LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პანდემიის დროს  შინაგანად გავახალგაზრდავდი“, – ანა ტყებუჩავა სტუმრად „ვიზიტორში“

7
anatyebuchavavizitori

გადაცემის ლაივი LIVE

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, ანა ტყებუჩავა, რომელმაც კარიერასა და პანდემიის პერიოდში გატარებულ დროზე ისაუბრა.

მახსოვს, ზუსტად 8 წლის წინ, ამავე რიცხვში ვიყავი შენი სტუმარი და ვამბობდი, რომ დაოჯახებას ვაპირებდი, თუმცა, საქმროს ვინაობას არაფრით ვამხელდი. ახლა მინდა ჩემი მეუღლე მოვიკითხო, – ლევან, მიყვარხარ, 8 წლის შემდეგ უფრო მეტად. მე ახლა უკვე ორი გოგოს დედა ვარ.

უკვე ამდენი წელია, ამდენი სეზონია, სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი ხარ, რა არის შენთვის სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“?

სერიალი არის ჩემთვის ჩვეულებრივი ცხოვრების სტილი, რომელსაც მოერგო მთელი ჩემი ოჯახი. შორიდან რომ შეხედო, არ არის ნორმალური, როცა ყოველი დღის ბოლოს,  9 საათზე მოგდის მომდევნო დღის გეგმა, ამას ჩვეულებრივი ფსიქიკის მქონე ადამიანი ვერ გაუძლებს.

როგორ ეგუებიან მეუღლე და შვილები შენს  ცხოვრების სტილს?

რაღაც დათმობებზე წასვლა გიწევს ორ ადამიანს, როდესაც ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ, ჩვენც ვცდილობთ, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ. ის რეჟისორია და ისიც, რა და როგორ ხდება, ისიც საკმაოდ დაკავებულია. ლევანი ბევრ რამეში დამხმარებია, მოუცია ბიძგი და საჭირო რჩევები. მახსოვს, ერთად რომ გვიმუშავია, გვითქვამს, რომ ძალიან კარგად გამოგვდის. რაც ბავშვებს შეეხება, ძალიან კარგი ბებოები ჰყავთ, რომლებიც მეხმარებიან, ამისთვის მადლიერი ვარ. ჩემი დედამთილი ძალიან საინტერესო პიროვნებაა, მასთან ურთიერთობა და მისი რჩევების მოსმენა ძალიან მიყვარს. ყოფილა სიტუაცია, რომ ჩემს შვილებს უეჭვიანიათ სერიალის რამდენიმე კადრზე, როდესაც სხვას ვეხუტებოდი. იცით, ბავშვისთვის არ არის მთავარო მხოლოდ  კერძების კეთება და განათლების მიცემა, დედობა ამ ყველაფერზე  გაცილებით მეტია. ჩემი ოჯახი არ ჰგავს ნინას ოჯახს, რა თქმა უნდა, სადაც ბავშვები არიან, არის გარკვეული ქაოსიც, თუმცა არა ნინას ოჯახის მსგავსი.

როგორია ოჯახში ანა ტყებუჩავა?

მზრუნველი ვარ, ადრე მსურდა ყველაფერი თავად მეკეთებინა,  ბავშვობიდან მიყვარს რაღაცეების კეთება, დედაჩემიც კარგი მზარეულია და მასწავლიდა სხვადასხვა კერძების მომზადებას, თუმცა, ახლა თითქოს ეს ყველაფერი მომბეზრდა.

გენატრება თეატრი?

ძალიან მენატრება და იმედია აუცილებლად გამოჩნდება რაღაც, მგონია, რომ დამრჩა უნარი, თეატრში რაღაც კიდევ გავაკეთო. ზოგადად, არ მიყვარს 10 საქმის ერთად კეთება, სერიალი როცა დაიწყო, ვერ მოვახერხე სხვა საქმის შეთავსება. იყო რაღაც შემოთავაზებები, თუმცა, არასასურველ დროს.

როგორ გაატარე პანდემიის პერიოდი?

მიყვარს განმარტოვება, ადრე მივდიოდი ხოლმე გურიაში და მარტო ვატარებდი დროს, ვკითხულობდი უამრავ წიგნს. ახლაც, პანდემიის დროს, გამოვიძინე, ვნახე ძალიან ბევრი ფილმი, სერიალი, წავიკითხე წიგნები, ძალიან ბევრი დრო მქონდა. მგონია, რომ პანდემიის დროს  შინაგანად გავახალგაზრდავდი. იყო რა თქმა უნდა მომენტები, როცა გამიჭირდა გარკვეული შეზღუდვები, თუმცა, საერთო ჯამში კარგი იყო, ძალიან დიდი ფუფუნებაა სამი თვით ჯახთან ერთად დროის გატარება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები