LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ მთავრობის პირობებში ახლაც დაბლოკილი ვარ“ – ლექს-სენი სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

9
lexseninews45

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია რეპერი, ლექს-სენი, რომელმაც საკუთარ კარიერასა და გეგმებზე ისაუბრა. 

შენს შემოქმედებაში საკმაოდ დიდი პაუზა იყო, რას აკეთებდი ამ დროს და ხომ არ ფიქრობ, რომ მობეზრდი მსმენელს?

ახლა ძალიან დატვირთული ვარ, უამრავი კონცერტი მაქვს. იმ პერიოდში გადაღლილი ვიყავი და ამიტომაც ვისვენებდი. პაუზა ძალიან ცოტა ხანი მქონდა. ქვეყანაშიც ქარტეხილების პერიოდი იყო. ესეც რა თქმა უნდა მოქმედებს. ისეთი პერიოდი იყო, ბევრს არ  ეკონცერტებოდა რაც შეეხება მსმენელს, არ მოვბეზრებულვარ.

თუ ყოფილა მომენტი, როცა დაუბლოკიხარ ვინმეს და თუ მოყევი შავ სიაში?

კი, რა თქმა უნდა, ახლაც ასეა, ამ მთავრობის პირობებში. სწორედ ამას ვებრძვით ახლაც, ეს გრძელდება და ეს უნდა ამოიძირკვოს. სამწუხაროდ შავ სიაშიც მოვყევი. მე პირადად ვიცი, რომ რეგიონებიდან ჩემზე დიდი მოთხოვნა იყო, მაგრამ დავალება ჰქონდათ, რომ დავებლოკე. ახლა ჩემი კორპორატიული კონცერტები მაქვს, სამთავრობო კონცერტებში არც ვიღებ მონაწილეობას.

სოციალურ ქსელში ბევრჯერ გაჟღერებულა შენზე, ახალს არაფერს ქმნისო…

არა, მე არ ვჩერდები, ყოველ თვე თუ არა, ორ თვეში ერთხელ ახალი კლიპი გამოდის და საკმაოდ მაგარი ჰიტები იქნება. ჩემთვისაც უთქვამთ, აბა რა არის ახალიო და მე მიპასუხია, შედი აბა ჩემს „იუთუბ“ არხზე და მერე დარწმუნებულან. იმდენი მსმენელი მყავს და ისეთი სავსე დარბაზებია ჩემს კონცერტებზე, რომ უფლება არ მაქვს გავჩერდე. ბოლო სამი, ოთხი სიმღერა ისეთია, რომ ყველა აღფრთოვანებულია.

რამდენად მოთხოვნადია  დღესდღეისობით რეპი საქართველოში და შენი აზრით, ვინ ითვლება ჩვენთან ნომერ პირველ რეპერად?

ერთ-ერთი წამყვანი და რეიტინგული ჟანრია ჩვენთან, პრინციპში, ყოველთვის ასე იყო. აი მაგალითად, დღეს სამი ზარი მქონდა კონცერტებთან დაკავშირებით, იმდენი წინადადება მაქვს დროც კი არ მყოფნის. შავი ზღვისპირეთის სეზონიც კულმინაციურად გავხსენით. რაც შეეხება საუკეთესო რეპერს, ამაზე საუბარი ჩემი მხრიდან უხერხულია. ახალი თაობიდან არავინ არავისზე ნაკლები არ არის.

ამჯერად რაზე მუშაობ, ალბომის გამოშვებას ხომ არ აპირებ?

იცით, ამ ციფრულმა სამყარომ ალბომების თემა ასეა თუ ისე ჩაანაცვლა. ბევრი რამ შეიცვალა, ონლაინ ხდება ყველაფერი. ისევ და ისევ „იუთუბზე“ იდება ყველაფერი. თუმცა რა თქმა უნდა ამ ყველაფერს თავისი მუღამი აქვს. მანქანაში დისკს უკვე აღარავინ დებს. ამ სიახლეებს პოზიტიურად უნდა შევხედოთ.

როგორი იყო შენთვის პანდემიის პერიოდი?

სხვათა შორის, ონლაინ კონცერტები მქონდა, მას შემდეგ რაც კორონა მეც გადავიტანე და რეაბილიტაციის პერიოდიც რთული მქონდა. საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდი გამოვიარე. პანდემიასაც მივუძღვენი ერთი ტრეკი.

გვესაუბრე შენს ერთ ჩვეულებრივ დღეზე…

დილით ადრე ვდგები, ყავას მივირთმევ, ძაღლს ვასეირნებ, ბავშვი მიმყავს სპორტზე.  შემდეგ ზარებია, კონცერტებთან დაკავშირებით, ბენდთან ერთად ვრეპეტიციობ, ვატარებ კონცერტებს. ზაფხულის პერიოდი სულ ასეთია.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები