ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Ford-მა აშშ-ის საპატენტო უწყებაში განაცხადი შეიტანა ტექნოლოგიაზე, რომელიც გაჩერებულ ავტომობილს ქურდობისა და სხვა შესაძლო საფრთხეებისგან დამოუკიდებლად დაცვის საშუალებას მისცემს. სისტემა გარემომცველ ვითარებას დააკვირდება და საეჭვო აქტივობის აღმოჩენის შემთხვევაში ავტომობილის პარამეტრებს შეცვლის ან მას პარკირების ადგილის დამოუკიდებლად შეცვლა შეეძლება.
როგორც გამოცემა Car and Driver წერს, ტექნოლოგიის მუშაობა ავტომობილის სენსორებს, ელექტრონულ სისტემებსა და ავტომატური პარკირების ფუნქციებს დაეყრდნობა. საეჭვო სიტუაციების ამოცნობისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაც განიხილება.
სისტემა, სავარაუდოდ, ყურადღებას მიაქცევს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა ადამიანი, რომელიც ავტომობილის სალონში განმეორებით იყურება, ან მანქანა, რომელიც პარკირების ტერიტორიაზე რამდენჯერმე ჩაივლის. საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში ავტომობილმა შესაძლოა უფრო უსაფრთხო ადგილი შეარჩიოს და იქ დამოუკიდებლად გადავიდეს.

ტექნოლოგია ავტომობილის ცალკეული ნაწილებისა და მასში მოთავსებული ნივთების დასაცავადაც არის გათვალისწინებული. მაგალითად, ბორბლების მოხსნის გასართულებლად მანქანას შეუძლია ვიწრო სივრცეში, ორ კედელს ან სხვა ავტომობილებს შორის გაჩერდეს. კიდევ ერთი ვარიანტია დახრილი ან უსწორმასწორო ზედაპირის შერჩევა, რაც ავტომობილის დომკრატით აწევასა და ბორბლების მოხსნას გაართულებს.
სისტემის სხვა ფუნქციები ავტომობილის ქვედა ნაწილების, ფარებისა და ბარგის დაცვას ითვალისწინებს. პნევმატიკური დაკიდების მქონე ავტომობილს ძარის მაქსიმალურად დაბლა დაწევა შეეძლება, რათა ქურდებისთვის კატალიზატორთან და ქვედა ნაწილში განთავსებულ სხვა კომპონენტებთან წვდომა გართულდეს.

ბარგისა და ავტომობილის უკანა ნაწილების დასაცავად მანქანამ შესაძლოა კედელთან ისე ახლოს გაჩერდეს, რომ საბარგულის ან უკანა კარის გაღება შეუძლებელი გახდეს. ამგვარმა პარკირებამ შესაძლოა ფარებისა და უკანა მაშუქების მოხსნაც გაართულოს.
თუ ავტომობილის სრულად დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლებელი იქნება, სისტემას შეუძლია მძღოლს უფრო უსაფრთხო პარკირების ადგილის ან ავტომობილის განთავსების მიმართულების შერჩევა შესთავაზოს. ამ შემთხვევაში მანქანას თავად მძღოლი გააჩერებს.
ამ ეტაპზე ტექნოლოგია მხოლოდ საპატენტო განაცხადში აღწერილი კონცეფციაა. Ford-ს არ დაუდასტურებია, რომ სისტემის სერიული წარმოება უკვე დაწყებულია და არც ავტომობილებში დანერგვის ვადები გამოუცხადებია.