LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დამისვეს, სამი დღე ვიტირე, მე ხომ ახალგაზრდა ვარ, ცხოვრება ჯერ ვერ მოვასწარი-მეთქი… 4 წელი ჰორმონები ვსვი”- გაიანე კარაპეტიანი სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

11
gaiane

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორს“ კულინარი, შეფ-მზარეული, „მთავარი არხის“ წამყვანი, გაიანე კარაპერტიანი სტუმრობედა, რომელმაც კარიერასა და პირად ცხოვრებაზე გულწრფელად ისაუბრა, გადაცემის ბოლოს კი მსმენელს საგაზაფხულო სალათის ექსკლუზიური რეცეპტიც გაანდო. 

რა ასაკში გქონდა პირველი შეხება კულინარიასთან?

სახლში ვაკეთებდი ხოლმე, თუმცა ოფიციალურად მუშაობა ამ კუთხით 19 წლის წინ დავიწყე. ამ საქმეში რისკზე წამსვლელი უნდა იყო. ყველაფერი ჩემი შეფისგან ვისწავლე. პირველად რაღაც რომ გავაკეთე, გასინჯა შეფმა, მოეწონა და მითხრა, შენ წინ წახვალ, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვებიო.

საზოგადოებამ პირველად „მასტერ შეფიდან“ გაგიცნო, შენი ტოლმა ძალიან პოპულარული იყო, რატომ გადაწყვიტე სწორედ ამ კერძის გაკეთება?

ვფიქრობდი, გაია, შენ თბილისელი სომეხი ხარ, გაიზარდე ისეთ უბანში, სადაც ცხოვრობდნენ, ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, იეზიდები, ბერძნები, თურქები, ერთი სიტყვით, ვიყავი მიქსი. გავიფიქრე, აიღე ეს ფოთოლი ხელში გემრიელად და გააკეთე ინტერპრეტაცია, კრევეტი შევუსაბამე ფოთოლს. ამით დავიწყე ყველაფერი, დავამატე პიტნა, გაწურული მაწონი და წავიდა და წავიდა… მილიონი შეტყობინება მომდიოდა, ყველა პოზიტიურად მაფასებდა. ეს ჩემთვის ძალიან კარგი გაკვეთილი იყო. ჩემი შეფები რასაც მეუბნებოდნენ, ყველაფერს ვუსმენდი, ეს იყო გაკვეთილი. ეს იყო ჩემთვის პატივი, რჩევებს რომ მაძლევდნენ, თავში არაფერი არ უნდა აგივარდეს ადამიანს.

ნამდვილი სომხური პასკა გაიანე კარაპეტიანისგან

შემდეგ აღმოჩნდი მთავარ არხზე, როგორ მოხდა ეს?

ჩემმა ახლობელმა დამირეკა, რას აკეთებო, მასტერ შეფის შემდეგ ვისვენებ მეთქი. ნიკა ჯანას იცნობო, გვარამიაზე მკითხა, მას ძალიან უყვარხარო. ჩემზე უთქვამს, ასეთი წმინდა და ალალი ადამიანი არ მინახავსო, ცრემლები წამომივიდა ამის გაგონებაზე. მისი ღიმილი რომ დავინახე, ყველაფერი გარკვეული იყო. შემდეგ მითხრეს, რომ უნდა მემოგზაურა საქართველოს კუთხეებში, დამაინტერესა ძალიან. გზა, კოლექტივი, ეს ჩემი მეორე ოჯახია. თავიდან ორ პუტკუნას არ ვიცნობდი. დავლიეთ ყავა, გავიცანით ერთმანეთი, მივიღეთ ერთმანეთი, სამივე სხვანაირები, რადიკალურად განსხვავებული გოგოები ვართ. თავიდან ადაპტაცია ცოტა მიჭირდა, რაღაცებს ვერ ვიგებდი. მალევე მივეჩვიე, დავმეგობრდით.

შეადარე, ქართული სამზარეულო თუ სომხური? რომელი უფრო მდიდრულია?

სომხურიც კარგია, ჯიშიანი, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ქართული მაინც სხვაა, ნომერ პირველია. გინდა ხინკალი, გინდა ფხალი, ბაჟე… 100 პროცენტიანი გურმანი ვარ. დიეტაზე ვყოფილვარ, ადრე ნებისყოფა მქონდა, ერთი თვე მარტო უცხიმო ხაჭოზე ვიყავი, ლიმონზე და თაფლზე. ახლა, წამლების შემდეგ მიჭირს გახდომა, მაგრამ უნდა გავხდე. გეტყვით, რომ ჩემი საფირმო ტოლმა მინდა შევთავაზო საქართველოს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფოთოლი ტოლმაში, უნდა იყოს ნაზი, ხორციც იქნება საუკეთესო. მინდა რომ გაცხელებულიც კარგი გამოვიდეს. ტოლმის წარმოებით დავიწყებ და მერე სხვა რაღაცებსაც დავამატებ.

სომხური ტოლმა საახალწლო სუფრაზე – ექსკლუზიური რეცეპტი ,,პუტკუნების” შეფ-მზარეულისგან

შენი პირადი ცხოვრების შესახებ არაერთხელ დაწერილა, ბევრი საუბრობს, რომ შენს ცხოვრებაში ბევრი გულისტკივილი იყო. ოჯახის დანგრევის შემდეგ, მეორე ადამიანი გამოჩნდა, რომელიც შეგიყვარდა

„ეს იყო ადამიანი, რომელსაც ბევრი წლის განმავლობაში ველოდებოდი. მან მე თავად მკითხა, დამელოდებიო? მეც ვუთხარი, რომ კი, დაველოდებოდი. მე ბედნიერი ვიყავი და ჩემთვის ჩუმად ველოდებოდი ჩემს სიყვარულს. 10 წელი ველოდებოდი, ის სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ჩამოდიოდა ხოლმე, მერე მიდიოდა. შემდეგ სულ დაიკარგა, მაინც ველოდი და ის გამოჩნდა. 2016 წელს ჩამოვიდა, ჩემს სამსახურში რომ დავინახე, გამიკვირდა, ჩემს თავს ვეუბნებოდი, გაია, არაფერი არ უთხრა, რა იცი რა ხდება ცხოვრებაში, მხოლოდ დაელაპარაკე, არ გაუხსნა შენი გული. სიყვარული ისეთი რამეა, რომ არ კვდება, ახლა ცოტა სხვანაირად არის, მაგრამ რაც იყო, იმას გიყვებით. მან მე ჯვარი მაჩუქა, მე კი მერე ის ეკლესიას ვაჩუქე. შეხვედრა ძალიან უცნაური იყო, დავსხედით, ვილაპარაკეთ, არც იცოდა, გათხოვილი ვიყავი თუ არა. მაშინ ორი შვილის დედა და უკვე ბებიაც ვიყავი. ვუთხარი, მე უკვე ბებია ვარ მეთქი, გული მითუხთუხებდა, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მან მითხრა, მე მამა ვარო, ის განქორწინებული იყო. რას აკეთებ დღეს საღამოსო, ვუთხარი, რომ დღეს არ შემეძლო, უნდა მეფიქრა. დავსხედით, დილამდე ვილაპარაკეთ, 2 დღე ვლაპარაკობდით, დავიცალეთ, მერე მწერდა, მე ვეუბნებოდი, რომ ჩემი გულის პატრონი ხარ და სულ იყავი მეთქი, შენ ისევ წახვალ და მე კიდევ გული მეტკინება, შენ შენი გზა გაქვს მეთქი. შემდეგ ოჯახში დამპატიჟა, ხელი მთხოვა და ვაპირებდით ოჯახის შექმნას. ამერიკაში წასვლა შემომთავაზა. უკვე დოკუმენტაციას ვამზადებდი წასასვლელად, ძალიან კარგად ვიყავით, უბედნიერესი სამი თვე გვქონდა, ვიყავი ბედნიერი ქალი. მონათესავე სულებივით ვიყავით. ამ ყველაფრის შემდეგ არ ვიცი რა მოხდა… პრობლემების წინაშე დადგა. რომ წავიდა, მითხრა, ჩამოდიო. უნდოდა ჩემგან ბავშვი. ძალიან ფაქიზი და სუფთა გრძნობა გვქონდა. დღემდე არ ვიცი, რომ მოხდა, ახლა ცოლი ჰყავს და ალბათ შვილიც ეყოლება. წლები მტანჯავდა ეს ამბავი. ოთხი თვე ვიწექი, რომ მეკითხებოდნენ, როგორ ხარო, ცრემლები მომდიოდა. რა არ გავაკეთე, რათა ჩემ ბავშვებზე მეფიქრა. ოჯახი ჩემი ყურებით იტანჯებოდა. ბოლოს ჩემ თავს უფლება მივეცი, რომ ავმდგარიყავი და ჩემი თავისთვის მიმეხედა. წავედი აკვააერობიკაზე. ვიყავი ფსიქოლოგთანაც, მან მითხრა, ჭკვიანი გოგო ხარ და არაფერი გჭირდებაო, შენ შენ თავს თავად მოერევიო. შემდეგ ექიმებმა  მძიმე დიაგნოზი დამისვეს, სამი დღე ვიტირე, მე ხომ ახალგაზრდა ვარ, ცხოვრება ჯერ ვერ მოვასწარი მეთქი. დავიწყე მკურნალობა. 4 წელი ჰორმონები ვსვი, მოვიმატე წონაში, ბოლოს უარი ვთქვი ყველაფერზე. ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. ბოლო ვიზიტზე, მამოგრაფია გავიკეთე, ჩემდა გასაოცრად,  ექიმმა მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო. სიხარულის ცრემლებით ვტიროდი, თითქოს მეორედ დავიბადე. ახლა დრო მოვიდა, უნდა ჩავდგე ფორმაში. ვივარჯიშო. ჩემი ბავშვები და შვილიშვილები მაცოცხლებენ, მე კი მიყვარს სიცოცხლე. მხოლოდ ერთი კითხვა დამრჩა, რატომ…? ადამიანი ცოდოა მაშინ, როდესაც სიყვარულს ცვლი იმაში, რაც საჭიროა. 6 წელია არ მინახავს ის ადამიანი, ვიცი რომ მეუღლე ჰყავს, ვუსურვებ, რომ იყოს ბედნიერი. მე მეტკინა, მაგრამ შურისძიება არ შემიძლია.“

როგორ გადაიტანა ქმრის ღალატი გაიანე კარაპეტიანმა: „იმ ქალბატონზე ცუდის თქმა არ მინდა, რადგან თვითონაც დედაა და ახლა ჩემი მეუღლის გვერდზეა…“

გაიანე კარაპეტიანი: „გავიგე, რომ ცოლი მოიყვანა… ნერვიულობისა და წამლებისგან სიმსივნე დამემართა…“

ახლა რაიმე ამ სეზონისთვის შესაფერისი რაიმე რეცეპტი გაგვიზიარე,

ძალიან მიყვარს საზაფხულო სალათები, ბევრი მწვანილი, რეჰანი, ოხრახუში, ქინძი, ტარხუნა, პიტნა… აიღეთ „რუკოლა“ და წიწმატი ეს ფოთლები არ დაჭრათ, შემდეგ დაჭერით მარწყვი, „დორბლიუ“ ყველი. გააკეთეთ სეზამის ბურთულები. ახლა სოუსის ჯერია, რაც უმთავრესია. სეზამის მარცვლები კარგად მოხალეთ, შემდეგ დააბლენდერეთ, დაამატეთ ზეითუნის ზეთი, სოიოს სოუსი, მარილი, ცოტა პილპილი, ლიმონის წვენი და თაფლი.  დააბლენდერეთ, უმაგრესი სოუსი გამოდის. ამ ექსკლუზიურ სოუსს, ნიგოზიც უხდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები