LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილმა იცის, გვიყურებს და მოვწონვარ კიდეც“ – თამარ ლეკვეიშვილი, თათია სულუაშვილი და ვანო ჯავახიშვილი სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

11
თათია-და-თამარი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია თამარ ლეკვეიშვილი, თათია სულუაშვილი და სატელეფონო ჩართვით, ვანო ჯავახიშვილი. სტუმრებმა ახალი სეზონისა და უამრავი საინტერესო სიახლის შესახებ ისაუბრეს.

გადაცემის ლაივი LIVE

როგორც ვიცი, საზოგადოებას „ტვ პირველზე“ ახალი „ვანოს შოუს“ ხილვის საშუალება აქვს. თქვენ ამდენი წლის განმავლობაში ხართ ტელესივრცეში, იუმორისტული გადაცემის კეთება ალბათ ძალიან რთულია,

თამარი: აი ქვეყნისთვის როგორია არ ვიცით, მაგრამ  პოლიტიკა არის ჩვენს მხარეს. ეს უკვე ჩვენი 32-ე სეზონია. „ვანოს შოუ“ 16 წელია არსებობს.

თათია: ძველ სკეტჩებს რომ ვუყურებ ხოლმე, გავდივარ ოთახიდან, მრცხვენია, თამაშის მანერა, ხუმრობა ძალიან განსხვავდება. ადრე რაზედაც გვეცინებოდა, ახლა აღარ გვეცინება.

სამი წლის წინ თქვენი დიდი გუნდი დაიშალა, გაიხლიჩა, სხვადასხვა ტელევიზიებში გაიფანტეთ, გაიხსენეთ ეს პერიოდი,

თამარი: ძალიან ცოტა ვიყავით, როცა მთავარ არხზე დავიწყეთ მუშაობა. არაფერი არ გვქონდა, მხოლოდ შემართება გაგვაჩნდა და ენთუზიაზმი, ძალიან კარგად გამოგვივიდა ყველაფერი, ამაზე რეიტინგები მეტყველებდა. ცრემლებიც იყო, სახლიდან მიტანილი რეკვიზიტებიც კი იქ დავტოვეთ წამოსვლის შემდეგ, თუმცა ძუძუები წავიღეთ, ზომები მიხედვით გვქონდა.

თამარ, სალომე ზურაბიშვილის პაროდია ყველაზე კარგად გამოგდის, თქვენმა კონკურენტმა შოუმაც გააკეთა პრეზიდენტის პაროდია და დავობდა საზოგადოება, თუ რომელი ჯობდა,

თათია: იცით, თამუნა დაემსგავსა კიდეც, დგომით, მანერით, სანამ გადაღებები დაიწყებოდა, ნახევარი საათით ადრე როლში შედიოდა და სალომესავით დადიოდა, მასსავით სვამდა ყავას.

თამარი: დარწმუნებული ვარ რომ სალომემ იცის, გვიყურებს და მოვწონვარ კიდეც.

სახლში რეპეტიციობთ ხოლმე?

თათია: არა, არ გვაქვს ამის დრო, გამომუშავებული გვაქვს უკვე. ამ პერსონაჟებმა იცით სადამდე მიმიყვანა? ჩემთვის დავიწყე საუბარი. ჩემთვის ვლაპარაკობ და ვჩხუბობ ხოლმე. ერთხელ ტაქსიში ჩავჯექი და გავუბრაზდი ვიღაცას, ბოლოს ტაქსის მძღოლი სარკეში მიყურებდა და  მივხვდი, რომ უნდა გავჩუმებულიყავი.

თამარი: ჩვენ ერთმანეთს ვაფასებთ ხოლმე, ოღონდ რჩევის სახით, ძალიან ვეხმარებით ერთმანეთს. ერთხელ ისე გადმომიქაჩა თათიამ თვალები, არ მეცეს მეთქი, შეგვეშინდა ყველას.

როგორ ხდება ხოლმე კოსტიუმების შერჩევა?

თათია: დავდივართ ხოლმე მეორადებში, ვეძებთ უცნაურ რაღაცებს. ერთხელ პირბადით წავედი მეორადებში, გადავეშვი ფუთაში, ვიქექები, ვიქექები, მომეწონა ერთი ქალის პერსონაჟისთვის რაღაც, ეს რა ფასიანი მეთქი და გამყიდველმა შემომხედა და შენთვის იაფიო მითხრა, ანუ მიცნო. ყველა მომადგა, გადავიღეთ ფოტოები. ერთხელ ვიყავით „ივენთზე“, მოითხოვეს მარინას და ზოიას სიმღერა. ზოგადად ეს ისეთი პერსონაჟებია, რომ ჩვენთან ძალიან შორს დგანან, ამიტომ ერთ პატარა ჭიქას დავლევთ ხოლმე, რომ გაგვეხსნას. შუა სიმღერის დროს, ვინც მოგვიწვია ჩვენთვის პატივისცემა უნდოდა და აბა რას გვაჩუქებდა? შემოიტანეს კბილებდაკრეჭილი ბატკანი, რქებზე ჰქონდა სულგუნები, ტანზე კი ტყლაპი ეცვა.

როგორ აფასებენ თქვენი ოჯახის წევრები ამ ყველაფერს?

თამარი: დედა ადრე მაკრიტიკებდა, ახლა პირიქით, მოსწონს, აი ჩემი ქმარი ცოტა კრიტიკულადაა განწყობილი, თუმცა სწორ შენიშვნებს მაძლევს ხოლმე.

თათია: კრიტიკულად არის  ხოლმე დედაჩემიც განწყობილი, არცერთი პერსონაჟით არ არის კმაყოფილი, ალბათ სპეციალურად მეუბნება, რომ უკეთესად გავაკეთო.

გასტროლებზე საკმაოდ ხშირად დადიხართ ხოლმე, როგორ გხვდებიან ხოლმე?

თამარი: მოვიკითხავ ემიგრანტებს, განსაკუთრებულად გვხვდებიან ხოლმე, ძალიან გვიყვარს ყველა და მათაც ვუყვარვართ. აი ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ალბათ იტალიას ვეწვევით.

და თქვენ კვლავ ახალ არხზე ხართ, რთული იყო? 

თამარი: ძალიან რთული იყო. სამი დღე ვსვამდი დამამშვიდებლებს, რომ გადამეტანა ეს ამბავი. მაგრამ არის პრიორიტეტები, ეს ჩვენ შემთხვევაში გუნდის ერთიანობა იყო. სადაც მოგვეცემოდა საშუალება გუნდის ერთიანობის შენარჩუნება, იქ უნდა ვყოფილიყავით, ეს მოხდა ოპოზიციურ არხზე, ამას ხაზს გავუსვამ. ამიტომ, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მადლობა “ტვ პირველს”, რომ მეგობრული გარემო დაგვახვედრეს. ყველაფერს  გავაკეთებთ რომ პირველები ვიყოთ.

ამხელა კონკურენციას როგორ უძლებთ?

თამარი: პარასკევს მოუნდა ყველას გადაცემის გაკეთება, ყველამ მოგვბაძა. მე ვურჩევ ყველას, უყუროს და საუკეთესო აარჩიოს, კონკურენცია გვეხმარება.

ახლა სატელეფონო ხაზზე იმყოფება ვანო ჯავახიშვილი, გილოცავთ ახალი სეზონის დაწყებას „ტვ პირველზე“.

როდესაც ახალ ტელეკომპანიაში გადადიხარ, რთულია ადაპტირების კუთხით, რადგან ნულიდან იწყებ ყველაფერს, ყველა დეტალს არჩევ. ბევრი ვიშრომეთ, როდესაც სცენაზე პაუზა გაქვს, ფორმაში ჩადგომის პერიოდი გჭირდება. ამიტომ ადრე დავიწყეთ მუშაობა.

როდესაც „მთავარიდან“ წამოხვედით, ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა,

ბევრი თვლის რომ ჩვენ მთავარი არ უნდა დაგვეტოვებინა, რეალურად ჩვენ მთავარი არხი არ დაგვიტოვებია, უბრალოდ მოხდა გადაცემის გადასაღები მოედნის ცვლილება, რამდენიმე გადაცემა დაიხურა. ჩვენ სახელფასო დავალიანებაზე აქცენტები არ გვქონია, ჩვენ ფიზიკურად სამსახური აღარ გვქონდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკრანზე ჩვენი სახეები ჩანდეს. ზოგადად მაყურებელი ძალიან მარტივად უყურებს გადაცემებს და მარტივი ჰგონია, ეს არის ურთულესი პროცესი. რეალურად 30 ადამიანი მუშაობს, ცალკე ბენდი ცალკე ოპერატორები. ეს არის უდიდესი პროცესი. მარტო ხომ არ დავრჩებოდი მთავარზე.

რა სიახლეები ელის გადაცემის მაყურებელს?

ჩვენ სიახლეები გვიყვარს და მოგვწონს, როცა ბევრი კონკურენტი გვყავს, ეს დამატებითი მოტივაციაა. გვსურს ვიყოთ პირველები, იმიტომ რომ უამრავი სიახლე გვექნება, ბევრი რუბრიკა. იმედი გვაქვს მაყურებელი, რომელიც ჩვენზე განაწყენებულია, დაგვიბრუნდება. შაბათის შოუ შაბათს გავა, იმიტომ რომ შაბათის შოუ ჰქვია. ოქტომბრის დასაწყისში და აქაც სიახლეები გვექნება. სხვანაირ სურათს შევთავაზებთ, ახალი სახეებიც შემოგვემატებიან. ასევე მინდა ვთქვა, რომ როდესაც წამოვედით მთავარმა არხმა წერილი გაავრცელა, ჩვენ მართლაც არ ვიმსახურებდით ასეთ წერილს თითქოს ჩვენ უკეთესი პირობები ვარჩიეთ, ეს არ არის მართალი. ჩვენ ჩვენი გუნდის 70 პროცენტი უნდა გაგვეშვა და ეს ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები