LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკნეს გამომწვევი მიზეზი და მკურნალობის მეთოდები – სილამაზის აკადემია

27
natolabadze

გადაცემის ლაივი LIVE

აკნე, რომელიც დერმატოლოგიურ პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია, რომელსაც ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს. ის ძირითადად მოზარდებში გვხვდება, თუმცა სავსებით შესაძლებელია თავი იჩინოს სხვა ასაკშიც. რა უწყობს აკნეს განვითარებას ხელს, როგორია მკურნალობის მეთოდები – ამის შესახებ მარტა ქარუმიძის  გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა-დერმატოლოგმა ნატო ლაბაძემ ისაუბრა.

რა არის აკნეს გამომწვევი მიზეზი?

ვულგარული აკნე, ანუ ფერიმჭამელა, კანის გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც ადგილი აქვს პილოსებაციური კომპლექსის დახშობასა და ანთებას. პილოსებაციური კომპლექსი კი მოიცავს თმის ფოლიკულას და ცხიმოვან ჯირკვალს. ვულგარული ფერიმჭამელა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დერმატოლოგიური პრობლემაა, რომელიც ძირითადად გვხვდება სქესობრივი მომწიფების ასაკში და აზიანებს სახისა და სხეულის ზედა მესამედის კანს, ანუ იმ უბნებს სადაც დიდი რაოდენობით ცხიმოვანი ჯირკვლებია განლაგებული.

ჩვეულებრივი ფერიმჭამლეების წარმოქმაში მონაწილეობს: ანდროგენები, ბაქტერიები (Propioni Bacterium acnes), აგრეთვე მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა. ანდროგენები მოქმედებენ ცხიმოვან ჯირკვლებზე, ასტიმულირებენ ცხიმის წარმოქმნას. ლიპაზა, რომელსაც შეიცავენ ბაქტერიები, ცხიმს თავისუფალ ცხიმოვან მჟავებამდე შლის. ჭარბი ცხიმი და ცხიმოვანი მჟავები ცხიმოვან ჯირკვლებში და თმის ფოლეკულებში იწვევს ანთებით პროცესს. თუ ფოლეკულის ძირი დახურული ან შევიწროვებულია, ყალიბდება თეთრი (დახურული) კომედონები, ხოლო თუ ღიაა, რქოვანი მასები მიიწევენ საცობის მსგავსად და ქმნიან შავ (ღია) კომედონებს.

თმის ფოლეკულის დაჭიმული კედლები შეიძლება გასკდეს და შედეგად მისი შიგთავსი იღვრება დერმაში და იწყება ანთებითი პროცესი. ვითარდება პაპულები, კვანძები, პუსტულები, რთული მიმდინარეობისას კი კისტები, ფისტულები. შეხორცების შემდეგ კი რჩება ნაწიბურები. ანუ არაანთებითი ფორმა ძირითადად წარმოდგენილი შავი (დახურული) და თეთრი(ღია) კომედონებით.  ანთებითი ფორმების დროს გვხვდება პაპულები – 2-5 მმ დიამეტრის, ღრმა მოვარდისფრო ელემენტები და პუსტულები, ამავე ზომის ჩირქოვანი გამონაყარი. შედარებით უფრო რთულ შემთხვევაში გამონაყარი წარმოდგენილია ცისტებითა და დიდი ზომის კვანძებით, რასაც ხშირად თან ახლავს ნაწიბურების განვითარება კანზე.

რა იწვევს დაავადების განვითარების პროვოცირებას?

დაავადების განვითარების პროვოცირებას უწევს შემდეგი ფაქტორები: ენდოკრინოლოგიური დარღვევები, ჰორმონალური ცვლილებები, ემოციური გადატვირთვა, სქესობრივი მომწიფების ან ფეხმძიმობის პერიოდი; გენეტიკური ფაქტორები; არასაკმარისი ჰიგიენა, არასწორად შერჩეული კანის მოვლის საშუალებები, კოსმეტიკა, რომელიც ახშობს ფორებს. აგრეთვე ზოგიერთი სამკურნალო საშუალებები, მაგალითად კორტიკოსტეროიდები (ადგილობრივი მოხმარების ჩათვლით). საკვები პროდუქტები (შოკოლადი, ცხიმიანი საკვები) არ წარმოადგენს აკნეს წარმოქმნის მიზეზს.

რა სეზონზე მწვავდება?

ზოგადად მიმდინარეობს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე წლამდე და ძირითადად მწვავდება შემოდგომა -ზამთრის პერიოდში.

როგორი ხდება აკნეს მკურნალობა?

არსებობს აკნეს მიმდინარეობის სამი ფორმა: მსუბუქი, საშუალო, რთული. მკურნალობაც განისაზღვრება მიმდინარეობის მიხედვით. მსუბუქი ფორმის შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკები  გარეგანი მოხმარებით, აგრეთვე რეტინოიდები ადგილობრივად. საშუალო ფორმისას ასევე რეტინოიდები ადგილობრივად და შინაგანად მისაღებად ინიშნება ანტიბიოტიკები. მძიმე ფორმის დროს ინიშნება რეტინოიდები შინაგანად მისაღებად. მდგომარეობის გაუმჯობესება ხდება 2-5 თვეში ან უფრო მოგვიანებით.

რაც შეეხება კომპლექსურ მკურნალობას, ასეთ დროს ვიყენებთ: პილინგს, მეზოთერაპიასა და პლაზმოლიფტინგს. ეს პროცედურები ძალიან კარგია ანთებითი პროცესის შემდეგ პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ, კანის მიკრორელიეფის გასაუმჯობესებლად და ნაწიბურების შემცირების მიზნით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები