„არ შეიძლება იდგე სცენაზე მთელი ცხოვრება და გადაამღერო სხვისი რეპერტუარი“ – ნოდიკო ტატიშვილი სტუმრად „ვიზიტორში“

12
vizitorinodikotatishvili

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელმაც პანდემიის პერიოდზე, პროექტ „დიდ სცენასა“ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ჩემი განწყობა ამაღლებულია, რადგან თქვენთან  სტუმრობა ყოველთვის მიხარია, ოჯახივით არის აქაურობა ჩემთვის, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ, ჰოლდინგში უამრავი მეგობარი მყავს, აქ სტუმრობა ძალიან კარგ და მხიარულ რაღაცეებს მახსენებს ხოლმე ჩემი კარიერიდან.

როგორ გაატარე პანდემიის პერიოდი?

მთელი პანდემიის პერიოდი ონლაინ ინტერვიუებით შემოვიფარგლებოდი, სახლში კუთხეც მქონდა მოწყობილი. ძალიან რთული იყო ეს პერიოდი, თუმცა მე გადამატანინა ჩემი ახალი სახლის რემონტმა, ბოლოსკენ ვიყავი გასული უკვე და ფაქტობრივად კარანტინის პერიოდში რემონტი დავასრულე. ყველაფერი თავად გავაკეთე. ყველაზე რთული პერიოდი ალბათ მომღერლებისთვის იყო, მართალია, კონცერტები, ეს ჩვენი, მუსიკოსების ერთადერთი ფინანსური წყაროა, თუმცა, ჩვენ აუდიტორია მხოლოდ ამისთვის არ გვჭირდება, ამას კიდევ სხვა დატვირთვა აქვს ჩვენთვის, ხელოვანი ადამიანებისთვის.

ახლა უკვე კონცერტები მქონდა, დღესაც კონცერტი მაქვს, ბათუმშიც მივდვარ, სადაც ასევე კონცერტი გაიმართება.  როგორც კი პანდემია დასრულდა, დათო ევგენიძის სიმღერაზე „სიყვარულის გემი“ კლიპი გადავიღე, ახლა, მალე მეორე სიმღერასაც ჩავწერ „ელის ბენდთან“ ერთად,  სიმღერაც და კლიპიც დაახლოებით სექსტემბრისთვის გამოვა. კიდევ უამრავი გეგმა მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე კონცერტებზე ვარ გადართული და ასევე პროექტ „დიდ სცენაზე“, რომელიც რუსთავი 2-ის ეთერში გადის.

თუ აღმოაჩინე  რაიმე განსაკუთრებული შენს თავში პანდემიის დროს?

მივხვდი, რომ არსებობს მხოლოდ „ახლა“ და „დღეს“, ეს ცხოვრება იმდენი მოულოდნელობითაა სავსე, რომ ხვალ სრულიად დაუგეგმავი რამ შეიძლება მოხდეს, მივხვდი, რომ ხვალ, ზეგ, მაზეგ არ არსებობს და რისი გაკეთებაც შეგვიძლია დღეს, უნდა გავაკეთოთ დღეს, არაფერის გადადება არ შეიძლება.

მეგობრების მხრივათაც ძალიან გამიჭირდა, ჩვენ ძალიან გვიყვარს ხოლმე ერთად ყოფნა, ისე შემოგვთენებია საუბარში, ვერც გვიგრძვნია, გვიყვარს ბევრი ჩახუტება, ამიტომ ეს პერიოდი მართლაც რთული იყო, მე ოჯახის წევრებსაც კი არ ვეხუტებოდი. მეგობრებს „ჩატი“ გვქონდა გაკეთებული და იქ ვკონტაქტობდით ხოლმე.

გვესაუბრე შენი წამყვანის ამპლუაზე, „დიდი სცენის“ შესახებ…

ზოგადად, არ მიყვარს ხოლმე, როცა ადამიანი ყველაფერს ეპოტინება, პროექტ „ცეკვავენ ვარსვლავებშიც“ ძალიან დიდი ხნის  განმავლობაში მიწვევდნენ, მე კი უარს ვამბობდი, თუმცა, ბოლოს დავთანხმდი.

„რუსთავი 2“-ის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერმა, დადუ ლომინაძემ დამირეკა, ძალაინ მესიამოვნა ყურადღება. სიმართლე გითხრათ, ჩემი ნატვრა არასდროს  ყოფილა, რომ ტელეწამყვანი ვყოფილიყავი, თუმცა ვიფიქრე, მოდი ვცდიმეთქი, ჩავწერე და კარგი გამოვიდა.

ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო, პირდაპირ ეთერში მუშაობა რა თქმა უნდა უფრო სტრესულია, მთავარია პასუხისმგებლობით მიუდგე საკითხს, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გამოვა ყველაფერი. დიდმა სცენამ ჩემი ყმაწვილკაცობის პერიოდი გამახსენა, გამახსენდა „ჯეოსტარი“, რომელშიც გავიმარჯვე, ეს იყო 10 წლის წინ.

ახლა პროექტის კონკურსანტები ზუსტად იგივეს განიცდიან, რასაც მე განვიცდიდი. ზოგადად არ აქვს მნიშვნელობა გაიმარჯვებ თუ არ გაიმარჯვებ, აი, მაგალითად სალომე ბაკურაძეს მოვიყვან, ის 2008 წელს „ჯეოსტარის“ ფინალში იყო, მან ვერ გაიმარჯვა, თუმცა, დღესდღეისობით ის ერთ-ერთი საუკეთსო არტისტია ქართულ შოუბიზნესში. ასე რომ გამარჯვება არ არის მთავარი, მთავარია როგორ იმღერებ.

ზოგადად, ბევრი ასეთ პროექტში პოპულარობისთვის მიდის, რომელიც სულ რაღაც 6 თვეს გრძელდება. საბოლოოდ კი თუ არ აკეთე საქმე და არ იშრომე, აზრი არ აქვს არაფერს, პოპულარობა, ხალხის სიყვარული როგორც მოდის, ისე მიდის, შეიძლება ერთ წელიწადში  ხალხს საერთოდ აღარ ახსოვდე. თუ სულ არ აწვდი შენს ახალ პროდუქტს მაყურებელს, მარტივად ავიწყდები.

თუკი გინდა მიაღწიო წარმატებას, უნდა მღეროდე ქართულად, მე მომისმენია ბევრი ნიჭიერი მომღერლისგან თავისებურად ნამღერი ქართული სიმღერა და არ გამოსულა კარგი.

როგორ უნდა გახდე კარგი მომღერალი?

რომ გაქვს სმენა და ხმა, ეს არაფერს ნიშნავს, უნდა იყო გულწრფელი, გქონდეს სწორი ემოცია, ჩვენს მსმენელს ჩვენი ნამღერი თაფლად უნდა მოედოს, უნდა გქონდეს არტისტის უნარ-ჩვევები. არ შეიძლება იდგე სცენაზე მთელი ცხოვრება და გადაამღერო სხვისი რეპერტუარი, უნდა გქონდეს შენი, საკუთარი.

მე როგორც კი „ჯეოსტარი“ მოვიგე საკუთარ ალბომზე დავიწყე მუშაობა.  ბევრი მწერს ხოლმე, რომ ძალიან მოსწონს ჩემი სიმღერები, რეპერტუარი და მე ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო.

„ოქროს ტალღის“ შესახებაც მინდა ვთქვა, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიებაა, მე „ოქრის ტალღის“ მრავალგზის გამარჯვებული ვარ და ეს საოცრად დიდი სტიმულია, მაგრები ხართ და დიდი მადლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები