LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერი, ყველგან, ერთდროულად“ – „ოსკარის” ტრიუმფატორი ფილმი სლოგანით „სიყვარული – ძალაა, რომელიც ნებისმიერ რეალობაში გადაგარჩენს!“

2943
oscar

წარმოიდგინეთ, რომ რეალობის ალტერნატიული ვერსიები არსებობს, სადაც თქვენ აბსოლუტურად სხვა ადამიანი ხართ. თუ წარმოდგენა შეძელით, ე.ი. კარგი წარმოსახვა გაქვთ, თუ ფანტაზიის დეფიციტს უჩივით, მაშინ კინოს მაგიას მიმართეთ, რადგან სწორედ ამგვარი სიუჟეტი აქვს 2023 წლის შვიდგზის „ოსკაროსან“ ფილმს „ყველაფერი, ყველგან, ერთდროულად“.

 ფილმის ავტორები

ფანტასტიკური კომედიური მძაფრსიუჟეტიანი ფილმის დადგმა ცნობილმა კინემატოგრაფისტებმა, ტრაგიკომედიის „ადამიანი – შვეიცარული დანის“ ავტორებმა დენ კვანმა და დენიელ შაინერტმა გადაწყვიტეს, რომლებიც ყოველთვის თანაბრად ინაწილებენ რეჟისორისა და სცენარისტის ფუნქციას. შემოქმედებითმა დუეტმა 2016 წელს ჩაიფიქრა ახალი პროექტი და ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ მეტად ორიგინალური სიუჟეტი შექმნა შუა ხნის ქალზე, რომელსაც არა მხოლოდ ალტერნატიულ რეალობაში მოგზაურობის, არამედ საკუთარი თავის სხვა ვერსიების ემოციების, მოგონებების და შესაძლებლობების გამოყენების შანსი ეძლევა.

11 ნომინაცია, 7 ,,ოსკარი” – ნახეთ „ოსკარი“ 2023-ის გამარჯვებულების სრული სია

 მოკლე სიუჟეტი

ეველინს, რომელიც რეალურ ცხოვრებაში მხოლოდ პატარა სამრეცხაოს ფლობდა და მუდმივი ფინანსური პრობლემები აქვს, გარდასახვის უნიკალური შესაძლებლობა მიეცა და ჯერ ცნობილი მსახიობის, მერე საბრძოლო ხელოვნების ოსტატის, ბოლოს კი, საოპერო დივას ამპლუას მოირგო, თუმცა, არც მულტიუნივერსალურ სამყაროშია ყველაფერი იდეალურად, რადგან სუპერ შესაძლებლობების შესანარჩუნებლად, ეველინი იძულებულია ბოროტებასთან გამართოს ბრძოლა და მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში მოიპოვოს ჯადოსნური უპირატესობა.

მიშელ იეო „საუკეთესო მსახიობი ქალი“ გახდა, ფილმი „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ კი წლევანდელი „ოსკარის“ ტრიუმფატორია

 რეკორდულ დროში დადგმული ფილმი

მასშტაბურობის მიუხედავად, ფილმის ავტორები მაინც დროში აღმოჩნდნენ შეზღუდული. მართალია, სპეცეფექტებით დატვირთული ფილმები რამდენიმე თვე მუშავდება, მაგრამ დენ კვანს და დენიელ შაინერტს მხოლოდ ერთი თვე დასჭირდათ ფანტასტიკური კომედიის დასადგმელად. მეტიც, კომპიუტერულ ეფექტებზე, რაც ფილმის წარმოებისას ყველაზე რთულ, შრომატევად პროცესად ითვლება და აუცილებლად საუკეთესო სპეციალისტებს ევალებათ, კვანმა და შაინერტმა ხუთი თვითნასწავლი მხატვარი დაიქირავეს, რომლებიც მხოლოდ მცირე პროექტებზე მუშაობის გამოცდილებით შეუდგნენ მასშტაბური პროექტის ვიზუალური მხარის შექმნას.

ცრემლები და ემოციების ზღვა – ბრენდან ფრეიზერმა პირველი „ოსკარი“ მიიღო

 მიშელ იეო

მალაიზიელი მსახიობის მიშელ იოს განცხადებით, მისთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო ფილმში მონაწილეობა, რადგან სწორედ ეველინის როლით შეძლო საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა და პერსონაჟის იუმორით, თუმცა სული გულწრფელობით განსახიერება.  სხვათა შორის დრამების „გეიშას მემუარების“ და „ლედის“ ვარსკვლავი, რომელიც 1997 წელს ჟურნალ People-ის მსოფლიოს ულამაზესი ადამიანების რეიტინგში მოხვდა, 40-წლიანი კარიერის მანძილზე უამრავი პრიზით, მათ შორის „ოქროს გლობუსის“ და BAFTA-ს პრემიით დაჯილდოვდა, წელს კი, „ოსკარის“ მფლობელი გახდა.

რუსი ოპოზიციონერის, ალექსანდრე ნავალნის შესახებ გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა „ოსკარი“ მიიღო

 ფილმის არსი

კოლეგების ფილმებით შთაგონებულმა რეჟისორებმა, რომელთაც განსაკუთრებით, „მატრიცას“ გავლენა განიცადეს, სიურრეალისტური სიუჟეტის მიუხედავად, წინა პლანზე მაინც მარტივი და ბანალური, თუმცა ყოველთვის აქტუალური თემა წამოწიეს სლოგანით „სიყვარული – ძალაა, რომელიც ნებისმიერ რეალობაში გადაგარჩენს!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები