LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი ხანია უფასო კლინიკის გახსნა მინდა, ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრს ადამიანს შევხვდი, თუმცა არავინ დამიდგა გვერდით“ – გიორგი ღოღობერიძე სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

2
gogoberidzeshow

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ექიმი, გიორგი ღოღობერიძე, რომელმაც საკუთარ კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. 

აქტიურად 1 წლის წინ, კოვიდ პანდემიის პერიოდში გამოჩნდი, როგორ დაიწყო ყველაფერი?

მედიცინა რიგითი ადამიანისთვის გახდა აქტუალური და ასე ნელ-ნელა ვიქეცი შუამავალი ადამიანებსა და მედიცინას შორის. წინააღმდეგობები ნაკლებად შემხვდა, რადგან ისევე როგორც სხვა ექიმების, ჩემი მიზანიც ის იყო, რომ კოვიდის პერიოდი მსუბუქად გადაგვეტანა. ბავშვობაში ბებოსთან მიმართებაში ძალიან ცუდ მომენტს შევესწარი, მას „მოციმციმე არითმია“ ჰქონდა, ძალიან ბევრი ექიმი ეხვია თავს, განსაკუთრებით მაინტერესებდა ის დანიშნულება, რაც ფურცლებზე ეწერა. იქიდან გადავწყვიტე, რომ ექიმი გავმხდარიყავი. დედაჩემის ამბავმაც ძალიან იმოქმედა ჩემს არჩევანზე. მიუხედავად იმისა, რომ უკვე კარგა ხანია არ ვსწავლობ, დღე არ გავა, რომ სხვადასხვა დარგში მიმდინარე სიახლეებს არ გავეცნო.

ახლა შენს პოპულარობაზე გვესაუბრე..

ეს ტერმინი საშინლად არ მომწონს, ვფიქრობ, რომ ექიმისთვის ძალიან შეუფერებელია, ექიმი-პოპულისტები მუდამ საკუთარ თავზე ფიქრობენ, მე კი არანაირი შემოსავალი არ მიმიღია ამ ყველაფრიდან.

ბევრს წერენ იმაზე, რომ გიორგი მალე კლინიკას გახსნი, სადაც უფასო კონსულტაციების მიღება იქნება შესაძლებელი…

ამ თემას ძალიან დიდ ხანს ვაანონსებ, რომ კლინიკის გახსნა მინდა, ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი, პოლიტიკოსებიდან დაწყებული, ბიზნესმენებით დამთავრებული, თუმცა ბევრი არავინ დამიდგა გვერდით, სამწუხაროდ ეს ოცნება, ოცნებად რჩება, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც გავხსნი კლინიკას, თუნდაც ჩემი სახსრებით, მანამდე კი იმ კლინიკებში, სადაც მე ვიმუშავებ, ჩემი მომსახურება უფასო იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა ისეთი ადამიანები მისმენენ, რომლებიც ჩემნაირად ფიქრობენ.

გიორგი, ძალიან ბევრი მხარდამჭერი გყავს, განსაკუთრებით „პრაიმ შოუს“ შემდეგ, რა მოხდა გადაცემაში?

ჩვენ ექიმებმა არ ვიცით წყენის დიდ ხანს დამახსოვრება, ჩვენ უნდა ვიყოთ ტოლერანტები. კრიტიკა ჩემთვის უფრო მარტივი მისაღებია, ვიდრე ქება. იყო პატარა გაუგებრობა, რომელი უკვე წარსულს ჩაბარდა. სხვათა შორის, არ ველოდი ასეთ მხარდაჭერას. იმ მომენტში მეწყინა, იმიტომ რომ ძალიან ემოციური ვარ. მე ასეთი ადამიანი ვარ, წყენას წყენით არ  ვპასუხობ და გაბრაზებას გაბრაზებით, ყველაზე მარტივია ცხოვრება, როცა წყენას სიკეთით უპასუხო, ჩემი პოზიცია ასეთია.

როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

დეპრესია მაქვს საკმაოდ დიდი ხანია და ამ ყველაფერს უკვე მივეჩვიე, არ მინდა ვიმკურნალო, იმიტომ რომ ეს მე მადგება. ჩემი დღე იწყება დილის 4, 5 საათზე, ესეც დეპრესიის ნიშანია. დრო მაქვს, რომ გადავხედო ყველაფერს, წავიკითხო. ასევე დეპრესიის ერთ-ერთი ნიშანი დაბალი თვითშეფასებაა, ექიმს კი დაბალი თვითშეფასება სჭირდება, იმისთვის, რომ უკეთესი გახდეს. ის არ უნდა იყოს ქედმაღალი.  მახსოვს, ბავშვობაში დედასთან ერთად კლინიკაში რომ მივსულვარ, დიდი რიგების შემდეგ კაბინეტში შევსულვართ და კედლები ექიმის მიღწევების აღმნიშვნელი სიგელებით იყო აჭრელებული, ის კი ჩვენ ზემოდან გვიყურებდა. ამ დროს უმწეობის განცდა გეუფლება. როდესაც კაბინეტი მექნება მხოლოდ სახელი და გვარი მეწერება, კედლები კი თავისუფალი იქნება. რაც განრიგს შეეხება, 8 საათიდან იწყება ჩემი სამუშაო დღე, კლინიკა, ლექციები, გადაცემები და სახლი. შემოდგომაზე პრაქტიკული სამუშაოები დამეწყება და მზად ვარ ყველა მივიღო.

როგორია შენი პირადი ცხოვრება?

გიორგი ღოღობერიძეს პირადი ცხოვრება არ აქვს, ვერ ექნება, როდესაც დილით 4 საათზე დგება, ღამის 2 საათზე მოდის, – რთულია ასეთ ადამიანთან ცხოვრება. ჩემი პირადი გართობა არის მოგზაურობა, მუდამ ვცდილობ, რომ ამისთვის დრო დავიტოვო, ბუნებაში სეირნობა. ახლის აღმოჩენა, ძალიან კარგია. მიყვარს მუსიკა, აი მაგალითად Coldplay-ს ვუსმენ დიდი სიამოვნებით.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები