LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იქ მოვხვდი როგორც დაუმუშავებელი ალმასი, საქართველოში კი დავბრუნდი ბრილიანტი“ – გურამ ბაღდოშვილი პორტუგალიური „ყიყლიყოს“ რეცეპტს გვიზიარებს

21
page
„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია შეფ-მზარეული, გურამ ბაღდოშვილი, რომელმაც თავისი საქმიანობის საწყისები გაგვიზიარა და საზოგადოებას საოცრად გემრიელი დესერტის რეცეპტიც გაანდო. 

ბევრი შეცდომა გაქვს დაშვებული ცხოვრების განმავლობაში?

უამრავი, როგორც ყველა ცოცხალ ორგანიზმს, ყველა ადამიანს, ჩვენ ხომ გვგონია, რომ შეუცვლელები ვართ, რომ ჩვენზე უკეთესი არავინაა, მთავარი ისაა, რომ ამ შეცდომებზე ვისწავლოთ. არც ბოდიშის მოხდის არ უნდა მოგვერიდოს. ბოდიში აუცილებელია და ის გულწრფელი უნდა იყოს და გაცნობიერებული.

როდიდან დაიწყო შენი პროფესიული კარიერა?

კარიერა 13 წლიდან, თუმცა ჩემი დამოუკიდებლობის  პირველი სიმპტომები გაცილებით ადრე. ზოგადად, ალბათ ყველა ოჯახში, საქართველოში საჭმლის გემრიელად მომზადება გარკვეული რიტუალია. სტუმართ-მასპინძლობა ჩვენი გენეტიკაა. ბევრი დედმამიშვილი მყავს, ყველა კარად ამზადებს, თუმცა, მეუბნებიან ხოლმე, რომ მე ჩვენი მშობლების საუკეთესო თვისებები წავართვი. ძმები და დები ეჭვიანობენ ხოლმე ჩემზე.

90-იან წლებში შენ წახვედი რუსეთში, გვესაუბრე ამის შესახებ,

საქართველოში ძალიან  გაჭირვებული პერიოდი იყო, მე და დედაჩემს გვიწევდა ხოლმე წასვლა სტავროპოლში, პროდუქტების შესაძენად და მძიმე ჩანთების თრევა, რათა საჭმელი გვქონოდა. შემდეგ მე გავყიდე ჩემი მაგნიტოფონი, ვიყიდე ბილეთი და წავედი რუსეთში. იყო სადარბაზოებში ღამის თენება, -25 გრადუსში ქუჩის სკამებზე ძილი, შემდეგ იყო პირველი კაფე და პირველი რესტორანი და ასე დაიწყო ყველაფერი. ამ პერიოდმა ძალიან ბევრი რამ მომცა. ერთადერთი ადამიანი, ვინც დამეხმარა იყო ბიძაჩემი, სიმონ ნასყიდაშვილი, რომელმაც უბრალოდ კარი გამიღო და შემიშვა ამ პროფესიაში.

პორტუგალიაზეც გვესაუბრე,

დედაჩემი იყო ნახევრად პოლონელი და ნახევრად უკრაინელი, დედულეთს პორტუგალიას ვეძახი, იმიტომ რომ ჩემი მეორე სამშობლო გახდა. წლები ვიყავი იქ და 2016 ში ჩამოვედი საბოლოოდ საქართველოში. პორტუგალიამ მე გამომთალა, იქ მოვხვდი როგორც დაუმუშავებელი ალმასი, საქართველოში კი დავბრუნდი ბრილიანტი. ძალიან სასიამოვნოა, როცა მხვდებიან ადამიანები და მეუბნებიან, გურამ აი შენ შენსას მიაღწიეო.

როგორი იყო შენთვის პანდემიის პერიოდი?

ფერმერობას მივყავი ხელი, ვიყიდე საქონელი. „გოგონებს“ „სფაის გირლზი“ დავარქვი. მე ძალიან მიყვარს მიწასთან კონტაქტი, აი იცით როგორი ტიპი ვარ? – „მიწიდან მაგიდამდე“, მიყვარს გლეხის შრომის დაფასება. არასდროს ვევაჭრები ხოლმე მათ.

შენ გითქვამს, რომ მე რომ ოჯახი მქონოდა, ახლა ის ყველაფერი არ მექნებოდა, რაც მაქვსო,

დიახ, ოჯახს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება, ზოგს ჰგონია, რომ მოიყვანს ქალს და მას მოსამსახურესავით მოექცევა, ის მრეცხავი იქნება, მისი ბავშვების გამზრდელი, ეს ასე არ არის. ჯერჯერობით ვერ ვდგამ ამ ნაბიჯს. ვფიქრობ, რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ, ჯან-ღონით აღსავსე და ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი.

რაიმე რეცეპტი შემოგვთავაზე,

შობა-ახალი წლისთვის შევქმენი დესერტი, ეს არის ტრადიციული პორტუგალიური „ყიყლიყო“, რომელიც გავაკეთილშობილე. თეთრი, ფუმფულა პური ამოავლეთ კვერცხის გულში კარგად, რომ გაიჟღინთოს, შემდეგ  ის შეწვით, შაქარი და დარიჩინის ფხვნილი აურიეთ ერთმანეთში. გაჭერით ბანანი, შეწვით და ის ჩადეთ შემწვარ პურებში. ამ ყველაფერს შეგიძლიათ დაახეხოთ ფორთოხლის ცედრა,  შაქრის სიროფიც შეგვიძლია დაასხათ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები