„მარიო ვარგას ლიოსამ მითხრა, ლიმაში როცა იქნები დამირეკეო“, - სალომე დადუნაშვილი სტუმრად „ვიზიტორში“

გადაცემის ლაივი LIVE

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ჟურნალისტი და ტელეწამყვანი სალომე დადუნაშვილი, რომელმაც კარიერული საწყისები გაიხსენა და პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა…

გვესაუბრე შენი ჟურნალისტური წარსულის შესახებ..

13 წლის ასაკში მოვხვდი საყმაწვილო სტუდიაში, ეს იყო 90-იან წლებში. ახლა რომ მახსენედება, როგორ პირობებში გვიწევდა ცხოვრება… ამ გადმოსახედიდან კარგადაც მახსენდება რაღაცები. ჩვენ მაშინ ამ ყველაფერს ვუყურებდით, როგორც დიდ თავგადასავალს და იცით, თუკი ჩვენ კარგად გვახსენდება რაღაცები, იმედი მაქვს, დღევანდელ ბავშვებსაც კარგად დაამახსოვრდება ეს პერიოდი, თუნდაც ონლაინგაკვეთილები.

„პირველმა არხმა“ შემოგვთავაზა მაშინ გადაცემის გაკეთება, „მერმისში“ გვქონდა პატარ-პატარა გადაცემები. იმ დროს “პირველ არხზე” იქმნებოდა „მეორე არხი“, რომელიც ქართულ სატელევიზიო სივრცეში ყველაზე განსხვავებული იყო.

 

ბავშვობიდან გქონდა თუ არა ეკრანზე ყოფნის სურვილი?

საერთოდ არ მქონია ამის სურვილი, გარკვეული დროის განმავლობაში ამ ყველაფერს ვეწინააღმდეგებოდი კიდეც და მერჩივნა, სიუჟეტები მეკეთებინა და კადრს მიღმა დავრჩენილიყავი, კადრში ყოფნა არასდროს მინდოდა. შემდგომ, ზაზა შეგელიამ შემომთავაზა კულტურის ბლოკი, მე ვიყავი ამ ბლოკის ავტორი. დავით ნიკურაძე იყო ის ადამიანი, რომელიც მუდამ მეხვეწებოდა, კამერის წინაშე დავმდგარიყავი. საბოლოოდ,  ისე მოვხვდი ეთერში, დღესაც ეთერში ვარ.

გვქონდა ძალიან კარგი ჟურნალები, აი, მაგალითად, ჟურნალი „ანაბეჭდი“. ის არ იყო მხოლოდ ჟურნალი, ხელოვან ადამიანებს ეხმარებოდა რაღაცების შექმნაში. მე და ნინო დარასელი ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, რა დროს არ გვქონდა „ინსტაგრამი“, წარმომიდგენია, როგორი ინფლუენსერები გავხდებოდითო.

ერთი უცნაურობა მახასიათებს, ვერ ვიტან ფოტოების გადაღებას, საოცრად არაბუნებრივად გამოვდივარ ხოლმე. დღესაც დამცინიან მეგობრები. დამიზნებაც ვერ ვისწავლე, რომ „სელფი“ გადავიღო.

შენ ხარ ის ჟურნალისტი, რომელსაც ხშირად უწევდა მსოფლიო ვარსკვლავებთან ურთიერთობა, გვესაუბრე ამის შესახებ…

ყველაზე კარგი იყო საერთაშორისო ფესტივალები, რომლებზეც ვარსკვლავები დადიოდნენ. ჩუმად და მოწიწებით დგომით ეტყობა, აგენტებს ვეცოდებოდი ხოლმე. ზოგჯერ მომენტი უნდა გამოგეყენებინა, ასე იყო, როდესაც ბერლინში სრულიად სხვა ადამიანის ჩასაწერად მივდიოდი, უეცრად დავინახე კუთხეში მარტო, მოწყენილი, ძალიან ნაცნობი სახე იჯდა, უეცრად მივხვდი, რომ ეს მარიო ვარგას ლიოსა იყო. იმ დარბაზში უამრავი ჟურნალისტი იყო, რომელბმაც არ ჩათვალეს საინტერესოდ მასთან მისვლა. ის საოცრად უშუალო და საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც ინტერვიუც მომცა, ტელეფონიც და მითხრა, ლიმაში როცა იქნები, დამირეკეო.

იყო შენს კარიერაში „სამოთხის ვაშლები“, „რუსთავი 2“ და ბოლოს „მთავარი არხი“ – სადაც ახლა მიგყავს გადაცემა „ინტერიერი“, გვესაუბრე ამის შესახებ.

ძალიან ბევრი საინტერესო სახლია რეგიონებში და სულმოუთმელად ველი, როდის გადავიღებ მათ. როდესაც ეს პროექტი დავიწყე, მკითხეს, გაქაჩავ თუ არა ერთი სეზონი, გეყოფა სახლებიო,  ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ამდენი მასალა იქნებოდა. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება და ჯილდოა, როდესაც ადამიანები მწერენ და ფოტოებს მიგზავნიან.  ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ ბიუჯეტს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

სად იგრძენი თავი ყველაზე კომფორტულად?

სხვადასხვა პროექტმა მომცა სხვადასხვა რამ, ყველაზე დიდი გამოცდილება მომცა „სამოთხის ვაშლებმა“, 7 წელი ყოველდღე ეთერში ვისხედით. ის იყო პირველი „დღის შოუ“,  რომელიც ქართულ ტელესივრცეში გავიდა. სხვათ შორის, ეს ვერავინ შეძლო ახლაც კი, პირდაპირ ეთერში გვირეკავდნენ ადამიანები და გვესაუბრებოდნენ. ამ ყველაფერმა უდიდესი გამოცდილება მომცა. მახსოვს, სულ მეუბნებოდნენ, რატომ ხარ “პირველ არხზე”, გადადი უფრო მეტად კომერციულ არხზეო, მაგრამ ეს იყო არხი, სადაც მე მქონდა ლეგიტიმური უფლება, მეკეთებინა ის, რაც მე სწორად მიმაჩნდა.

ცოტა შენს პირადზეც ვისაუბროთ, გყავს ფრანგი მეუღლე…

დიახ, მე მყავს ფრანგი მეუღლე, 9 წლის გოგონა და 3 წლის ვაჟი. არ ვარ ძალიან მკაცრი დედა, თუმცა, დიდი სიყვარული არ ნიშნავს ყველაფრის უფლების მიცემას, ჩვენ გვაქვს რაღაც ლიმიტები დაწესებული. რაღაცა ტიპის ლიმიტი უნდა არსებობდეს, ნორმები დაცული უნდა იყოს, იმიტომ რომ დადგება დრო, როდესაც გარკვეული შეზღუდვები შეხვდება ადამიანს ცხოვრებაში.  რაც დიასახლისობას შეეხება, ძალიან მიყვარს კერძების კეთება, როცა ამის დრო მაქვს.

როგორ ეგუება მეუღლე შენს ასეთ აქტიურ ცხოვრების სტილს?

არც სჭირდება შეგუება, ისიც ჟურნალისტია, უწევს ხშირად მოგზაურობა და იცის, რა არის, როდესაც გაქვს საქმე, რომელიც გიყვარს.

როგორც ვიცი, საოცარი ნამუშევრები გაქვს და სამკაულებს აკეთებ…

სულ მეუბნებოდნენ, გააკეთე გამოფენაო, და აი, როგორც იქნა, გადავწყვიტე გამოფენის გაკეთება და კორონაც მოვიდა. სხვათა შორის. თვითიზოლაციის პერიოდში მქონდა დრო, ეს საქმე მეკეთებინა. ამისთვის საკმარისი დრო არასდროს მაქვს.

და ბოლოს, რომელ ცნობილ ადამიანთან ჩაწრდი ინტერვიუს?

ძალიან ბევრი ადამიანია ასეთი, ვინც ძალიან მაინტერესებს, ზოგიერთმა, სამწუხაროდ, დაგვტოვა. აი, მაგალითად დიდი სიამოვნებით ჩავწერდი ინტერვიუს ინგლისის დედოფალთან. სამეფო ოჯახის თემა საოცრად საინტერესოა.