LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიუხედავად ასეთი დიდი ტკივილისა და ტრაგედიისა, მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო ეს ადამიანი“ – მარინა კახიანი სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

7
kaxiani

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, მარინა კახიანი, რომელმაც კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. 

მოდით ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, როგორ ბავშვობა გქონდათ?

ძალიან დიდი ხანია რადიოში სტუმარი არ ვყოფილვარ, მე ის თაობა ვარ, რომელიც რადიოში ზღაპრებს ელოდა ხოლმე. ძალიან მიყვარდა ეს დრო. ბავშვობა არაჩვეულებრივი მქონდა, ძალიან საინტერესო ოჯახში დავიბადე, ჩემი მშობლები ხელოვანები იყვნენ, მამაჩემი დირიჟორი და კომპოზიტორი იყო, დედაჩემი კონსერვატორია დამთავრებული მომღერალი გახლდათ, მან თავისი პროფესია საბოლოოდ ოჯახს შესწირა. ბავშვობიდან შემოქმედებითი ცხოვრებით ვცხოვრობდი, ბალერინობა მინდოდა. ვახტანგ ჭაბუკიანი იყო ჩემი პედაგოგი და ამბობდნენ, რომ მე კარგი მომავალი მქონდა. პატარა ასაკში „ჟიზელის“ პარტიები ვიცეკვე. მედეგ, უცებ, ტვინში რაღაც გადამეკეტა და გამოვაცხადე, რომ მინდოდა დრამატული თეატრი. ჯიუტი გოგონა ვიყავი და მინდოდა ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ ჩემი ცხოვრების მმართველი თავად მე ვიყავი. 17 წლის ასაკში ცხოვრების შეცვლა მომინდა და შევცვალე კიდეც. მოვხვდი „რუსთაველი თეატრში“, საოცარი სასცენო პარტნიორები მყავდა.

ამდენი როლის შემდეგ, უცბად გაჩერდა ეს ყველაფერი,

დიახ, კინო გაჩერდა, თეატრი არა. კინოსთან ურთიერთობა პირველ კურსზე დავიწყე, ძალიან მორიდებით, შიშით. ზოგადად, ვთვლი, რომ თეატრში რაღაც შევქმენი, თუმცა კინოში არაფერი შემიქმნია. როდესაც მივხვდი, თუ როგორ უნდა მეთამაშა კინოში, სამწუხაროდ კინო საქართველოში 20-25 წლით მოკვდა. ჩვენი თაობა აღმოჩნდა კინოს გარეშე. თუმცა, მერე ნელ-ნელა დაიწყო სვლა და განვითარება, თუმცა მე უკვე იგივე როლს ვეღარ ვითამაშებდი. თუმცა იყო ბევრი როლიც, „სახლი ძველ უბანში“, „გოგონა გარეუბნიდან“, „მტვრის გემო“, „ცხელი ძაღლი“

ყოფილა თუ არა შემთხვევა, რომ როლი შენ ნაცვლად სხვისთვის მიუციათ?

კი, რა თქმა უნდა ყოფილა, მომხდარა პირიქითაც. პირველი შემთხვევა ძალიან მტკივნეული იყო, ეს არავისთვის მომიყოლია, ეს მოხდა 90-იან წლებში. თეატრშიც ხდება ხოლმე, როდესაც შიდა ამბები გამოაქვთ, მითხრეს, რომ მთავარ როლზე მე ვიყავი დამტკიცებული. მეორე დღეს მივედი და გამოკრული იყო განაწილება, წავიკითხე და არც მთავარ როლში ვიყავი და არც მეორე როლზე, საერთოდ არ ვიყავი. არაფერი შევიმჩნიე, შევედი ოთახში, დიდი ხანი ვიდექი და ვტიროდი, შემდეგ გამოვედი, მაკიაჟი გავიკეთე და ღიმილიანი სახით ჩამოვედი ფოიეში.

თქვენი სიყვარულის ისტორიის შესახებ ყველა საუბრობდა,

ბევრს არ ვისაუბრებ, მაგრამ ერთს ვიტყვი, ძალიან ადრე წავიდა ადამიანი, მართლაც ვაჟკაცი, იუმორით სავსე, განათლებული, ასეთი მამაკაცი იშვიათია. მიუხედავად ასეთი დიდი ტკივილისა, ტრაგედიისა, მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო ეს ადამიანი და ეს 12 წელი ვიყავი ძალიან ბედნიერი.

რომელ მსახიობთან ან რეჟისორთან იმუშავებდი?

პედრო ალმადოვარის ნამუშევრები მომწონს ძალიან, ასევე რიდლი სკოტი, ტარანტინოსთანაც ვითანამშრომლებდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები