ბრიტანული ,,X ფაქტორი” დასრულდა. შოუს მე-15 სეზონის გამარჯვებული, ლუი ტომლინსონის ბიჭების კატეგორიიდან, იამაიკელი შემსრულებელი, დალტონ ჰარისი გახდა. საინტერესოა, რომ მუსიკალური კონკურსის მენტორის სკამი One Direction-ის ყოფილმა წევრმა წელს პირველად,  ვარსკვლავურ წყვილთან, რობი უილიამსთან და აიდა ფილდთან ერთად დაიკავა.

დაძაბული ფინალის მიუხედავად, პროექტის დასკვნითი ეპიზოდი შთამბეჭდავი და ემოციური აღმოჩნდა უილიამსის თაყვანისმცემლებისთვის. 44 წლის ვარსკვლავმა მაყურებელი რამდენიმე პერფორმანსით მონუსხა, თუმცა მთავარი სიურპრიზი ინგლისელმა მუსიკოსმა კულმინაციური ნაწილისთვის შემოინახა.

თავდაპირველად, ლეგენდარული მომღერალი სცენაზე კონკურსანტებთან ერთად წარდგა და სიმღერები: Angels, Rock DJ და Freedom შეასრულა.

ოდნავ მოგვიანებით, ყველასთვის მოულოდნელად ასპარეზზე თეთრ სმოკინგებში გამოწყობილი Take That-ის ამჟამინდელი წევრები, გერი ბარლოუ, ჰოვარდ დონალდი და მარკ ოუენი გამოჩნდნენ და სიმღერის Shine შესრულება დაიწყეს. უემბლის სტადიონზე ტრიოს გამოჩენამ ხალხის აღტაცება გამოიწვია. მელომანები ბიჭებს ფეხზე წამომდგარი, მქუხარე აპლოდისმენტებით ამხნევებდნენ და მათთან ერთად ცეკვავდნენ.

მსმენელისთვის კიდევ უფრო განსაკუთრებული აღმოჩნდა წარმოდგენის ის ნაწილი, როცა 30 წლიანი ისტორიის მქონე ჯგუფს, აცრემლებული კოლექტივის ექს-წევრი შეუერთდა და 1994 წლის ჰიტის Everything Changes შესრულება დაიწყო. რობიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მუსიკალური კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები სწორედ Take That-ს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ Take That 1990 წელს, მანჩესტერში ჩამოყალიბდა. რობი უილიამსი ბენდში დაარსებიდან 1995 წლამდე, შემდეგ კი 2009 წლიდან 2012 წლამდე მღეროდა.

ტეგები: Take That რობი უილიამსი
კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები