LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირში ავტომობილებმა შესაძლოა სიჩქარის გადაჭარბებისას სვლა ავტომატურად შეანელონ

153
ქირიას NEWS შაბლონი (3)

ევროკავშირში განიხილება ავტომობილების სიჩქარის კონტროლის ტექნოლოგიების გამკაცრების შესაძლებლობა, თუმცა მედიაში გავრცელებული ცნობები, თითქოს 2030 წლიდან მანქანები სიჩქარის ლიმიტის გადაჭარბებისას ავტომატურად შეანელებენ სვლას, ამ ეტაპზე ოფიციალურად არ დასტურდება.

ევროკავშირის მოქმედი რეგულაციით, 2024 წლის ივლისიდან ყველა ახალ ავტომობილსა და მსუბუქ კომერციულ მანქანას სიჩქარის ინტელექტუალური დამხმარე სისტემა (ISA) უნდა ჰქონდეს. ის საგზაო ნიშნებისა და ციფრული რუკების მონაცემების გამოყენებით განსაზღვრავს დაშვებულ სიჩქარეს და მძღოლს მის გადაჭარბებაზე აფრთხილებს. სისტემის მუშაობის კონკრეტული მეთოდი ავტომწარმოებელზეა დამოკიდებული – შესაძლებელია ხმოვანი ან ვიბრაციით გაფრთხილება, ამაჩქარებლის პედალზე წინააღმდეგობის გაზრდა ან სიჩქარის რბილად შემცირება. მძღოლს სისტემის მითითების გადალახვა შეუძლია.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკომისია შესაძლოა უფრო მკაცრ ტექნოლოგიას განიხილავდეს. საუბარი იყო GPS-ის, ციფრული რუკებისა და ავტომობილის კამერების გამოყენებით სიჩქარის ლიმიტის განსაზღვრასა და მის ავტომატურ შეზღუდვაზე. თუმცა, ევროპული საგზაო სამართლის ინსტიტუტის (IETL) ინფორმაციით, ევროკომისიის წარმომადგენელმა უარყო ცნობები სიჩქარის სავალდებულო ავტომატური შეზღუდვის შემოღების გეგმის შესახებ. საჯაროდ ხელმისაწვდომ საკანონმდებლო დოკუმენტებშიც ასეთი სავალდებულო სისტემის დანერგვის წინადადება არ იძებნება.

ამასთან, ევროკავშირში ავტომობილების უსაფრთხოების მოთხოვნები ეტაპობრივად მკაცრდება. 2026 წლის 7 ივლისიდან ახალ მსუბუქ ავტომობილებსა და ფურგონებზე დამატებითი მოთხოვნები ამოქმედდა, მათ შორის ფეხით მოსიარულეებისა და ველოსიპედისტების ამომცნობი გაუმჯობესებული დამუხრუჭების სისტემისა და მძღოლის ყურადღების გაფანტვის გაფრთხილების სისტემის შესახებ.

ევროკავშირის გრძელვადიანი მიზანია, 2050 წლისთვის საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობა ნულთან მაქსიმალურად მიახლოებულ ნიშნულამდე შემცირდეს. ამ მიზნის მისაღწევად ავტომობილების უსაფრთხოების ტექნოლოგიების განვითარება და მძღოლების დამხმარე სისტემების დანერგვა გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები