LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილტვების ანთება ბავშვებში, რა არის ახალი და რა უნდა იცოდნენ მშობლებმა – პროფესორი ნუგზარ უბერი პოდკასტში „სტუმრად ექიმთან“ ანტიბიოტიკების მიცემის ხანგრძლივობის რაციონალიზაციაზე საუბრობს

8514
ნუგზარ-უბერი

ნატა ხარაშვილის პოდკასტს „სტუმრად ექიმთან“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნუგზარ უბერი სტუმრობდა, რომელმაც ბავშვებში ფილტვების ანთებაზე, საყურადღებო სიმპტომებზე, დიაგნოსტიკაზე, ანტიბიოტიკების რაციონალურ გამოყენებაზე, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაუზიარა.

ბატონო ნუგზარ, რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ანთების შესახებ, რა შეიცვალა რეკომენდაციებში და რამდენად სწორად ვაფასებთ ამ დაავადებას?

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ დღეს მშობლებმა განსაკუთრებით ბევრი უნდა იცოდნენ. ადრე ქართულ ოჯახში ბებიებისა და ბაბუების ძალიან სერიოზული ინსტიტუტი მუშაობდა. ეს ახლაც გრძელდება, მაგრამ დისტანციურად, ახალგაზრდა ოჯახი და ბებია-ბაბუა ერთმანეთს დაშორდნენ. ადრე, წინა წლების ტრადიციული რეკომენდაციებით ვხელმძღვანელობდით. მოგეხსენებათ, ყველაფერი ვითარდება, მათ შორის მედიცინაც და ჩნდება ახალი რეკომენდაციები და მიდგომები. ახალგაზრდებმა ბევრი უნდა იცოდნენ იმისთვის, რომ ჯანმრთელი და ბედნიერი შვილები გაზარდონ.

რა საკვირველია, მშობელი ყოველთვის შფოთავს, როდესაც ექიმი ეუბნება, რომ მის შვილს შესაძლოა ფილტვების ანთება ჰქონდეს.

ფილტვების ანთება სხვადასხვა ინფექციით გამოწვეული ფილტვის პარენქიმის ანთებაა. ის შეიძლება გამოიწვიოს ვირუსმა, ბაქტერიამ ან იყოს მიქსტინფექცია – ვირუსისა და ბაქტერიის კომბინაცია. სხვა მიზეზებზე ახლა არ ვსაუბრობთ. ჩვენი საუბრის თემაა საზოგადოებაში განვითარებული, ანუ არაჰოსპიტალური, კლინიკის გარეთ განვითარებული ფილტვების ანთება.

მედიცინამ კარგად იცის ფილტვების ანთების დიაგნოსტიკა და როგორც გაურთულებელი, ისე გართულებული ფორმების მართვა. კარგი შედეგებია მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც. რამდენიმე ათეული წლის წინ ფილტვების ანთების დროს პირველი ასარჩევი წამალი ანტიბიოტიკი იყო. ახლა, რეკომენდაციები გადაიხედა და ახალი რეკომენდაციების მიხედვით, ანტიბიოტიკოთერაპია უფრო რაციონალური გახდა.

ალბათ გახსოვთ ჩემი უმცროსი კოლეგის, ბიძინა კულუმბეგოვის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებული კვლევა, რომელიც ანტიბიოტიკების მიერ კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ნაწლავის ბიოცენოზის დაზიანებას ეხებოდა. მარტივად რომ ვთქვათ, საუბარი იყო მონელებისა და შეწოვის პროცესებზე და იმაზეც, რომ ამ ცვლილებების აღდგენა ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაშიც კი თითქმის ვერ ხერხდება.

საზოგადოების ნაწილი ამ ინფორმაციას სწორად მოეკიდა. ეს იყო კვლევა და ექიმმა საზოგადოებას მისი შედეგები უბრალოდ გაუზიარა. მეორე ნაწილს უფრო აგრესიული დამოკიდებულება ჰქონდა – ზოგი ამბობდა, რომ მის ახლობელს ანტიბიოტიკი დაუგვიანეს, ზოგი კი, პირიქით, ჩიოდა, რომ ანტიბიოტიკებით გაჭყიპეს და კუჭ-ნაწლავი დაუზიანეს. სად არის სიმართლე?!

მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა ფაქტებზე დაფუძნებულ ალგორითმს გვთავაზობს. მის რეკომენდაციებს, პირველ რიგში, ექიმი უნდა იცავდეს, ხოლო პაციენტი – ასრულებდეს. როდესაც ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა ირღვევა, შედეგი შეიძლება, სავალალო იყოს, ან  აღარ იყოს ისეთი, როგორიც ექიმსაც და პაციენტსაც სურს.

მე და ჩემი კოლეგები „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში“ ახალ შეფასებებსა და რეკომენდაციებს განვიხილავთ. 2026 წლის აპრილში ამერიკის პედიატრიის აკადემიამ, ამერიკის ინფექციონისტთა საზოგადოებამ და ბავშვთა ინფექციონისტთა საზოგადოებამ ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნეს. ეს 2011 წლის შემდეგ განახლებული რეკომენდაციებია და ძირითადად გართულებულ, მძიმედ მიმდინარე ფილტვების ანთებას ეხება.

გაურთულებელი, მსუბუქი ფილტვების ანთების მართვა კი შეიძლება კლინიკური შეფასებით და ზოგ შემთხვევაში – ანტიბიოტიკის გარეშეც. ეს არც სრულიად ახალი მიდგომაა და არც ძალიან ძველი. ჯერ უნდა შეფასდეს კლინიკური სიმპტომები და ამის შემდეგ ექიმმა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა ბავშვს სტაციონარში გაგზავნა.

სტაციონარში ტარდება პარაკლინიკური კვლევები – ანალიზები და ვიზუალიზაცია. ვიზუალიზაციაში იგულისხმება რენტგენოლოგიური ან ულტრაბგერითი გამოკვლევა, მაგრამ ეს ტარდება მხოლოდ სტაციონარში.

რაც შეეხება იმას, ინიშნება თუ არა გაურთულებელი, მსუბუქი ფილტვების ანთების დროს ანტიბიოტიკი, ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი კლინიკური რეკომენდაციები აქვს ინგლისის ჯანმრთელობისა და ზრუნვის ეროვნულ ინსტიტუტს. მის 2025 წლის რეკომენდაციებში მკაფიოდ არის გაწერილი, რომ თუ ექიმმა ფილტვების ანთების დიაგნოზი, ნებისმიერი ეტიოლოგიის, დასვა მხოლოდ კლინიკური სიმპტომატიკით,  პაციენტს ამბულატორიულ პირობებში ენიშნება ანტიბიოტიკის სამდღიანი კურსი და მიმდინარეობდეს მონიტორინგი. განმეორებითი შეფასებისას, თუ ბავშვის მდგომარეობა არასტაბილურია, ანტიბიოტიკის მიღება ხუთ დღემდე ხანგრძლივდება ან ხდება დამატებითი კვლევა.

სწორედ აქ ჩნდება შეკითხვა – „აუცილებელია თუ არა სისხლის საერთო ანალიზი და რენტგენი?“

ინგლისელი სპეციალისტები ამბობენ, რომ მხოლოდ კლინიკური სიმპტომატიკის შეფასებით, თუ ექიმი ამბულატორიულ პირობებში დატოვებს პაციენტს, ესე იგი, მძიმე ანთება არ არის.

ადრე მიღებული ხუთ, შვიდ და ზოგჯერ ათდღიანი ანტიბიოტიკოთერაპია ფილტვების ანთების დროს, შეიცვალა და ხუთ დღემდე დავიდა ანტიბიოტიკის დანიშვნის დრო, მაგრამ ეს გახლავთ  გაურთულებელი, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფილტვების ანთების დროს. ამას რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის დროის ოპტიმიზაცია ჰქვია.

ერთ პერიოდი მთელი მსოფლიო ამბობდა: „არ დანიშნოთ ანტიბიოტიკი, არ მიიღოთ ანტიბიოტიკი, მას ბევრი გვერდითი მოვლენა აქვს“, მაგრამ ყოველთვის მკაფიოდ არ ითქმებოდა, როდის უნდა დაგვენიშნა და როდის – არა. ანტიბიოტიკებმა აღმოჩენის შემდეგ ძალიან სერიოზული საქმე გააკეთეს მსოფლიოში, მილიარდობით ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნეს, თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ მათ გვერდითი და ტოქსიკური ეფექტებიც აქვთ. მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მთავარი ფორმულაა: სარგებელი უნდა ჭარბობდეს ზიანს.

ახლა განვიხილოთ რა კლინიკური ნიშნებით, რა ინგლისური რეკომენდაციებით ისმება ფილტვების ანთების დიაგნოზი კლინიკურად.

პირველი სუნთქვის სიხშირეა. ერთ წლამდე ბავშვისთვის წუთში 50 და მეტი სუნთქვა პათოლოგიურად ითვლება; ერთი წლიდან ხუთ წლამდე – 40 და მეტი; ხუთიდან ათ წლამდე – 30 და მეტი. ამიტომ ერთ-ერთი პირველი შესაფასებელი პარამეტრი სუნთქვის სიხშირეა.

მეორეა, უჭირს თუ არა ბავშვს სუნთქვა, მძიმედ სუნთქავს თუ არა, კვნესის თუ არა. ეს ვიზუალურადაც ფასდება: სუნთქვაში დამხმარე კუნთების მონაწილეობა, ცხვირის ნესტოების ბერვა, გულმკერდის ჩაზნექა, ჩასუნთქვისას ნეკნთაშუა არეების „ამოვსება“. ამას რესპირატორულ დისტრესს, ანუ სუნთქვის უკმარისობის ნიშნებს ვუწოდებთ.

მესამე მნიშვნელოვანი ნიშანია სატურაცია – ჟანგბადის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში. ის პულსოქსიმეტრით იზომება. ნორმალურ ბავშვს სატურაცია 95%-ზე მეტი უნდა ჰქონდეს, მაგალითად, 98%. 93–94% მოსაზღვრე ზონა და საყურადღებო ციფრია, 92% და ნაკლები კი უკვე ჰოსპიტალიზაციის ჩვენებაა.

ბევრი მშობელი მეკითხება, ხომ არ იყიდოს პულსოქსიმეტრი. ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, შეიძლება შეიძინოს, მაგრამ ექიმმა უნდა ასწავლოს, როგორ გაზომოს სატურაცია სწორად. თითის მოძრაობამ, სველმა თითმა ან ბავშვის აღგზნებამ შეიძლება ცრუ მაჩვენებელი მოგვცეს. ჩვენ ციფრს კი არ ვმკურნალობთ, ბავშვის მდგომარეობას ვაფასებთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია სითხისა და საკვების მიღების შეუძლებლობა. თუ ბავშვი საკვებს, სითხეს ვერ იღებს, ეს დეჰიდრატაციის, ანუ სითხის დანაკარგის საფრთხეზე მიუთითებს და ცუდი ნიშანია.

უნდა შევაფასოთ, ხომ არ არის ბავშვი უჩვეულოდ ძილიანი, ხომ არ გვიჭირს მისი გაღვიძება, ხომ არ არის მივარდნილი ან მოთენთილი, როგორ პასუხს სცემს შეკითხვებს და ხომ არ აქვს ცნობიერება დარღვეული.

მარტივად რომ ვთქვათ, ბავშვი ავად გამოიყურება თუ არა. შეიძლება ეს ვიღაცას პრიმიტიულ შეფასებად მოეჩვენოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, თუ ბავშვი სწრაფად ან გაძნელებით სუნთქავს, საკვებსა და სითხეს ვერ იღებს, მივარდნილია. ასეთი კლინიკური ნიშნები ექიმს ფილტვების ანთებაზე ეჭვის მიტანის საფუძველს აძლევს.

აუცილებელია თუ არა რენტგენოლოგიური კვლევა ფილტვების ანთების დიაგნოზის დასასმელად და უნდა ახლდეს თუ არა მას სისხლის საერთო ანალიზში კონკრეტული ცვლილებები?

ჩემი პაციენტების მშობლები ამ შეკითხვას ძალიან ხშირად მისვამენ. თუ ბავშვის მდგომარეობა მსუბუქია, კლინიკურად სტაბილურია და ეჭვი ამ ნიშნების მინიმალური გამოვლინებით გვაქვს, პირველ ეტაპზე სისხლის საერთო ანალიზსა და რენტგენოლოგიურ კვლევას ინგლისელი სპეციალისტები არ გვირჩევენ. სხვათა შორის, არც ამერიკელები.

თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია: როგორია ოჯახის დამოკიდებულება და შეასრულებენ თუ არა მშობლები ექიმის რეკომენდაციებს ზუსტად და სწორად. რეკომენდაცია ასე ყალიბდება: თუ რომელიმე ნიშანი მკვეთრად გამოიხატა, სხვა ნიშნების გაუარესებას არ უნდა დაელოდოთ – სწრაფად უნდა დაბრუნდეთ სტაციონარში.

სტაციონარში მოთავსებულ პაციენტს უკვე უტარდება სისხლის საერთო ანალიზი და გულმკერდის რენტგენოგრაფია.

რატომ შეიძლება არ იყოს დასაწყისში სისხლის საერთო ანალიზი საჭირო ან რატომ ვერ გვიპასუხოს მან ზუსტად, არის თუ არა ფილტვების ანთება? იმიტომ, რომ ფილტვების ანთება შეიძლება იყოს ვირუსული, ბაქტერიული ან ორივე გამომწვევით გამოწვეული. თუ ვირუსთან გვაქვს საქმე, ვირუსული ინფექციაც სისხლის საერთო ანალიზში ისეთ შესაბამის ცვლილებებს იძლევა, რომლებიც შეიძლება, ხანდახან, ბაქტერიულმა ინფექციამაც მოგვცეს.

მაღალი ლეიკოციტოზი თავისთავად ფილტვების ანთებას არ ნიშნავს. არც მაღალი ნეიტროფილოზი ნიშნავს ავტომატურად ამ დიაგნოზს. ყველაფერი ერთობლივად უნდა შეფასდეს, ლეიკოციტოზიც, ნეიტროფილოზიც, ტაქიპნოეც, დისპნოეც, სატურაციის მაჩვენებლებიც, არ ჭამა-სმაც და მერე, აუცილებლად რენტგენი.

რენტგენოლოგიური კვლევის შეფასება ასეთი აქვთ ევროპელებს – თუ კლინიკურ სიმპტომები გაურკვეველია, ესე იგი გჭირდება შემდგომი კვლევა და მაშინ, რენტგენოლოგიური კვლევა უნდა ჩატარდეს. ის სიმძიმის შეფასებაშიც გვეხმარება.

ადრე ჩატარებული რენტგენის პასუხი შეიძლება უარყოფითი იყოს, მაგრამ ეს ფილტვების ანთებას არ გამორიცხავდეს.

როგორ უნდა შეფასდეს დადებითი რენტგენოლოგიური პასუხი, თუ ბავშვს შესაბამისი კლინიკური სიმპტომები არ აქვს?

ევროპული და ამერიკული შეფასებით, თუ რენტგენოლოგიურ პასუხს შესაბამისი კლინიკური სიმპტომები არ ახლავს, უნდა განმეორდეს კვლევა ან უნდა გადაფასდეს მდგომარეობა და დაზუსტდეს, რასთან გვაქვს საქმე.

ახალგაზრდა ექიმობის პერიოდიდან მახსოვს შემთხვევები, როდესაც ამბობდნენ, რომ ფილტვების ანთება იმიტომ გართულდა, რომ ბავშვს სიცხე არ ჰქონდა. უსიცხო ფილტვების ანთება შეიძლება არსებობდეს, მაგალითად, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს, როდესაც იმუნური სისტემის მუშაობა შეცვლილია.

ზოგჯერ ამბობდნენ, რომ რენტგენოლოგიურად ანთება არ აღმოჩნდა, მაგრამ არც განმეორებითი რენტგენოლოგიური კვლევა არ გაკეთდა და არც სხვა პროექცია არ დაემატა, რადგან რენტგენოლოგიურად ანთებითი კერა შეიძლება, ვერ აღმოაჩინო, როდესაც კერა პატარაა ან ეს კერა არის დიაფრაგმასთან, დიაფრაგმის უკან, გულის უკან. სწორედ ამიტომ იძლევიან რეკომენდაციას პირდაპირი და გვერდითი პროექციების შეფასებაზე კლინიკურ სიმპტომებთან ერთად.

ევროპულ კლინიკებში დილის კონფერენციაზე რენტგენოლოგიური და კლინიკური სურათი ერთმანეთს ედარება. რენტგენოლოგი და მკურნალი ექიმი ერთად წყვეტენ, რა დიაგნოზთან აქვთ საქმე. ეს უკვე ჰოსპიტალური შეფასების საკითხია.

ასეთ სიტუაციებს „კლინიკურ ხაფანგსაც“ უწოდებენ და ეს ყველა ექიმისთვის ერთნაირად მარტივად დასაძლევი არ არის, ამას სჭირდება მობილიზაცია, გუნდური შეფასება, გუნდური მუშაობა.

რა დროს უნდა მოთავსდეს ბავშვი სტაციონარში და რის საფუძველზე იღებს ექიმი ამ გადაწყვეტილებას?

პირველ რიგში, კლინიკური შეფასების საფუძველზე.

ისევ გავიმეორებ, თუ რა დროს მიჰყავს მშობელს ბავშვი სტაციონარში… თუ ბავშვი ცუდად ან უჩვეულოდ ხშირად სუნთქავს. შესაძლოა, ემოციის გამო მშობელმა სუნთქვის სიხშირე ზუსტად ვერ დათვალოს, მაგრამ შეამჩნიოს, რომ სუნთქვა უჩვეულოდ ხშირი ან მძიმეა.

მნიშვნელოვანია ხველისა და ტემპერატურის შეფასებაც. ფილტვების ანთება შეიძლება მიმდინარეობდეს ნორმალური ტემპერატურით, საშუალო ან მაღალი ცხელებითაც.

თუ ბავშვი უჩვეულოდ სუნთქავს, სუნთქვა უჭირს, მძიმედ სუნთქავს ან კვნესის, თუ არის ტემპერატურა, თუ საკვებს ვერ იღებს, თუ ნეკნთა შუა არეები ამოვსებულია, თუ ცხვირის ნესტოებს ბერავს  – ეს მშობლისთვის „წითელი დროშებია“. ასეთ დროს საჭიროა სტაციონარი ან სასწრაფო დახმარება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ჩვენს ქვეყანაში არსებობს უფასო სამედიცინო მომსახურების შესაძლებლობა ცხელებით, ღებინებით, გულისრევითა და მუცლის ტკივილით მიმდინარე დაავადებების შეფასებისთვის. რეგიონებიდან ჩამოსული პაციენტების ბევრმა ოჯახმა ამ შესაძლებლობის შესახებ არ იცის.

სტაციონარში ტარდება საჭირო კვლევები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სისხლის საერთო ანალიზი მარტო არ ამტკიცებს, რომ ბავშვს ფილტვების ანთება აქვს. გასარკვევია, რა ინფექციასთან გვაქვს საქმე – ვირუსულთან თუ ბაქტერიულთან. სტაციონარში მოთავსებულ ბავშვს უტარდება რენტგენოლოგიური კვლევაც.

ძალიან გავრცელებულია C-რეაქტიული ცილის განსაზღვრაც. ბევრი პაციენტი მოდის, რომელსაც ერთ ხელში სისხლის საერთო ანალიზი უჭირავს, მეორეში კი – C-რეაქტიული ცილის პასუხი. ეს C-რეაქტიული ცილაც მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ბავშვს აქვს ინფექცია და არა იმაზე, რომ მას აქვს ბაქტერიული ინფექცია და მით უმეტეს, ფილტვების ანთება. აღმოჩნდა, რომ ის ბევრი ვირუსული ინფექციის დროსაც მომატებულია.

სხვა საკითხია პროკალციტონინი, რომელიც ბაქტერიულ ინფექციაზე მიუთითებს, მაგრამ ამ კვლევამდე მისვლასაც თავისი საფეხურები აქვს.

ყველაფერი კომპლექსურად უნდა შეფასდეს: კლინიკური სიმპტომები, ხოლო თუ მდგომარეობა მძიმეა ან დამძიმდა – მათთან ერთად სისხლის ანალიზი, C-რეაქტიული ცილა, პროკალციტონინი და გულმკერდის კვლევა. ეს უკვე ჰოსპიტალში ხდება.

იმ შემთხვევაში, თუ ანტიბიოტიკი დაინიშნა, რას ნიშნავს, როცა ანტიბიოტიკის კურსის დასრულების შემდეგ, ბავშვს ხველა უგრძელდება?

ეს ძალიან საინტერესო და პრაქტიკული შეკითხვაა.

ხველაც არ გახლავთ რომელიმე ერთი ისეთი საგანგაშო ნიშანი, განსაკუთრებით, ფილტვების ანთებისა. ალვეოლებში რეცეპტორები სუსტადაა წარმოდგენილი და პნევმონია ხველის გარეშეც შეიძლება მიმდინარეობდეს. ხველას უფრო ბრონქების, ხორხისა და ხახის რეცეპტორების გაღიზიანება იწვევს. რა საკვირველია, ფილტვების ანთების დროსაც არის ხველა, მაგრამ  ფილტვების ანთებისთვის ხველა სპეციფიკური და სენსიტიური ნიშანი არ არის.

თუ ხველა დარჩა და მშობელი ნერვიულობს, ხომ არ ხანგრძლივდება ფილტვების ანთება ან ხომ არ არის საჭირო მკურნალობის შეცვლა?

არა – თუ კლინიკური სიმპტომები მოიხსნა, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, სითხესა და საკვებს კარგად იღებს და ნორმალურად სუნთქავს, მაშინ მშობელს უნდა ვუთხრათ, რომ ეს ხველა შეიძლება, სამი-ოთხი კვირაც გაგრძელდეს და პრობლემური არ იყოს. ის შეიძლება იყოს როგორც მშრალი, ისე პროდუქტიული, ანუ რბილი ხველა.

ასეთია რეკომენდაციები და ამას ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკაც ადასტურებს. არასდროს დამავიწყდება, ახალგაზრდა ექიმი ვიყავი, უცხოეთში, აეროპორტში რომელ ბავშვსაც არ შევხედე,  ყველას ახველებდა და ცხვირიდან გამონადენი ჰქონდა. მე და ჩემი მეგობრები ერთმანეთს ვეკითხებოდით, ამ ბავშვებს პატრონი ჰყავდათ თუ არა.

აქვე მშობლების საყურადღებოდ კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა. გავრცელებულია აზრი, რომ ბავშვმა ექვსჯერ, რვაჯერ ან ათჯერ შეიძლება იავადმყოფოს, თუმცა ხშირად არ ვამბობთ ორ მნიშვნელოვან პირობას, მანამდე ბავშვი პრაქტიკულად ჯანმრთელი უნდა იყოს და ყოველი ასეთი ავადობა ხანმოკლე და მსუბუქი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ინფექცია იყოს ორი-სამი, მაქსიმუმ ხუთდღიანი, სურდოთი, ყელის მსუბუქი ტკივილით ან მცირე ხველით. ბავშვს გუნება-განწყობა არ უნდა ეცვლებოდეს, კარგად უნდა სუნთქავდეს, ჭამდეს, დარბოდეს, ხტოდეს და აქტიური იყოს.

ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირაციული ინფექცია ხშირად თვითლიმიტირებადია, ანუ თავისით გაივლის და მკურნალობა არ სჭირდება.

რატომ საუბრობენ ინგლისელი სპეციალისტები საზოგადოებაში განვითარებული ფილტვების ანთებისას ანტიბიოტიკის სამდღიან კურსზე? თუ გამომწვევი ბაქტერიაა, ანტიბიოტიკი იმოქმედებს, თუ ვირუსია – ინფექცია თავისით გაივლის. სამი დღის შემდეგ დინამიკა ხელახლა ფასდება. თუმცა მანამდე მშობელმა უნდა იცოდეს, თუ მდგომარეობა შეიცვალა და „წითელი დროშა“ გამოჩნდა, უნდა მიმართოს სტაციონარს, გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ან დაუკავშირდეს თავის ექიმს.

მშობლები ხშირად ორ უკიდურესობაში ვართ, ან სწრაფად ვითხოვთ ანტიბიოტიკს ან მისი ძალიან გვეშინია. რას ეტყვით მშობლებს, რომლებიც ამბობენ – „მავნეა ანტიბიოტიკი?“ ასევე, შეიძლება თუ არა მაცივარში შენახული, წინა მკურნალობიდან დარჩენილი ანტიბიოტიკის ხელახლა გამოყენება?

როდესაც ანტიბიოტიკი სწორად, საჭირო ადგილას და საჭირო დროს ინიშნება, განსაკუთრებით ბაქტერიული პნევმონიის შემთხვევაში, ამას კომენტარი არ სჭირდება – ანტიბიოტიკი უნდა დაინიშნოს. რეკომენდაციებიც ამას მიუთითებს, მაგრამ ეს არის უცხო ქვეყნის რეკომენდაციები და მნიშვნელოვანია, რამდენად არის ადაპტირებული ჩვენი სამედიცინო საზოგადოება და მოსახლეობა, რომ რეკომენდაციები სრულად შესრულდეს. სწორედ აქ ვხვდებით პოლიპრაგმაზიასა და არარაციონალურ ანტიბიოტიკოთერაპიას. არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია ჰქვია, როცა ანტიბიოტიკი ინიშნება იქ, სადაც საჭირო არ არის.

მშობელი ხშირად ამბობს: „ექიმო, მოდით, პროფილაქტიკისთვის მივცეთ ანტიბიოტიკი“. ეს არასწორი მიდგომაა, რადგან ანტიბიოტიკი პროფილაქტიკის თვალსაზრისით მთელს მსოფლიოში, არსად არ ინიშნება. ის ვერ გააკეთებს პროფილაქტიკას, რადგან თუ ფილტვების ანთება ვირუსულია,  ანტიბიოტიკი ვირუსზე არ მოქმედებს და ვირუსულ ინფექციას ვერ უმკურნალებს. თუ საქმე ბაქტერიასთან გვაქვს, მაშინ იმოქმედებს, მაგრამ მტკიცებულებებზე დაფუძნებულმა მედიცინამ ანტიბიოტიკოთერაპიის ხანგრძლივობაც შეამცირა – ადრე ხუთი, შვიდი და ზოგჯერ ათი დღე რომ ვაძლევდით მათ, ახლა საუბარია უფრო მოკლე კურსზე, ხუთ დღემდე.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ვსაუბრობ გაურთულებელ, საზოგადოებაში განვითარებულ, მსუბუქ ან მაქსიმუმ საშუალო სიმძიმის ფილტვების ანთებაზე.

თანამედროვე მედიცინის სლოგანია: „ანტიბიოტიკი მხოლოდ საჭირო ადგილას და საჭირო დროს“. არა ისე, რომ პნევმონიის დროს არავის დავუნიშნოთ ანტიბიოტიკი და არც ისე, რომ ყველა პნევმონიის დროს ანტიბიოტიკი დავნიშნოთ.

რაც შეეხება ადრე გამოყენებულ ანტიბიოტიკს, თუ დროის ხანგრძლივობა არის დიდი, მაგალითად, გასულია ორი-სამი თვე, მედიცინას აქვს რეკომენდაცია, რომ ერთი ანტიბიოტიკი შეცვალოს, თუ ეს საჭიროა, მსგავსი ანტიბიოტიკით ან სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკით.

ხშირად მეუბნებიან: „ექიმო, წინა მკურნალობიდან ანტიბიოტიკი მაცივარში დამრჩა და ხომ არ მივცე?“ – ასე მოქცევა არ შეიძლება. ეს ანტიბიოტიკი მაშინ რომ გამოგვადგა, ეს არ ნიშნავს, რომ ახლაც გამოგვადგება. გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმმა უნდა მიიღოს. ანტიბიოტიკის თვითნებურად დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

გვიცავს თუ არა პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა ფილტვების ანთების განვითარებისგან და რამდენ პროცენტში?

როდესაც 2000-იანი წლების დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში ფილტვების ანთების გამომწვევი მიზეზები შეისწავლეს, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი Streptococcus pneumoniae, ანუ პნევმოკოკი აღმოჩნდა.

პნევმოკოკს რამდენიმე ათეული სეროტიპი აქვს – დაახლოებით 25–30. ამერიკელებმა შეისწავლეს, რომელი სეროტიპები იწვევდა იმ პერიოდში ფილტვების ანთებას და შექმნეს შვიდვალენტიანი პნევმოკოკური ვაქცინა.

2000 წელს აცრა დაიწყეს, ხოლო 2010 წელს გადაამოწმეს, პნევმოკოკის რომელი სეროტიპებით იყო გამოწვეული ფილტვების ანთება. აღმოჩნდა, რომ ვაქცინაში შემავალი სეროტიპები უკანა პლანზე გადავიდა, ხოლო წინ წამოვიდა იმ სეროტიპებით გამოწვეული ფილტვების ანთება, რომლებიც ვაქცინაში არ შედიოდა. შემდეგ შვიდვალენტიანის ნაცვლად ათვალენტიანი ვაქცინა შექმნეს და მასში ის სეროტიპები შეიტანეს, რომლებიც დაავადებას იწვევდა.

საქართველოში ახლა ცამეტვალენტიანი პნევმოკოკური ვაქცინით ვცრით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ბავშვები ამ ცამეტი სეროტიპისგან დაცულები არიან, მაგრამ ფილტვების ანთებას სხვა მიკრობებიც იწვევს – Moraxella catarrhalis, Haemophilus influenzae, სტაფილოკოკი და ატიპიური მიკროორგანიზმები.

2013 წელს საქართველომ პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოიტანა და ეროვნული აცრების კალენდრით ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ კალენდარს გაუტოლდა. მაშინ იყო როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაც.

მსგავსი მაგალითი როტავირუსზეც გვაქვს. რა მოხდა მსოფლიოში, როცა როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია წავიდა? როტავირუსმა დაიწია.

როტავირუსი გასტროენტერიტის ერთ-ერთი ხშირი გამომწვევია – ინფექცია ღებინებით, ფაღარათითა და ცხელებით მიმდინარეობს.

როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ მან უკან დაიწია, ხოლო ნოროვირუსმა, რომელიც მანამდე მეორე ადგილზე იყო, წინ წამოიწია. ამერიკელებმა მაშინ დაწერეს, რომ ეს ჰგავს კატა-თაგვობანას თამაშს…

ფაქტი ის არის, რომ პნევმოკოკის საწინააღმდეგო აცრა ძალიან ეფექტურია. რა საკვირველია, პნევმონია მაინც შეიძლება განვითარდეს, მაგრამ თუ ის ამ კოკით იქნება გამოწვეული, იქნება მსუბუქი ან იქნება სხვა გამომწვევებით განპირობებული, მაგრამ ფილტვების ანთების დროს, გამომწვევის დადგენა პრაქტიკული ექიმისათვის შეუძლებელია.

რთულია იმის ზუსტად გამიჯვნაც, ეს მხოლოდ ვირუსული პნევმონიაა თუ მხოლოდ ბაქტერიული, რადგან მიქსტფორმებიც არსებობს. გარკვეულწილად დიფერენცირებაში კლინიკური სურათი გვეხმარება.

პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა აუცილებელია. მშობლებს მივმართავ, უარს ნუ იტყვით ამ და სხვა ვაქცინებზე. ვაქცინაცია მნიშვნელოვანია და ის ნაწილობრივ დაგვიცვას ფილტვების ანთებისაგან.

როგორ უნდა მოვუაროთ ბავშვს ფილტვების ანთების შემდეგ, როგორია თქვენი რეკომენდაციები?

ძალიან ხშირად მეკითხებიან: „ექიმო, რა გავაკეთო? როდის წავიდეს ბავშვი სკოლაში ან ბაღში?“ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას ამაზე რაიმე კონკრეტული რეკომენდაციები არ აქვს.

თუ ბავშვს აღარ ახველებს, ფიზიკურად აქტიურია, კარგად იკვებება, კარგი გუნება-განწყობა აქვს და იმ სტრესიდანაც გამოვიდა, რომელიც საავადმყოფოში ყოფნას ახლდა, ბუნებრივია, შეუძლია ბაღში ან სკოლაში დაბრუნდეს.

თუ ბავშვს თანმხლებად ჰემოგლობინი დაუვარდა, რა საკვირველია, გაჰყვება ანტიანემიური, ანუ ჰემოგლობინის მოსამატებელი საშუალება. თუ ანტიბიოტიკით მკურნალობდა, შეიძლება დასჭირდეს რეკომენდაციები ნაწლავის ბიოცენოზის მოსაწესრიგებლად. თუ მადა დაუქვეითდა, შეიძლება, მადის მომგვრელი საშუალების დანიშვნა განიხილებოდეს, მაგრამ ის, რომ მაინც და მაინც იმუნიტეტის გამაძლიერებელი მივცეთ, ამის რეკომენდაცია ფაქტებზე დაფუძნებულ მედიცინას არ აქვს.

ჩვენი სააფთიაქო ქსელები სავსეა პლაცებოს ეფექტის მქონე პრეპარატებით და ზოგჯერ ექიმი მშობლის მოთხოვნას, რომ – „რამე მივცეთ“, თანხმდება.

ანტიბიოტიკებთან დაკავშირებით კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, არცთუ იშვიათად ექიმი მშობელს ეთანხმება და მშობლის შფოთვას ანტიბიოტიკით მკურნალობს, ეს არასწორია.

თანამედროვე მედიცინა ბავშვის მდგომარეობის კლინიკური შეფასებით ცდილობს არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის შემცირებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.