პირველი ქართული ინტერნეტ ბრაუზერი „სთექი“ ავსტრიულ-ამერიკულმა სტარტაპ აქსელერატორმა – 360Lab, საკმაოდ რთული და ხანგრძლივი შერჩევის პროცესის შემდეგ, 936 სტარტაპს შორის ხუთეულში შეარჩია. 360Lab ევროპის 5 საუკეთესო სტარტაპ აქსელერატორში შედის.

„სთექის“ პროგრამაში გამარჯვება 3-ეტაპიან აქსელერაციას და ჯამში 1 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციას გულისხმობს, საიდანაც 100 000 ევროს ინვესტირება კომპანიაში, მცირე წილის სანაცვლოდ, უკვე განხორციელდა. დარჩენილი 900 000 ევრო კი სტარტაპის მიერ აქსელერაციის პროგრამის მეორე ფაზის განმავლობაში, შესაბამისი შედეგის მიღწევის შემდეგ გამოიყოფა:

ფაზა I – 4-თვიანი აქსელერაცია გრაცში, ავსტრია – აქსელერაციის ფარგლებში მოხდება ბიზნესმოდელის ვალიდაცია და პროდუქტის ბაზართან თავსებადობის, ე.წ. Product-Market Fit-ის უზრუნველყოფა.

ფაზა II – ვენჩურული საინვესტიციო რაუნდი – 360Lab უზრუნველყოფს დემო დღის ჩატარებას პირველი ფაზის დასრულების შემდეგ და ორგანიზებას უწევს 4-თვიან რაუნდს, რომლის ფარგლებშიც „სთექის“ მიზანს 2.5 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების მოძიება წარმოადგენს. აღნიშნული თანხიდან 900,000 ევროს 360Lab ჩადებს კომპანიაში.

ფაზა III – სწრაფი ზრდა სილიკონის დაბლობზე – რაუნდის წარმატებით დახურვის შემდეგ, 360Lab კომპანიისთვის უფასო სამუშაო სივრცეს გამოყოფს საკუთარ ოფისში კალიფორნიაში, სადაც 4 თვის განმავლობაში „სთექის“ გუნდი მათი დახმარებით სწრაფ ზრდაზე იმუშავებს.

ავსტრიისა და ჰოლანდიის შემდეგ, კომპანია საქართველოშიც ხსნის ოფისს და ეძებს უფროს Front-end Developer-ებს, სრულ განაკვეთზე სამუშაოდ, ანაზღაურებით 5,200-დან 6,500 ლარამდე! მოთხოვნების, პირობების და სხვა დეტალების ნახვა, ასევე აპლიკაციის შევსება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://getstack.app/join-us

ცნობისთვის, „სთექი“ ქართული წარმოშობის საერთაშორისო სტარტაპია, რომელიც ინტერნეტ ბრაუზერის პირველ ქართულ ალტერნატივას ქმნის. კომპანიამ მუშაობა ერთი წლის წინ ნოემბერში დაიწყო და უკვე 2000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს ამერიკიდან, იაპონიიდან და ევროპიდან. სტარტაპმა პირველი დაფინანსების მიღების შემდეგ, მომხმარებლების უკუკავშირის მიხედვით პროდუქტის დახვეწა დაიწყო. ასევე, კომპანია სწრაფი განვითარების უზრუნველსაყოფად, დამატებითი ფულადი რესურსების მოძიებაზე მუდმივად მუშაობს.

მსგავსი თემები