ესპანურმა კომპანიამ Patitas & Co, რომელიც ცხოველების საკვებსა და მათთვის საჭირო პროდუქტებს ყიდის, თანამშრომლებს უფლება მისცა შინაური ცხოველის გარდაცვალების შემთხვევაში სამ დღიანი შვებულება აიღონ. Huffington post-ის ინფორმაციით, მინი შვებულება აუცილებლად ანაზღაურებადი იქნება.
შვებულება მხოლოდ კატებს და ძაღლებს არ ეხება – წესები ვრცელდება ნებისმიერი სახეობის ცხოველზე: ცხენებიდან დაწყებული, ზაზუნებით დამთავრებული.
კომპანიის დამფუძნებლებმა აღნიშნეს, რომ შინაური ცხოველის დაკარგვა მძიმე ემოციური ტრავმაა და შეიძლება ნეგატიურად აისახოს სამუშაოზე. მათი თქმით, არ არის მართებული ცხოველის სახეობაზე დაყრდნობით განსაზღვრო, ვის აქვს დასვენების უფლება – რადგან ტკივილი ყველა შემთხვევაში ძალიან დიდია.
ახალმა ინიციატივამ თანამშრომელთა მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. უფრო მეტიც, მსგავსი პრაქტიკის შემოღებით სხვა ესპანური კომპანიებიც დაინტერესდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა უკვე არსებობს საფრანგეთშიც: მაგალითად, ცხოველთა დაცვის ადგილობრივ საზოგადოებაში, თანამშრომლებს შინაური ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში დამატებითი დასვენების დღე ეძლევათ.