LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკუს მეტრეველი: ჩემი სამოსი არის გემოვნებიანი და არა ძვირადღირებული

„ექსკლუზივის“ პირველი ნაწილის სტუმარი მომღერალი მარკუს მეტრეველი იყო. შედგა მისი ახალი სიმღერის პრემიერა. რატომ გადაწყვიტა მომღერლობის პარალელურად დიზაინერობა და როგორია უახლოესი გეგმები, ამის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

დაახლოებით ერთწლიანი პაუზა გქონდა კარიერაში, რატომ?
– არ მქონია პაუზა, ჩავწერე ახალი სიმღერები, უბრალოდ ფიზიკურად არ ვიყავი საქართველოში სტაბილურად და ვერ მოგიტანეთ დასაპრემიერებლად. როგორც კი ამისი საშუალება მომეცა, მეც აქ ვარ.

სად მოღვაწეობ საქართველოს საზღვრებს გარეთ?
– ბოლო ერთი წლის განმავლობაში ახალი პროფესია- მოდის დიზაინერობა შევითავსე და შევქმენი ტანსაცმლის ბრენდი. მქონდა ძალიან ბევრი მიწვევა, მათ შორის ჰონგ-კონგში, შანხაიში, ბაქოში, ამსტერდამში, ათენში და ა.შ. სხვათაშორის, ყველა ამ ადგილას ვიმღერე ეს სიმღერა, რომლის პრემიერაც დღეს თქვენს ეთერში შედგება.

რაც შეეხება დიზაინერობას, რამდენად წარმატებული ხარ?
– პირველივე კოლექციის შექმნის შემდეგ მქონდა მიწვევა მილანში. გამოსვლისთანავე გაიყიდა 35-ვე ლუქი, რაც ჩემთვის ძალიან კარგი შედეგია. ჩემი სამოსი არის გემოვნებიანი და არა ძვირადღირებული. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ამ ეტაპზე ვმუშაობ ოდნავ უფრო მაღალი დონის კოლექციაზე.

ქართული მოდის სამყაროში შემოსვლას თუ გეგმავ?
– რა თქმა უნდა, ჩემი მიზანია, რომ ჩავება მოდის ყოველწლიურ კვირეულებში. მინდა უფრო მეტი ვისწავლო, ვიდრე ვიცი და ჩემი სიტყვა ვთქვა ამ დარგში.

უცხოურმა გამოცემებმა ყველაზე გემოვნებიან ქართველ მამაკაცად დაგასახელეს…
– სხვათაშორის, როდესაც ცნობილმა ბრიტანელმა ბლოგერმა ეს ტიტული მომანიჭა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა, რომ დიზაინერობა გადავწყვიტე.

რაც შეეხება სიმღერას „საიდან მოდის ბავშვი“, საკმაოდ რეზონანსული გახდა. აპირებ თუ არა მსგავი ექსპერიმენტის გაკეთებას?
– ეს იყო იუმორისტულ-სარკასტული სიმღერა, რომელიც საზოგადოებამ არასწორად გაიგო. ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით არაფერს ვგეგმავ.

– ახალი სიმღერის შექმნის იდეა როგორ გაჩნდა?
– ეს სიმღერა დიზაინერ მარიშას ჩვენებისთვის შეიქმნა. მივედი ბორიკო შხიანთან, რომელმაც მომცა რამდენიმე რჩევა, ხმაზე ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა და ჩაიწერა „ბრავო რექორდსში“.

კომერციულ წარმატებაზე თუ გაქვს გათვლილი?
– ყველა ვარიანტში გავთვალე, რადგან ბოლო დროს ბევრ ევროპულ ქვეყანას ვსტუმრობდი და სწორედ ეს მიმართულებაა ძალიან კომერციული. ქართულ რეალობას რამდენად მოერგება, უკვე სხვა საკითხია.

კლიპის გადაღებას თუ აპირებ?
– რა თქმა უნდა, აუცილებლად.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?
– მაიკო კაჭკაჭიშვილმა დამიწერა სიმღერა და ამერიკაში ვაპირებ კლიპის გადაღებას. ასევე იგეგმება ჩემი ახალი კოლექციის ფოტოსესია ამერიკაში. ეს არის ჩემი უახლოესი გეგმები.

წარმატებებს გისურვებ.

გადაცემის აუდიო ჩანაწერი