LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთხელ მეც შევხვდები ახალ წელს გოზინაყით პირში, ამ ერთ წელსაც ვაპატიებ კორონას“ – სალომე ბაკურაძე სტუმრად „ვიზიტორში“

7
34

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი სალომე ბაკურაძე, რომელმაც თვითიზოლაციის პერიოდზე ისაუბრა, საზოგადოებას სამომავლო გეგმები გაანდო და გაიხსენა დღე, როდესაც მეუღლე გაიცნო.

სალომე, როგორია შენი განწყობა?

გასულ წლებში ბევრად უფრო ამაღლებული განწყობა მქონდა ხოლმე, მაგრამ თქვენთან სტუმრად რომ ვარ, ესეც კარგ განწყობას მიქმნის. ვარ ახლის მოლოდინში, როგორც იქნა, ეს ყველასათვის რთული წელიწადი მიბრძანდება, ვცდილობ კარგი განწყობის შექმნას.

შენთვის, როგორც მომღერლისთვის და ხელოვანისთვის, როგორ გადაიარა პანდემიის პერიოდმა?

კარგია, რომ უკვე წარსულში ვსაუბრობთ, თუმცა ახლაც გავდივართ იმ ურთულეს პერიოდს, ყველას შეეხო ეს სიტუაცია. ძალიან რთულია, როდესაც შემოსავალს კარგავ, როდესაც სრულიად უიმედოა მომავალი, ეს ზოგად მდგომარეობაზეცაა დამოკდებული. რთულია, როდესაც შენი საყვარელი საქმე გაკლია, ეს უდიდესი სულიერი საზრდოა. ერთ დღესაც  ფუნქცია დაკარგულები აღმოვჩნდით, თუმცა სახლში, სადარბაზოში, აბაზანაში, სადაც აკუსტიკა კარგია, ისეთი რაღაცეები მოვსინჯე, რაც მიკროფონთან არასრდოს მომისინჯავს. ვმღერი იმას, რისი სიმღერაც მუდამ მინდოდა, ამის დრო გამომიჩნდა. რაც ყველამ აკეთა, ის ვაკეთე მეც ამ პერიოდში, კერძები ვაკეთე, შემდეგ სახლში ვარჯიშიც დავიწყე. თავიდან მეგონა, რომ ეს ყველაფერი სწრაფად მოგვარდებოდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. რა თქმა უნდა გული მტკივა, მაგრამ ამაზე დარდს აზრი არა აქვს. ჩემი ფიქრი, ყურადღება, საზრუნავი სხვა რაღაცეებზე გადავანაწილე, ჩემს შვილს ძალიან უხაროდა, ყოველ დილით იღვიძებდა შეკითხვით, კორონა დამთავრდაო, ეგონა რომ ბაღში უნდა წასულიყო. მეტი დრო გამომიჩნდა  დედაჩემისთვისაც. მგონია, რომ ეს ყველაზე ცუდი და რთული პერიდი რაღაც კარგს დაგვიტოვებს. რა მაქვს საწუწუნო, მეც და ბიონსეც სახლში ვზივართ და ერთნაირი ცხოვრებით ვცხოვრობთ, ერთნაირი ტკივილი გვაწუხებს.

შენ გადაიტანე კოვიდი, იმ ადამიანებს ვისაც არ გადაგვიტანია ის, რას გვირჩევ?

მე ზუსტად ვიცი, სად დავინფიცირდი, ზუსტად ვიცი, რა სიტუაციაში, როგორც კი ყურადღება მოვადუნე და ორი ადამიანით ზედმეტი ვნახე, აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში, ასე რომ მართლა მუშაობს ეს ყველაფერი, პირბადე მუშაობს, ასე რომ ყველა რეგულაცია დაიცავით. ვნერვიულობდი, ოჯახის წევრებს არ გადავდო მეთქი, თუმცა როდესაც უარყოფითი პასუხები მოვდა ეს იყო პირველი გამარჯვება. ვუყურებდი ფილმებს,  ვკითხულობდი წიგნებს, ოღონდ ყველაფერზე ვტიროდი, ყოველ დღე ჩამოტირებით ვიყავი, მერე გემო და ყნოსვაც დავკარგე და ვიჯექი უმიზნოდ. მეგობრები მაკითხავდენ, ეზოში წერტილებივით ჩანდნენ, ხან შუშხუნებით, ხან სიმღერებით. მე და ნათია დუმბაძემ ერთად გადავიტანეთ კოვიდი და პრაქტიკულად 24 საათიან ონლიან რეჟიმში ვიყავით, ვადარებდით სიმპტომებს, რადგან ერთი და იგივე ადამიანისგან გადაგვედო. ნათიას სიმპტომები ჩემ სიმტომებს ერთი დღით ასწრებდა. ეს ყველაფერი მართლაც სახალისოდ მახსენდება. ნოდიკოც ყოველ დღიურად მამხნევედბდა.

სალომე გვიამბე ეს ისტორია, როგორ გაიცანი შენი მომავალი მეუღლე?

ზოგადად ეს პერიოდი ჩემთვის განსაკუთრებულია, ზუსტად 9 წლის წინ, ამ დღეს მე ჩემს მეუღლეს შევხვდი. წინასაახალწლო კონცერტი იყო ქობულეთში, მეგობარმა გაგვაცნო ერთმანეთს. მისი მანქანით წავედით ქობულეთში. მე მეგონა, რომ ის  მძღოლი იყო, არ ვიცოდი რომ თემოს მეგობარი იყო, როგორც მძღოლი ისე გავიცანი. ქიმია იმ დღესვე იყო, უცებ აღმოვჩნდით ფეისბუკ მეგობრები, დავახლოვდით, უცებ გავუგეთ ერთმანეთს და აქედან დაიწყო ყველაფერი. თავიდან ვმეგობრობდით, კი იყო პრანჭია მეგობრობა. პირველი ნაბიჯი ლაშამ გადმოდგა. აქტიურობდა სულ და მეც ავყევი ამ აქტიურობაში.

რა არის შენი საახალწლო ტრადიცია?

ტრადიცია ის იყო, რომ მოედანზე კონცერტის მსვლელობისას ვხვდებოდი ხოლმე ახალ წელს, და წელს ასე აღარ იქნება.  ძალიან უჩვეულო განცდა მაქვს, ერთხელ მეც შევხვდები ახალ წელს გოზინაყით პირში. ამ ერთ წელსაც ვაპატიებ კორონას.

შემოქმედებით მხარეზეც გვესაუბე

მალე საზოგადოება ჩემს უსაყვარლეს სიმღერაზე, უსაყვარელს ვიდეო რგოლს ნახავს. მას უკვე დიდი ხანია ველოდები და იმედი მაქვს, რომ მსმენელი და მაყურებელი მას მალე შეაფასებს.

რას უსურვებ საზოგადოებას?

ზოგადად ვფიქრობ, რომ ერთობა ძალიან გვაკლია და მინდა, 2021 წელს ყველანი ვიყოთ კარგად, სამწუხაროა, რომ სხვისი უბედურება უფრო გვახარებს, ვიდრე სხვისი ბედნიერება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები