LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე იმხელა სტრესი და კრიზისი გადავიტანე, რომ ორი თვით სახლში გამოკეტვა არაფერია იმასთან შედარებით“, – მაია ასათიანი

14
maiaasatianinews345

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ დისტანციური სტუმარია ტელეწამყვანი მაია ასათიანი, რომელმაც თვითიზოლაციაში მუშაობაზე ისაუბრა.

რა შეცვალა პანდემიამ თქვენს ცხოვრებაში?

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების წესი ყველას შეგვეცვალა, ჩვენ, ჟურნალისტები სრულ იზოლაციაში მაინც არ ვიყავით და განვაგრძობდით ჩვენს საქმეს.  ის მკაცრი შეზღუდვები, რაც მსმენელს შეეხო, ჩვენ არ შეგვეხო და ვაგრძელებდით მუშაობას, რათა მაყურებლისთვის მდგომარეობა შეგვემსუბუქებინა. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჟურნალისტებისთვის არ იყო ამ წესების შესრულება ძალიან რთული.

„რუსთავი 2“- ის ჟურნალისტები ფორსმაჟორში მუშაობას მიჩვეულები ვართ. ასე რომ, ეს რთული არ ყოფილა. ასევე საინტერესო იყო ონლაინ რეჟიმში ინტერვიუების აღებაც.

ამ პერიოდში სულ იმას ვფიქრობდი, რა კარგია, რომ ეს სწორედ ამ ეპოქაში მოხდა, როდესაც არსებობს ინტერნეტი და გვაქვს საშუალება, ერთმანეთი ინტერნეტის მეშვეობით დავინახოთ. დედაჩემი რისკ ჯგუფში იყო ასაკიდან გამომდინარე და ჩემთვის ძალიან დიდი შვება იყო, რომ მისი დანახვა შემეძლო.

https://www.facebook.com/177114908970670/videos/855090654976850

 

მაიკო, შენ ძალიან საინტერესო გადაცემები გააკეთე დაკარგულებზე, გვესაუბრე ამ თემაზე…

დაკარგულები გადაცემა „პროფილის“ მთავარი თემაა, ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვქონდა, თუ რაოდენ დახურულ თემაზე ვსაუბრობდით. ყველას მოეხსენება, 30 წლის წინ, საქართველოში ახალშობილების კრიმინალური გზით ყიდვა-გაყიდვა მიმდინარეობდა. სამშობიაროებში სხვადსახვა სქემა იყო დანერგილი.

ახლა კი ადამიანებს საკუთარი ცხოვრების შესახებ ნამდვილი ისტორიის გაგება სურთ. სულ მგონია, რომ კონკრეტული გადაცემის შემდეგ დასრულდება წერილები, თუმცა, ყოველ ჯერზე ვოცდები, იმიტომ რომ წერილების ნაკადი არ წყდება.

სხვათა შორის, მინდა ავღნიშნო, რომ თუკი 5,6 წლის წინ გადაცემაში მონაწილეობაზე ადამიანების დათანხმება გვიჭირდა, ახლა პირიქით, თვითონ გვიკავშირდებიან და სურვილს გამოთქვამენ, გადაცემაში მოვიდნენ.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ორი სრულიად განსხვავებული ცხოვრებისა და წარსულის მქონე ადამიანებისთვის, თუნდაც ისინი დედა-შვილი იყვნენ, სულაც არ არის მარტივი, ააწყონ ურთიერთობა, მხოლოდ ერთეული შემთხვევებია, როდესაც ურთიერთობა შედგება ხოლმე.

მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გადაცემის უკან დგანან, მასში ძალიან დიდი შრომა დევს, არ შემიძლია არ ვახსენო გადაცემის პროდიუსერი, რომელიც უკვე 13 წელია „პროფილის“ პროდიუსერია და მე მიმაჩნია, რომ ის საქართველოში სოციალური თემების ნომერ პირველი პროდიუსერია, ის გახლავთ სოფო ოჩხიკიძე.

როგორ ატარებ თავისუფალ დროს?

ცოტა უცნაურ რამეს გეტყვით, ხალხს მობეზრდა სახლში ყოფნა და მე ისე მსიამოვნებს, ახლა ჩემი სახლის აივანზე ვზივარ, ძალიან კომფორტულად ვარ. მე ზოგადად, ძალიან მიყვარს საკუთარ თავთან ყოფნა. თუ მუდმივად დიალოგში არ იყავი საკუთარ თავთან, ასე არაფერი გამოვა. მე იმხელა სტრესი და კრიზისი გადავიტანე, რომ ორი თვით სახლში გამოკეტვა არაფერია ამასთან შედარებით, სტრესგამძლე გამოვდექი.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველამ ძალინ დიდი გამოცდა ჩავაბარეთ. ამ რამდენიმე თვის მანძილზე ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდა. ძალიან არ მინდა, რომ ამ კრიზისიდან ვერაფერი ვისწავლოთ და ბუნებას კვლავაც უდიერად მოვექცეთ. ვთვლი, რომ ბრძოლა ჯერ არ მოგვიგია, თუმცა, ჩვენ მაინც ყველაფერს გადავლახავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები