LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მქონდა შემოთავაზება „ფლეი ბოისგან“ – მარგო ლუჩკო სტუმრად „ვიზიტორში“

11
margoluchko201013

გადაცემის ლაივი LIVE

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ტელეწამყვანი და მოდელი, მარგო ლუჩკო, რომელმაც კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და მსმენელს საკუთარი სილამაზის ფორმულა გაუზიარა.

როგორია განწყობა?

იცით, მე მჯერა, რომ ადამიანები თავად ქმნიან კარგ ხასიათს, თუ გნებავთ დილიდანვე დადგეთ კარგ ხასიათზე, „ფორტუნა პლუსს“ უნდა უსმინოთ.

როგორ დაიწყო შენი პოპულარობის გზა?

ჩემი პოპულარობა დაიწყო კონკურსით „მის საქართველო“, სადაც ერთ-ერთი გამარჯვებული გავხდი. მაშინ მის „მეგობრობის“ ტიტული მოვიპოვე. ვფიქრობ, რომ მის საქართველო უნდა იყოს ქართველი გოგონა, ქართველებს განსაკუთებული ხიბლი აქვთ. ძალიან მომწონს ჩვენი გოგოები, რომლებიც სამოდელო სფეროში არიან, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია ნინი გოგიჩაიშვილი, რომელთანაც ვმეგობრობ. შემდეგ იყო რადიო „ევროპა პლუსი“ და „პირველ სტერეოზე“ „რუსული ათეული“. შემდეგ მოჰყვა „რუსთავი 2“ და „ტელე იმედი“.

მე ვარ უკრაინელი, მაგრამ გულით ქართველი ვარ, დავიბადე თბილისში და ძალიან მიყვარს ეს ქალაქი, მიყვარს ქუჩები, ქართველი ხალხი, ვისწავლე ქართული, როგორი რთული იყო, რომ იცოდეთ.

გვესაუბრე სკანდალზე, რომელიც შალვა რამიშვილთანაა დაკავშირებული…

სხვათა  შორის, სკანდალები არ მიყვარს, უბრალოდ ისე ხდება, რომ ხშირად ვეხვევი ხოლმე. ზოგიერთი ადამიანი შავი გულით იბადება და  ვერ კმაყოფილდება იმ ბედნიერებით, რომელიც აქვს. ის, რაც იმედის ტელევიზიაში მოხდა, არ ჯდება ჩემი ცხოვრების პრინციპებში. მე და შალვა რამიშვილს გვქონდა მოლაპარაკება სიუჟეტის შესახებ, მე ამ სიუჟეტზე ვერ დავთანხმდებოდი, შალვას აქვს სხვა დამოკიდებულება ლამაზ გოგოებთან მიმართებაში, მე კი ამას ვერ დავთანხმდებოდი, ეს ყველაფერი დაგროვდა და მე რომ თავი შურაცხყოფილად არ მეგრძნო, წამოვედი. მე უბრალოდ მინდა ვიყო ბედნიერი, ადამიანი იმიტომ იბადება, რომ ბედნიერი იყოს, არავის არ უნდა მისცეთ უფლება, შეურაცხყოფა მოგაყენოთ.

ახლა ვარ ძალიან მყარად და თავისუფლად, იმიტომ რომ ჩემს კარიერაზე ვზრუნავ. პანდემიის პერიოდმა უამრავი თავისუფალი დრო მომცა, ახლა სილამაზესა და ჯანმრთელობაზე მაქვს აქცენტი გაკეთებული. თან მინდა გიამბო, თან არა, მეშინია თვალი არ მეცეს. ბოლო პერიოდია  ბრენდ მენეჯერობამ და იმიჯ მეიკერობამ დამაინტერესა, სწორედ ამ მხრივ მსურს განვითარება. ძალიან მომწონს ახალი თაობა, ძალიან ლამაზი ბავშვები იბადებიან საქართველოში. დასანანია, რომ ჩვენს ქვეყანაში შოუბიზნესი, კინემატოგრაფია, სამოდელო ბიზნესი არ არის განვითარებული. სწორედ ამ მხრივ მინდა განვვითარდე და ამ კუთხით ვიმუშავო.

მარგო ლუჩკო და ფოტოსესიები…

ოჰ, გიგა ეს არის ჩემი ავადმყოფობა, იმდენად მომწონს „მეიქაფ“ მოდელად ყოფნა, მქონდა შემოთავაზება „ფლეი ბოისგან“ პიკანტურ ფოტოსესიაში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ მე ვარ დედა და ვცხოვრობ საქართველოში, ასე რომ უარი ვთქვი. ჩემში არ ზის ეს ყველაფერი. ძალიან მიყვარს შემოდგომის პერიოდი, როცა ყველაფერი ყვითლდება, საღამოს შეგიძლია დალიო გემრიელი ცხელი ჩაი ან ყავა. სხვათა შორის, ძალიან მიყვარს ფუნთუშეული. ახლა თაფლის, ჩაის, პლედისა და კარგი წიგნისა თუ ფილმის პერიოდია. საქართველო იმდენად ლამაზი და მრავალფეროვანია, ახლა ყველა კუთხეში სილამაზე იქნება.

ჩემი სილამაზის ფორმულა ასეთია:

  • თუკი გენეტიკურად არ ხართ გამხდარი, უბრალოდ პირი უნდა გააჩეროთ.
  • კი კარგია, როცა გაქვს საშუალება ძალიან კარგ სპორტულ დარბაზში წახვიდე, თუმცა, როცა დრო და რესურსი არ გაქვს, უნდა ივარჯიშო მაშინ, როცა დროს გამონახავ, თუნდაც სახლში  – 100 ჩაჯდომა, 100 პრესი, 100 ფეხის ვარჯიში.
  • დილა დაიწყეთ ერთი ჭიქა წყლით. საკუთარ თავს უთხარით, რომ ეს დღე თქვენია. ეს თქვენი გასაკეთებელია.

 გვესაუბრე მუსიკალური კარიერის შესახებ..

იცით, მუსიკით ბავშვობიდანვე ვარ გატაცებული, დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი, ვუკრავდი ფორტეპიანოზე, გიტარაზე, ვმღეროდი და ახლაც ვმღერი სახლში, მამაჩემთან ერთად. სულ მეუბნებოდნენ, რატომ არ გაქვს მუსიკალურ კარიერაო, თუმცა მე არ ვარ მზად, საზოგადოების წინაშე წარვსდგე. მიმიღია მონაწილეობა მუსიკალურ პროექტში „ვარსკვლავების აკადემიაში“, ამ პროექტის შემდეგ წავედი სხვა ქვეყანაში და გრანპრიც ავიღე. შემდეგ დიჯეობა მომინდა.

მარგო, შენი აზრით, რატომ იჩაგრებიან საქართველოში ლამაზი ქალები?

საქართველოში არსებობს ტრადიცია, როცა გოგო თხოვდება, მისი საქმე არის ოჯახი, ზოგიერთი ჩემი მეგობარი გოგო დაბადებულია იმისთვის, რომ იყოს ჭეშმარიტი დიასახლისი, ზოგიერთი კი იმას იმიტომ აკეთებს, რომ მის მეორე ნახევარს სურს ასე. აბა მაშინ რისთვის ვსწავლობთ?! ვიღებთ განათლებას?! ბავშვები იზრდებიან, ბავშვებს აქვთ თავისი ცხოვრება, როცა ისინი გაიზრდებიან, ვინ ხარ მაშინ შენ. დედაჩემი მუდამ მეუბნებოდა, რომ სანამ გსურს რაიმე ახლის სწავლა, შენ ვითარდები.

დედობაც დიდი პროფესიაა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დედა ვარ. ძალიან გიჟი და მეგობრული დედა ვარ, მე და ჩემი ბიჭი  და-ძმასავით ვართ, მე 30 წლის ვარ, ის კი 11 წლისაა.  მუდამ ვეუბნები, რომ მას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება, აი სწორედ ეს მაკლდა ბავშვობაში.

თუ გიყვარს კულინარია?

ძალიან  მიყვარს სამზარეულოში ყოფნა, კერძების კეთება. მაქვს კერძების ჩამონათვალი, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. უკრაინულ კერძებსაც ვაკეთებ. ასევე 3-თვიანი კურსი გავიარე და ქართული კერძების გაკეთება ვისწავლე. ჩემი საყვარელი სამზარეულო, ეს მეგრული სამზარეულოა.

შენი პირადი ცხოვრების შესახებ გვესაუბრე..

რა თქმა უნდა, ჩემს ირგვლივ  კარგი მამაკაცები მუდამ ტრიალებენ, თუმცა ამ ეტაპზე, მე პირადად არ მსურს ვიყო რაიმე ურთიერთობაში. მე ახლა მხოლოდ კარიერაზე ვფიქრობ. დრო არ მაქვს. მომავალში ვნახოთ, შეიძლება გავთხოვდე კიდეც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები