LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფოტოებს რომ ვუყურებ, ჭრელი „ლუი ვიტონის“ ბოტასები და ქამრები… ღმერთო ჩემო, ნუთუ ეს ყველაფერი მე მეცვა…“- ნიკა ცქიტიშვილი სტუმრად „ვიზიტორში“

13
cqitishilivizitori

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია  კალათბურთელი ნიკა ცქიტიშვილი, რომელმაც საკუთარ კარიერასა და ცხოვრებაზე ისაუბრა.

როგორ გახდი ასეთი წარმატებული?

ეს დაიწყო 14 წლის ასაკში, ალბათ აღმომაჩნდა მონაცემები. ჩემი განვითარება საოცრად სწრაფად ხდებოდა, დაუჯერებელი იყო ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც. კალათბურთზე არაფერი ვიცოდი, უბრალოდ მაღალი ვიყავი. უკვე 2.5 წელიწადში კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობდი. შემდეგ წავედი სლოვენიაში, იტალიაში. 18-19 წლის ასაკში NBA-ში დავიწყე თამაში. ჩემი ცხოვრება ნამდვილი მოგზაურობა იყო. მე კალათბურთზე გასართობად მივედი და მწვრთნელმა კი თქვა, რომ ეს ბავშვი „ენბიეისთვისააო“.

როგორ გიწყობდა ხელს ოჯახი? 

მამა 2 წლის ვიყავი რომ გარდამეცვალა და სამწუხაროდ ამ ყველაფერს ვერ მოესწრო. დედაჩემი კი მუდამ გვერდში მედგა, ჩემი წარმატებები დედაჩემის დამსახურებაა. მე ვიცოდი რა იყო მეუღლის გარეშე ცხოვრება და სამი შვილის აღზრდა. სულ მინდოდა გამემარტივებინა მისთვის ცხოვრება.

გაიხსნე შენი ამერიკაში ცხოვრების წლები..

ბევრ რამეს ვნანობ, ჩემნაირი მოთამაშე იქ უფრო მეტ ხანს უნდა ყოფილიყო. სპორტსმენად 24-25 წლის ასაკში ყალიბდება ადამიანი, მე კი 19 წლის ვიყავი. მსოფლიო მოთამაშეებიდან სულ რაღაც 400 სპორტსმენი თუ მოხვედრილა NBA-ში, მე კი ნუცუბიძეზე გაზრდილი ბიჭი მად ვთამაშობდი. ბავშვობაში „დარბაზის ვირთხას“ მეძახდნენ, დილიდან საღამომდე ვვარჯიშობდი.

გრძნობდი თუ არა შენი კოლეგებისგან შურს?

სპორტში ეს არის, რა თქმა უნდა ეს იგრძნობოდა და დღემდე იგრძნობა. სპორტში წინსვლაც სწორედ ასე ხდება, შენ სხვას უნდა აჯობო. არიან ადამიანები, რომლებიც წარმატების მერე მიდიან და არიან ისეთები, რომლებიც შენთან რჩებიან.

თუ დაგახვია წარმატებამ თავბრუ?

დიახ, დამახვია თავბრუ, ისეთ ასაკში, როგორშიც მე ვიყავი მითუმეტეს, ამბიციები გაჩნდა. ამას ვერ ვაკონტროლებდი.

რა შეგრძნებაა, როცა ლეგენდებთან გიწევს თამაში?

არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, ისინი არიან ადამიანები, რომლებზეც ბავშვობაში ოცნებობ და გსურს, ასეთი იყო. მახსოვს ჩემი პირველი თამაში მაიკლ ჯორდანთან, ძალიან ვნერვიულობდი და როცა მწვრთნელმა დამიძახა, რომ გავსულიყავი და მეთამაშა, სკამიდან ადგომა არ მინდოდა.

როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება, როდესაც საქართველოში ჩამოხვედი? 

ძალიან მენატრებოდა აქაურობა, მეგობრები სულ მეუბნებოდნენ, იყავი სადაც ხარ, აქ რა უნდა გააკეთოო, არ ჩამოხვიდეო. ფაქტობრივად 22 წელი ვიყავი საქართველოდან წასული. ახლა კი ჩემი ქვეყნის სიყვარული ავივსე და უკვე დავფიქრდი, მე ჯერ ახალგაზრდა ვარ 38 წლის, მინდა რომ კიდევ რაიმე გავაკეთო, მე ვიცი რა შემიძლია.

მოგვიყევი ოჯახზე, სად ატარებ თავისუფალ დროს? 

დასავლეთში მაქვს სოფელი. სულ მიყვარდა აქეთ იქეთ სიარული. კახეთში მიყვარს სიარული. გარკვეულ საქმიანობასაც ვეწევი. ახლა ბევრი თავისუფალი დრო მაქვს. ჩემი მეუღლე, სოფო ძალიან კარად გაუძღვა ყველაფერს. 17 წლის იყო როცა ცოლად მოვიყვანე და არაჩვეულებრივად შეძლო ყველაფერი. ჩვენ იდეალურად გვესმის ერთმანეთის, ერთად გავიზარდეთ. სოფომ ბევრი რამ გადამალახინა და ასევე ჩემმა შვილებმა, ლიზი 10 წლისაა, ელენე 8 წლის და მიშო 3 წლის. გოგო საოცარი შეგრძნებაა, ვარჯიშიდან რომ მოვდივარ ხოლმე თავს მევლებიან აბა მამიკო მასაჟი ხომ არ გინდაო. გოგოს მამის ცხოვრებაში დიდი როლი აქვს. მიშო ვფიქრობ კალათბურთელი იქნება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბავშვია.

თუ გამოგდის სამზარეულოში ფუსფუსი?

კი სხვათა შორის, ვაკეთებ პასტას, თუმცა სოფო არ მაცდის ხოლმე და ტაფას ხელიდან მართმევს.

თუ გაქვს ოცნება?

ოცნება მუდამ უნდა გქონდეს ადამიანს. ჩემი ოცნება ისევ ჩემსავე სფეროს უკავშირდება. ბევრი საქმე არის, თუმცა აი შევალ დარბაზში, მოვკიდებ ბურთს ხელს და ასჯერ უფრო მეტად ვივსები, ვიდრე ვიდრე სხვა საქმიანობით. ეს ისაა, რაც მე მთელი ცხოვრება ვაკეთე.

ნიკა და ბრენდები…

აღარ,  ადრე დიდ ყურადღებას ვაქცევდი და ბევრ ფულსაც ვხარჯავდი, თუმცა ახლა ფოტოებს რომ ვუყურებ, ჭრელი „ლუი ვიტონის“ ბოტასები და ქამრები… ღმერთო ჩემო, ნუთუ ეს ყველაფერი მე მეცვა მეთქი ვფიქრობ. ჩემთვის პირველ რიგში არის კომფორტი, მაისური იქნება თუ ბოტასი, რატომღაც ბრენდი რომ მაცვია, არ ვიცი რატომ, თავს უხერხულად გრძნობ. არ უნდა ყვიროდეს.

როგორია ნიკას ერთი ჩვეულებრივი დღე?

ვიღვიძებ ადრე, მყავს 4 ძაღლი,  ორი მეცხვარე, ერთი ქუჩის ძაღლი, რომელიც შევისახლეთ და ერთი არის ფრანგული ბულდოგი. პატარა მოედანი მაქვს და ვასეირნებ ხოლმე, შემდეგ ბავშვები მიმყავს სკოლაში, მიშო ბაღში, შემდეგ ვეხმარები ჩემს ყოფილ აღმზრდელს , ვაჟა კვარაცხელიას, ჰყავს ბავშვები, ვავარჯიშებ მათ. ეს ვარჯიში თამაშში გადადის ხოლმე. მაქვს ეზოიანი სახლი, და მიყვარს ბაღის მოვლა ამაში მებაღეები მეხმარებიან. ძალიან მიყვარს ბალახის შეჭრა. ყვავილების მოვლა. დავრგე ხეხილი, ვწურავ ყურძენს და ვაკეთებ ღვინოს. იმდენად სასწაული ხაშმის საფერავი გამომივიდა შეიძლება გამოვუშვა კიდეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები