LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„4 წლის განმავლობაში დედა ციხეში მხოლოდ ერთხელ ვნახე, ჩემს არცერთ მისვლას ფსიქოლოგთან ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია“ – ნინო დარასელი სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

8
vizitori

გადაცემის Live

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ნინო დარასელი, რომელმაც გადაცემაში კარიერაზე და ოჯახზე ისაუბრა.

ნინო, როგორია შენი განწყობა?

კარგი იქნებოდა ასეთი რაღაცეები რომ არ ხდებოდეს, სულ მინდა რომ დავწერო კარგზე, თუმცა, მუდამ ისეთები ხდება, ხან არჩევნებია, თავზე გვენგრევა ხან კორპუსი ხან ქვეყანა. „ფორმულაზე“ მიმყავს გადაცემა „მე-17 სართული“, სადაც კულტურის სიახლეებს ვაშუქებ, თუმცა ისეთები ხდება, რომ ვერ ვახერხებ კულტურაზე საუბარს.

რაც თავი მახსოვს, სულ ჟურნალისტიკაში ხარ, მუდამ გადარბენებზე, არ დაიღალე?

ზოგადად ძალიან აზარტული ადამიანი ვარ, ალბათ „გადაფხიკე და მოიგე“ ჩემთვის მოიგონეს. არასდროს მიფიქრია, რომ დავისვენო. ვერ წარმომიდგენია საქმის გარეშე. ადამიანებს ვუყურებ სხვა კუთხით. კარგად ვერასდროს ვერ ვიგრძნობ თავს, თუ ადამიანს  დავანახებ, რომ რაღაც კეთდება.

რა არის წარმატების საიდუმლო?

წარმატების საიდუმლო არის მუდამ ეძებო სხვაში კარგი. ასევე იუმორი, ყველაფერს შემიძლია შევხედო იუმორით. ზოგადად, მგონი კონფლიქტი სულ  ერთხელ მომივიდა. მეცოდებიან ადამიანები, რომლებიც ცუდ რაღაცებს აკეთებენ. ასეთები უბრალოდ მეცოდებიან, კი ვერ ვბრაზდები. მე გამიმართლა, ტელევიზიაში 22 წლის ასაკიდან ვარ და გამიმართლა, სულ კარგ ხალხში ვხვდები. ერთადერთი აი რამდენიმე წლის წინ, როდესაც ონლაინ ჟურნალი გავაკეთე, შემხვდა ადამიანი, ის იყო ერთადერთი ბიჭი, რომელთანაც ვერაფრით ვამყარებდი კომუნიკაციას. ამდენი ხნის განმავლობაში უამრავ ადამიანთან მიმუშავია, ნინო ჟიჟილაშვილთან, ინგა გრიგოლიასთან, ირაკლი იმნაიშვილთან, ვაკო ავალიანთან, გიორგი ლაფერაშვილთ, დემნა გვასალიასთანაც კი, მაშინ ის უცხოეთის ახალ ამბებს თარგმნიდა.

თუ გენატრება საინფორმაციოს წამყვანობა?

„მოამბე“ იყო ჩემთვის ქრონიკული დაძაბულობა, მეგონა ქვეყანა ინგრეოდა, დიდი მადლობა ამ გამოცდილებისთვის. მაშინ იყო გატაცებები, კრიმინალი, ქვეყანა იყო დაბადების პროცესში. ახლა კი ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი. ვისწავლე დროის კონტროლი, ფორსმაჟორში მუშაობა. ჩემთვის გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.

როგორი უფროსი ხარ?

ზედმეტად თავისუფალი ვარ, ჩემებს ზედმეტ თავისუფლებას ვაძლევ, ვფიქრობ, რომ თუ არ მისცემ თავისუფლებას, მათი სურვილი იკარგება, ასევე შემოქმედებითი მუხტი. კონტროლი არც მე მიყვარს.

მინდა დეიდის განთავისუფლება მოგილოცო, ეს ფაქტი ძალიან მახარებს…

ამას იმდენი ხანი ველოდებოდით, რომ დავაგვიანე მისვლა. ვართ ახლა ბედნიერები, ერთადერთი ბიძაჩემი ვახო რომ ვერ მოესწრო, სრულყოფილად ბედნიერები ვერ ვართ. უცნაურ ცუდი სიზმარივით იყო ეს ყველაფერი. თავიდან მეგონა, რომ ქვეყანაზე სულ კარგი ადამიანები იყვნენ, შემდეგ კი როცა სოციალური ქსელი გაჩნდა, მივხვდი, რომ ზოგიერთი ადამიანი არც ისე კარგია. ამ ყველაფრის შემდეგ ეკრანზე გამოჩენაც არ მინდოდა, ვაკეთებდი გადაცემებს, თუმცა, დავკომპლექსდი, არ მინდოდა გამოჩენა. ათასი კარგი კომენტარი და…  ერთი ცუდი ისე მოქმედებდა სულ, ის ერთი ცუდი წონის ყოველთვის.

ხშირად იწერებოდა, რომ რაც ნინო დარასელის დედა ციხეში იყო, ნინო მის სანახავად არასდროს მისულაო, ეს სიმართლეა?

კი ეს ასე იყო, თავიდან გვეგონა, რომ მალევე გამოუშვებდნენ, შემდეგ კი რომ ვნახე, ისე იმოქმედე დედაჩემის ბადრაგთან ერთად დანახვა, 4 წლის განმავლობაში მას მხოლოდ ტელეფონის საშუალებით ვეკონტაქტებოდი. ამის შემდეგ წავედი ფსიქიატრთან, იქ მძიმე კლინიკის ადამიანები იყვნენ, მან მე კითხვა დამისვა, რა გაწუხებსო, პირი რომ გავაღე, მერე იმდენი ხანი ვტიროდი, რომ სიტყვა ვერ თქვი, პირდაპირ დამინიშნა წამლები და მეორე დღეს დამიბარა. ჩემს არცერთ მისვლას ფსიქოლოგთან ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია. ჩემთვის დაცლა იყო აუცილებელი.

როგორი დედაა ნინო?

ისეთი დედაა, როგორც  უფროსი, ზედმეტ თავისუფლებას ვაძლევ მათ, ჩემი ბიჭი აშკარად ჩემზე დიდია, ჩემს გოგოს კი უამრავი გეგმა აქვს, იმ დღეს მთხოვა „ნასაში“ გამაწევრიანეო, კოსმოსში უნდა გაფრენა და სურს ამაში მე მივიღო მონაწილეობა მე კი თვითმფრინავშიც ვერ ვჯდები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები