Ford-ი ავტომფლობელებს ხელოვნური ინტელექტის ახალ ასისტენტს სთავაზობს, რომელიც ავტომობილის ფუნქციებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხებს და პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. სისტემა Ford-ისა და Lincoln-ის მობილურ აპლიკაციებში ინტეგრირდება, რათა მძღოლებს საჭირო ინფორმაციის მოსაძებნად ინსტრუქციის ნახვა აღარ დასჭირდეთ.
ახალი ასისტენტი მფლობელებს კონკრეტული ავტომობილის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებას მისცემს. მაგალითად, მძღოლს შეეძლება იკითხოს, როგორ მუშაობს BlueCruise-ის სისტემა, რომელიც გზატკეცილზე საჭის ხელით მართვის გარეშე გადაადგილებას უზრუნველყოფს, ან რამდენი ბარგი და ავეჯი დაეტევა ავტომობილის საბარგულში.
ასისტენტი მხოლოდ ინსტრუქციის განმარტებით არ შემოიფარგლება. მას შეუძლია ავტომობილის მონაცემების გაანალიზებაც, მათ შორის საბურავებში წნევის, ზეთის მდგომარეობისა და ელექტრომობილის დამუხტვის დონის შემოწმება. გარდა ამისა, სისტემა მძღოლს გაუმართაობის მიზეზის გარკვევასა და მარტივი პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებაში დაეხმარება. ამისთვის ასისტენტი აპლიკაციის საშუალებით ავტომობილის კონკრეტულ მონაცემებს იყენებს და პასუხებს მის მოდელსა და აღჭურვილობას არგებს.
Ford-ის გეგმის თანახმად, ახალი ფუნქცია ეტაპობრივად გავრცელდება Ford-ისა და Lincoln-ის აპლიკაციების მომხმარებლებს შორის. კომპანიის მიზანია, შესაბამისი სერვისით დაახლოებით 8 მილიონმა მომხმარებელმა ისარგებლოს. თავდაპირველად ასისტენტი სმარტფონიდან იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო შემდეგ მისი შესაძლებლობები უშუალოდ ავტომობილის მულტიმედიურ სისტემაშიც ინტეგრირდება.