მიუხედავად იმისა, რომ გასულმა წელმა დაღი კინოინდიუსტრიასაც დაასვა, “ოქროს გლობუსმა” და მსახიობთა გილდიამ უკვე გამოაქვეყნეს იმ ნომინაციების სია, რომლებში გამარჯვებულებსაც დააჯილდოებენ. “ბაფტამ” უკვე გაასაჯაროვა თავისი ლონგლისტი, ხოლო “ოსკარზე” ხმის მიცემამდე ერთი თვე დარჩა. ასე რომ, ძირითადი კონტურები უკვე სახეზეა და თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ ფავორიტი ფილმების შესახებ, რომელთა წარმატებასაც უნდა ველოდოთ. მაშ ასე: წარმოგიდგენთ 2021 წლის “ოსკარის” მთავარ პრეტენდენტებს…

“მომთაბარეთა მიწა” / Nomadland

რის შესახებაა? – შუახნის წალბატონი, სახელად ფერნი, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს, ჯერ მეუღლეს კარგავს, შემდეგ სამსახურს. ფერნი გადაწყვეტს ამერიკის დასავლეთს მიაშუროს და ფურგონში მცხოვრებ მომთაბარედ იქცეს…

ვინ მონაწილეობს? – ფრენსის მაკდორმანდი, დევიდ სტრეტეირნი

რა შანსები აქვს ოსკარზე? – ფილმმა ზედიზედ გაიმარჯვა ვენეციისა და ტორონტოს ფესტივალებზე, კრიტიკოსებისაგან კი დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ასე რომ, ორგზის ოსკაროსანი ფრენსის მაკდორმანდი, საინტერესო სცენარი და შემდგარი რეჟისურა არა მხოლოდ ფილმს აძლევს “ოსკარის” მოგების შანსს, არამედ რეჟისორ ქლოი ჟაოსაც ექნება რეალური შესაძლებლობა – გახდეს მეექვსე ქალი, რომელიც საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში იქნება წარდგენილი და მეორე, რომელიც გაიმარჯვებს. აკადემიის ისტორიაში ერთადერთი ქალი, რომელმაც საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში გაიმარჯვა კეტრინ ბიგელოუა 2008 წლის ფილმით “ქარიშხლის მბრძანებელი”.

პრემიერა: ფილმის პრემიერა კინოთაეტრებში აპრილში შედგება.

“ჩიკაგოური შვიდეულის სასამართლო” / The Trial of the Chicago 7

რის შესახებაა? – ფილმი მოგვითხრობს ადამიანების ჯგუფის შესახებ, რომლებიც ვიეტნამის ომის საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ. შვიდეული გაასამართლეს მას შემდეგ, რაცსაპროტესტო აქციის ფორმა მშვიდობიანი პროტესტის საზღვრებს გასცდადა ძალადობაში გადაიზარდა.

ვინ მონაწილეობს? – საშა ბარონ კოენი, ედი რედმეინი, მარკ რილენსი

რა შანსები აქვს ოსკარზე? – ექსპერტებისაგან ფილმმა ცალსახად დადებითი  შეფასებები დაიმსახურა. ისინი “ოსკარზე”  ნომინაციას უწინასწარმეტყველებენ საშა ბარონ კოენს და ფილმის რეჟისორს, აარონ სორკინსაც, რომელიც შესაზლოა მოხვდეს როგორც საუკეთესო რეჟისურის, ასევე სცენარის კატეგორიაში.

პრემიერა: ამ დროისათვის ფილმის ნახვა უკვე შესაძლებელია “ნეტფლიქსზე”.

“5 სისხლი” / Da 5 Bloods

რის შესახებაა? – სპაიკ ლის ფილმი მოგვითხობს ვიეტნამის ომის ვეტერანებზე, რომლებიც  გარდაცვლილი მეთაურის სხეულის მოსაძებნად ბრუნდებიან იმ ადგილას, სადაც ის გარდაიცვალა. ჯგუფი პოულობს სხვა მნიშვნელოვან ნივთსაც, რისი დატოვებაც იქ მაშინ მოუწიათ…

ვინ მონაწილეობს? – დელროი ლონდო, ჯონათან მეიჯორსი, კლარკ პეტერსი, ჩედვიკ ბოუსმენი, ნორმ ლუისი.

რა შანსები აქვს ოსკარზე? – კრიტიკოსები ფილმს წლის ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევენ. მატი დიდი ნაწილი გაოცებული დარჩა, როდესაც “ოქროს გლობუსის” ნომინანტთა სიაში დელროი ლინდოს სახელი ვერ აღმოაჩინა. საუკეთესო სურათის გარდა, ფილმი “ოსკარზე” ალბათ საუკეთესო რეჟისურის და მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციაშიც იბრძოლებს.

პრემიერა: ამ დროისათვის ფილმის ნახვა უკვე შესაძლებელია “ნეტფლიქსზე”.

“მინარი” / Minari

რის შესახებაა? – კორეული ოჯახი საცხოვრებლად არკანზასის შტატში გადადის და საკუთარი ფერმის ამუშავებას ცდილობს…

ვინ მონაწილეობს? – სტივენ იუნი, იუნ იუ ჯანგი, ალან კიმი.

რა შანსები აქვს ოსკარზე? – ნომინაციის მიღების შემთხვევაში “მინარი” გასული წლის ტრიუმფატორი ფილმის, “პარაზიტის” შემდეგ ზედიზედ მეორე კორეული ფილმი იქნება, რომელსაც აკადემია დააფასებს. განსაკუთრებულ წარმატებას ქასტიდან კრიტიკოსენი იუნ იუ ჯანგს უწინასწარმეტყველებენ, რომელიც ფილმში ოჯახის ბებიის როლს ასრულებს. სტივენ იუნმა შესაძლოა დაიმსახუროს ნომინაცია საუკეთესო მთავარი როლისათვის. ფილმის წარმატება მოულოდნელი არც რეჟისურის კატეგორიაში იქნება.

პრემიერა: ფილმი კინოთეატრებში მარტში გამოვა.

“მა რეინი: ბლუზის დედა”  / Ma Rainey’s Black Bottom

რის შესახებაა? – ფილმის მოქმედება 1927 წელს ვითარდება.ის  მოგვითხრობს წარმატებული ბლუზ-მომღერლის, მისი ბენდის და ამბიციური მუსიკოსის შესახებ, რომელიც საყვირზე უკრავს.

ვინ მონაწილეობს? – ვიოლა დევისი, ჩედვიკ ბოუსმენი, კოლმან დომინგო, გლინ თურმანი.

რა შანსები აქვს ოსკარზე? –  კრიტიკოსები ფილმს წარმატებას “ოსკარის” ძირითად ნომინაციებში უწინასწარმეტყველებენ, მათ შორის ქალისა და მამაკაცის მთავარი როლების ნომინაციებში. ვიოლა დევისი ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა, ისევე როგორც ჩედვიკ ბოუსმენი, რომელიც შესაძლოა პიტერ ფინჩის შემდეგ გახდეს მეორე მსახიობი, რომლემაც ოქროს ქანდაკება მთავარი როლის შესრულებისათვის გარდაცვალების მერე მიიღო. (ჰიტ ლეჯერმა ასევე გარდაცვალების შემდეგ გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ფილმისათვის “ბნელი რაინდი” (2009)).

პრემიერა: ამ დროისათვის ფილმის ნახვა უკვე შესაძლებელია “ნეტფლიქსზე”.

“მეტალის ხმა” / Sound of Metal

რის შესახებაა? – მუსიკოსი, რომელიც დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს, სმენას კარგავს. ეს გავლენას არა მხოლოდ მის, არამედ მისი გარშემომყოფების ცხოვრებაზეც ახდენს…

ვინ მონაწილეობს? – რიზ აჰმედი, ოლივია კუკი, პოლ რეისი

რა შანსები აქვს ოსკარზე? – რიზ აჰმედი ამ ფილმში შესრულებული როლისათვის უკვე იყო ნომინირებული “ოქროს გლობუსსა” და “გილდიის” ჯილდოზე, შესაბამისად, დიდი ალბათობით, იგი “ოსკარის” შორთლისტშიც მოხვდება. კრიტიკოსთა აზრით, ნომინაცია შეიძლება ფილმმაც მიიღოს, ისევე როგორც რეჟისორმა დარიუს მარდერმა.

პრემიერა: ფილმი კინოთეატრებში მარტში გამოვა.

“ერთი ღამე მაიამიში”  / One Night in Miami

რის შესახებაა? – ფილმი მოგვითხრობს ერთი ღამის შესახებ, როდესაც მაიამის სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ერთმანეთს მუჰამედ ალი, მალკოლმ იქსი, მუსიკოსი სემ კუკი და “ენ ეიჩ ელის” ვარსკვლავი ჯიმ ბრაუნი შეხვდნენ…

ვინ მონაწილეობს? – კინგსლი ბენ ადირი, ელი გორიი, ელდის ჰოდჯი, ლესლი ოდომ ჯუნიორი.

რა შანსები აქვს ოსკარზე? – რეგინა კინგის შანსები, შეუერთდეს “ოსკარზე” ნომინირებულ არც ისე მრავალრიცხოვან ქალ-რეჟისორთა ჯგუფს, საკმაოდ მაღალია. მსახიობებიდან ყველაზე დიდ წარმატებას კრიტიკოსები ლესლი ოდომ ჯუნიორს უწინასწარმეტყველებენ, რომელიც ფილმში სემ კუკის როლს ასრულებს. “ერთი ღამე მაიამიში” შესაძლოა საუკეთესო ფილმის ნომინაციაშიც ვიხილოთ.

პრემიერა: ამ დროისათვის ფილმის ნახვა უკვე შესაძლებელია “ამაზონ პრაიმზე”.

“იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი” / Promising Young Woman

რის შესახებაა? – ახალგაზრდა ქალი გააკეთებს ყველაფერს, რათა შური იძიოს თავისი მეგობრის გამო, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლი გახდა.

ვინ მონაწილეობს? – კერი მულიგანი, ბო ბარნჰემი, ლევერნ კოქსი, ჯენიფერ ქულიჯი

რა შანსები აქვს ოსკარზე? – კერი მულიგანის შესანიშნავი პერფორმანსი კინოკრიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ იგი “ოსკარზე” ნომინაციას მიიღებს ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის. ფილმის რეჟისორი ემერალდ ფენერი შესაძლოა იყოს კიდევერთი ქალი, რომელიც საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში იქნება წარდგენილი, ასე რომ ამ მხრივ 2021 წელი შესაძლოა რეკორდული გამოდგეს.

პრემიერა: ფილმი კინოთეატრებში მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე იქნება წარმოდგენილი, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

“მენკი” / Mank

რის შესახებაა? – ფილმი სცენარისტი ჰერმან ჯეი მანკევიჩის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც სიუჟეტის განვითარების დროს “მოქალაქე კეინის” სცენარზე მუშაობს…

ვინ მონაწილეობს? – გარი ოლდანი, ამანდა სეიფრიდი, ლილი კოლინზი, ჩარლზ დენსი, ტომ ბარკი.

რა შანსები აქვს ოსკარზე? – ფილმი იმის შესახებ,თუ როგორ იქმნებოდა ერთ-ერთი კინოშედევრი, ნამდვილად ვერ დარჩება კინოაკადემიის ყურადღების მიღმა. შესაბამისად, საუკეთესო ფილმის და საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაცია გარი ოლდმანისთვის სავსებით მოსალოდნელია. თუმცა მოულოდნელი არც ის იქნება, თუ საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალი მსახიობის ნომინაციაში ამანდა სეიფრიდს წარადგენენ, რომელიც “მენკიში” მარიონ დევისის როლს ასრულებს.

პრემიერა: ამ დროისათვის ფილმის ნახვა უკვე შესაძლებელია “ნეტფლიქსზე”.

ქალის ნამსხვრევები” / Pieces of a Woman

რის შესახებაა? – ახალგაზრდა წყვილი ცდილობს გაუმკლავდეს უდიდეს განსაცდელს, ახალშობილი შვილის გარდაცვალებას…

ვინ მონაწილეობს? – ვანესა კირბი, შია ლაბაფი, ელენ ბარსტინი, მოლი პარკერი.

რა შანსები აქვს ოსკარზე? – ფილმმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა კრიტიკოსებისაგან. განსაკუთრებით კირბის პერფორმანსი უნდა არვნიშნოთ, რომელმაც ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობისათვის განკუთვნილი პრიზი დაიმსახურა. ასერომ, მისი ხილვა “ოსკარის” შორთლისტში ნამდვილად არ იქნება გასაკვირი.

პრემიერა: ამ დროისათვის ფილმის ნახვა უკვე შესაძლებელია “ნეტფლიქსზე”.

“სული” / Soul

რის შესახებაა? – მუსიკის მასწავლებელი, რომელსაც ტოპ ჯაზ კლუბში იწვევენ, ოცნების ასრულებასთან ძალიან ახლოსაა. თუმცა უბედური შემთხვევის წყალობით, იგი სულების სამყაროში ხვდება…

ვინ მონაწილეობს? – ჯეიმი ფოქსი, ტინა ფეი, ანჯელა ბასეტი, გრეჰემ ნორტონი

რა შანსები აქვს ოსკარზე? – “სულს” კრიტიკოსების დიდი ნაწილი წლის საუკეთესო ანიმაციას უწოდებს და ბუნებრივია, “პიქსარის” ახალი ნამუშევარი არა მხოლოდ ნომინაციის, არამედ ოქროს ქანდაკების მიღების რეალური კანდიდატიცაა.

პრემიერა: ამ დროისათვის ანიმაციური ფილმის ნახვა უკვე შესაძლებელია “დისნეი +”-ზე.

“იუდა და შავი მესია” / Judas and the Black Messiah

რის შესახებაა? – ფილმი მოგვითხრობს”შავი პანტერების” და მათი ლიდერის, ფრედ ჰემპტონის შესახებ, ასევე “ეფ ბი აის” მცდელობაზე, ორგანიზაციაში შეაღწიოს…

ვინ მონაწილეობს? – ლეკით სტენფილდი, დანიელ კალუია, ჯესი პლემონსი, დომინიკ ფიშბეკი.

რა შანსები აქვს ოსკარზე? – იმის გათვალისწინებით, რომ ფილმმა მთავარი ნომინაციების მიღება ვერც “ოქროს გლობუსზე” და ვერც “გილდიის დაჯილდოებაზე” ვერ მოახერხა, წლის კინოსურათის ნომინაციაში მისი წარდგენა ნაკლებ მოსალოდნელია. თუმცა დანიელ კალუიას ნამდვილად აქვს შანსი “ოსკარზე” ნომინაცია მიიღოს ფრედ ჰემპტონის როლით.

პრემიერა: ფილმი კინოთეატრებში თებერვალში გამოვა.

“მსოფლიოს ახალი ამბები ” / News of the World

რის შესახებაა? – სამოქალაქო ომის ვეტერანი, რომელიც ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობს, დათანხმდება მეგზურობა გაუწიოს ობოლ გოგონას და ის თავისი ოჯახის გადარჩენილ წევრებთან მიიყვანოს.

ვინ მონაწილეობს? – ტომ ჰენკსი, ჰელენა ზენგელი, მეირ ვინინგჰემი, ელიზაბეტ მარველი.

რა შანსები აქვს ოსკარზე? – მიუხედავად იმისა, რომ აკადემის ნამდვილად უყვარს ექვსგზის ნომინანტი და ორგზის “ოსკაროსანი” ტომ ჰენკსი, მისი გზა წლევანდელი ნომინაციისაკენ ადვილიარ იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ წელს საკმაოდ ბევრი შთამბეჭდავი პერფორმანსი ვიხილეთ. 12 წლის ჰელენა ზენგელს კი ნამდვილად კარგი შანსი აქვს, მიიღოს ნომინაცია საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისათვის. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ზენგელი აკადემიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი იქნება, რომელიც “ოსკარზე” ნომინაციას მიიღებს, თუმცა არა ყველაზე ახალგაზრდა. ექვსმა სხვა მსახიობმა, მათ შორის ტატუმ ო’ნილმა და ენ პეკუინმა ნომინაცია უფრო მცირე ასაკში მიიღეს.

პრემიერა: 10 თებერვლიდან ფილმი “ნეტფლიქსზე” იქნება წარმოდგენილი.

“მამა” / The Father

რის შესახებაა? – 80 წლის კაცის და მისი ოჯახის ცხოვრება საგრძნობლად იცვლება მას შემდეგ, რაც მას მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები ექმნება…

ვინ მონაწილეობს? – ენტონი ჰოპკინსი, ოლივია კოლმანი, რუფუს სიუელი, ოლივია უილიამსი.

რა შანსები აქვს ოსკარზე? – ენტონი ჰოპკინსის და ოლივია კოლმანის სახელები უკვე მრავლისმთქმელია და ფილმს, სადაც ისინი მონაწილეობენ, ბუნებრივია წინასწარ ფავორიტთა სიიდან ვერ ამოვიღებთ.

აღსანიშნავია, რომ თუ 83 წლის ენტონი ჰოპკინსი ნომინაციას მიიღებს მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის, იგი “ოსკარზე” ნომინირებული ყველაზე ხნიერი მსახიობი გახდება აკადემიის ისტორიაში და რიჩარდ ფერნსვორთის რეკორდსაც მოხსნის, რომელმაც 2000 წელს, 79 წლის ასაკში მოიპოვა ნომინაცია “სტრეიტის ამბავში” შესრულებული მთავარი როლისათვის.

პრემიერა: ფილმი კინოთეატრებში მარტში გამოვა.

“ცხოვრება წინაა” / The Life Ahead

რის შესახებაა? – ჰოლოკოსტს გადარჩენილს და ყოფილ სექს-მუშაკს ობოლ ბავშვთან ძლიერი სულიერი კავშირი უყალიბდებათ…

ვინ მონაწილეობს? – სოფი ლორენი, იბრაჰიმა გუეიე

რა შანსები აქვს ოსკარზე? – ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფი ლორენმა “ოსკარის” ნომინაცია მოიპოვა ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის ფილმში “ქორწინება იტალიურად” (1965). იმ შემთხვევაში, თუ ვარსკვლავი ნომინაციას წელსაც მიიღებს, იგი 86 წლის ასაკში გახდება აკადემიის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც ნომინირებული იყო ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის. ამ დროისათვის რეკორდი ემანუელ რივას ეკუთვნის, რომელმაც ნომინაცია 2013 წელს, 85 წლის ასაკში, “სიყვარულში” / Amour  შესრულებული როლისათვის მიიღო.

პრემიერა: ამ დროისათვის ანიმაციური ფილმის ნახვა უკვე შესაძლებელია “ნეტფლიქსზე”.

მალკოლმი და მარი” / Malcolm & Marie

რის შესახებაა? – ახალგაზრდა წყვილი და მათი ურთიერთობა : სიყვარული,სტრესი და პრობლემები.

ვინ მონაწილეობს? – ჯონ დევიდ ვაშინგტონი, ზენდაია

რა შანსები აქვს ოსკარზე? – კინოკრიტიკოსთა აზრით, “ოსკარზე” ნომინაციის მიღების ყველაზე რეალური შანსი ზენდაიას გააჩნია, რომელის 24 წლის ასაკში ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა ჰოლივუდში. გასულ წელს მან “ეიფორიაში” შესრულებული როლისათვის “ემიც” დაიმსახურა…

პრემიერა: ფილმი უკვე ხელმისაწვდომია”ნეტფლიქსზე”

აშშ ბილი ჰოლიდეის წინააღმდეგ” / The United States vs Billie Holiday

რის შესახებაა? – მომღერალი ბილი ჰოლიდეი და აშშ-ის მთავრობის საიდუმლო ოპერაცია ნარკოტიკების წინააღმდეგ…

ვინ მონაწილეობს? – ანდრა დეი, ტრავენტე როუდსი, გარეტ ჰედლანდი

რა შანსები აქვს ოსკარზე? – ბილი ჰოლიდეი ამერიკის ლეგენდაა და მისი როლის შესრულებისათვის დაიანა როსმა “ოსკარის” ნომინაცია დაიმსახურა. წესით, იგივეს გამეორება არ გაუჭირდება ანდრა დეის, რომლემაც უკვე დაიმსახურა ნომინაცია “ოქროს გლობუსზე”.

პრემიერა: ფილმი კინოთეატრებში მარტში გამოვა.

ჰილბილის ელეგია” / Hillbilly Elegy

რის შესახებაა? – ოჯახური კრიზისის ფონზე “იელის უნივერსიტეტის” სტუდენტი სრულიად სხვა თვალით შეხედავს თავის ურთიერთობას დედასთან, დასთან და ბებიასთან…

ვინ მონაწილეობს? – ემი ადამსი, გლენ კლოუზი, გაბრიელ ბასო.

რა შანსები აქვს ოსკარზე? – მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმს კრიტიკოსთა რჩეულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, გლენ კლოუზმა ნომინაცია მიიღო როგორც გილდიის დაჯილდოებაზე, ასევე “ოქროს გლობუსზე”, ხოლო ადამსი გილდიამ გამოარჩია. ასე რომ “ოსკარის” ნომინანტთა სიაში არცერთის ნახვა სიურპრიზი არ იქნება.

პრემიერა: ფილმი უკვე ხელმისაწვდომია “ნეტფლიქსზე”.

“ამონიტი”/ Ammonite

რის შესახებაა? – მე-19 საუკუნის საუკეთესო გეოლოგის დაპალეონტოლოგის გამოგონილი სასიყვარულო კავშირის ისტორია…

ვინ მონაწილეობს? – კეიტ უინსლეტი, სირშა რონანი, ჯემა ჯონსი, ჯეიმს მაკერდლი.

რა შანსები აქვს ოსკარზე? – კრიტიკოსები ნაკლებად ელიან ნომინაციას საუკეთესო ფილმის ან რეჟისურის კატეგორიაში, თუმცა კეიტ უინსლეტს და სირშა რონანს მორიგი ნომინაციებისთვის ბრძოლა წელსაც შეუძლიათ…

პრემიერა: ფილმი კინოთეატრებში მარტში გამოვა.

“მავრიტანელი” / The Mauritanian

რის შესახებაა? – რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი ადვოკატზე, რომელიც თანხმდება დაიცვას გუანტანამოში მყოფი 11 სექტემბრის ტერაქტის შესაძლო მონაწილე.

ვინ მონაწილეობს? – ტაჰირ რაჰიმი, ჯოდი ფოსტერი, ბენედიქტ კამბერბეტჩი, შეილინ ვუდლი.

რა შანსები აქვს ოსკარზე? – ტაჰირ რაჰიმის და ჯოდი ფოსტერს საკმაოდ კარგი შანსი აქვთ, მიიღონ “ოსკარის” ნომინაციები იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მათგანმა ეს უკვე შეძლო “ოქროს გლობუსზე”.

პრემიერა: ფილმი კინოთეატრებში უახლოეს თვეებში გამოვა.

“მორიგი ფილმი ბორატზე” / Borat Subsequent Moviefilm

რის შესახებაა? – ფიქციური ყაზახი ჟურნალისტის, ბორატის და მისი ქალიშვილის, თუთარის ახალი თავგადასავალი…

ვინ მონაწილეობს? – საშა ბარონ კოენი, მარია ბაკალოვა.

რა შანსები აქვს ოსკარზე? – ზოგი ექსპერტის მოსაზრებით, მარია ბაკალოვას კარგი შანსი აქვს მიიღოს ნომინაცია საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისათვის. იგი ფილმში ბორატის ქალიშვილის როლს ასრულებს.

პრემიერა: ფილმის ნახვა უკვე შესაძლებელია “ამაზონ პრაიმზე”.

 

 

 

 

 

 

 

 

კატეგორიები: TOP 10 შოუბიზნესი

მსგავსი თემები