LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შონ პენის საუკეთესო როლები – რჩეული ფილმები

5447
FORTUNA. GE (2)

ორი ოსკარის მფლობელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი შონ პენი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა მსოფლიო კინოში და სრულიად სამართლიანად ითვლება თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად. მრავალმხრივი ნიჭის საშუალებით შონმა არაერთი საინტერესო და სახასიათო როლი მოირგო და ბუნებრივია, ყველა მათგანზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ მაინც შეგვიძლია გავიხსენოთ ვარსკვლავის საუკეთესო პერფორმანსები.

,,შევარდენი და თოვლის კაცი” / The Falcon and the Snowman (1985)

ჯონ შლეზინგერის თრილერში, რომელიც რეალურ ისტორიას ეფუძნება, პენი კოკაინის დილერის, ენდრიუ დოლტონ ლის როლს ასრულებს. ლი გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტის შვილთან, ქრისტოფერ ბოიზთან ერთად საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ ჯაშუშობს და რუსული სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებზე ამერიკულ საიდუმლო მასალებს ყიდის. ფილმის  მოქმედება ცივი ომის დროს ვითარდება.

,,კარლიტოს გზა” / Carlito’s Way (1993)

ბრაიან დე პალმას კრიმინალურ დრამაში პენს პარტნიორობას ალ პაჩინო უწევს, თავად შონი კი გრიმის გამო ისეა შეცვლილი, რომ მისი ცნობა ნამდვილად გაგიჭირდებათ.ალ პაჩინოს გმირი კარლიტო ბრიგანტე პუერტო-რიკოელი კრიმინალია, რომელსაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის საბოლოოდ გაწყვეტა და ნორმალური ცხოვრება სურს. თუმცა თავისი ადვოკატის და მეგობრის, დეივ კლაინფელდის (შონ პენი) გამო ახალ დანაშაულში აღმოჩნდება ჩათრეული. კლაინფელდის როლისათვის შონ პენმა “ოქროს გლობუსის” ნომინაცია დაიმსახურა.

,,მიცვალებული მოდის” / Dead Man Walking (1995)

ტიმ რობინსის კრიმინალური დრამა სიკვდილმისჯილი პატიმრის, მეთიუ პონსელეტის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც ლუიზიანას შტატის ერთ-ერთ ციხეში ელოდება განაჩენის აღსრულებას. პონსელეტს სასივდილო განაჩენი ორი მოზარდის განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლისათვის გამოუტანეს. თუმცა მას შეწყალების მიღება სურს და დახმარებისათვის მონაზონს, და ჰელენს (სიუზენ სარანდონი) მიმართავს, რომელთანაც მიმოწერა აქვს. მეთიუ და ჰელენს არწმუნებს, რომ უდანაშაულოა და სინამდვილეში მოზარდები მისმა თანამზრახველმა, კარლ ვიტელომ დახოცა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს… და ჰელენის როლისათვის სიუზენ სარანდონმა “ოსკარი” მიპოვა, შონ პენს კი “ოსკარის” ნომინაცია ერგო წილად.

“ტკბილი და საძაგელი” / Sweet and Lowdown (1999)

ჯაზ-გიტარისტის, ემეტ რეის როლმა შონ პენს “ოსკარზე” კიდევ ერთი ნომინაცია მოუტანა. ვუდი ალენის დრამედიაში პენი მთავარ, ემეტ რეის როლს ასრულებს. რეი წარმატებული და ამბიციური მუსიკოსია, თუმცა პირადი ცხოვრების აწყობას ვერ ახერხებს. ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, რაც ემეტი ყრუ-მუნჯ მრეცხავ გოგონას, ჰეტის შეხვდება… აღსანიშნავია, რომ რეის როლმა შონ პენს არა მხოლოდ “ოსკარის”, არამედ “ოქროს გლობუსის” ნომინაციაც მოუტანა.

,,მე სემი ვარ” / I Am Sam (2001)

“ოსკარის” კიდევ ერთი ნომინაცია მსახიობმა ჯესი ნელსონის დრამედიაში “მე სემი ვარ” შესრულებული მთავარი როლისათვის მიიღო. პენს ფილმში პარტნიორობას დაკოტა ფენინგი და მიშელ პფაიფერი უწევენ. სემ დოუსონი შეზღუდული ინტელექტის მქონე მარტოხელა მამაა, რომელიც თავის გოგონასთან, ლუსისთან (დაკოტა ფენინგი) ერთად ცხოვრობს. სემს შვილზე ზრუნვაში მეგობრები ეხმარებიან, თუმცა ლუსის ზრდასთან ერთად სულ უფრო ცხადი ხდება, რომ მალე იგი მამას ინტელექტუალური შესაძლებლობებით გადაასწრებს. სემი შვილზე მეურვეობის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. იგი დასამხარებლად ადვოკატს, რიტა ჰარისონს ( მიშელ პფაიფერი) მიმართავს…

,,მისტიკური მდინარე” / Mystic River (2003)

კლინტ ისტვუდის ნეო-ნუარის ჟანრის შედევრი შონ პენის კარიერის მწვერვალად თუ არა, მწვერვალის საწყის წერტილად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ფილმი “ოსკარის” ექვს ნომინაციაზე იყო ნომინირებული და უკვე აღიარებულ ვარსკვლავს ნანატრი ოქროს ქანდაკებაც მოუტანა. შონ პენი ჯიმი მარკუმის როლისათვის “ოქროს გლობუსითაც” დაჯილდოვდა. ფილმი ბავშვობის მეგობრების: ჯიმი მარკუმის (შონ პენი), შონ დევინის (კევინ ბეიკონი) და დეივ ბოილის (ტიმ რობინსი) შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც გახმაურებული დანაშაულით აღმოჩნდებიან დაკავშირებულნი, ოღონდ განსხვავებული როლებით. ჯიმი მოკლული გოგონას მამაა, დეივი ეჭვმიტანილი, დეტექტივი შონი კი ამ დანაშაულს იძიებს…

,,21 გრამი” / 21 Grams ( 2003)

2003 წლის კიდევ ერთი აღიარებული ფილმი შონ პენის მონაწილეობით ალეხანდრო გონსალეს ინარიტუმ გადაიღო. “21გრამი” მათემატიკოსი პროფესორის, პოლ რივერსის და ყოფილი ნარკომანების, ჯეკ ჯორდანის და კრისტინა პეკის შესახებ მოგვითხრობს. ისინი ერთმანეთს არ იცნობენ, თუმცა ერთი საბედისწერო შემთხვევა მათ სამუდამოდ დააკავშირებს…ფილმში პენს პარტნიორობას ბენისიო დელ ტორო და ნაომი უოტსი უწევენ.

,,ჰარვი მილკი” / Milk (2008)

მეორე “ოსკარი” შონ პენს სწორედ გას ვან სენტის ბიოპიკში შესრულებულმა ჰარვი მილკის როლმა მოუტანა. ჰარვი მილკი ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველი და პირველი ღიად გეი პოლიტიკოსი იყო, რომელიც კალიფორნიის შტატში საჯარო თანამდებობაზე აირჩიეს. ფილმში პენს პარტნიორობას ჯოშ ბროლინი და ჯეიმს ფრანკო უწევენ. “ოსკარის” გარდა, საერთო ჯამში შონ პენმა ჰარვი მილკის როლისათვის 15 სხვადასხვა ჯილდო და 10 ნომინაცია მიიღო, მათ შორის ნომინაციები “ბაფტასა” და “ოქროს გლობუსზე”…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები