კონტრაქტის გასაფორმებლად ჩინეთიდან გვეწვია საპროდიუსერო გუნდი! უზომოდ ამაყი ვარ, ზუსტად ვიცი, დავითიც ძალიან ამაყობს.ეს კონტრაქტი ჩემს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის, აუცილებლად დაელოდეთ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები