LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოჯახში ერთადერთი ქალი ვარ და ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია“ – სალომე ნინუა სტუმრად „ვიზიტორში“

17
salomeninuavizitor

გადაცემის ლაივი LIVE

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი და ტელეწამყვანი სალომე ნინუა, რომელმაც თვითიზოლაციის პერიოდზე, კარიერასა და ოჯახზე ისაუბრა.

როგორ გაიარე პანდემიის პერიოდი?

მე ეს პრობლემები ნაკლებად შემეხო. ადამიანები ამბობდნენ, რომ სახლიდან ვერ გადიოდნენ, მე კი, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე სახლში არ დავმჯდარვარ, თუმცა, გლობალურად ყველაფერი განვიცადე. ამ ყველაფრიდან დადებითის აღებაც შეიძლება, ჩვენ, ადამიანები მუდმივად ვწუწუნებთ, რომ დრო არ გვყოფნის, დრო არ გვაქვს შვილებისთვის. მქონია ადრე მომენტები, რომ ფეხით წავსულვარ იმისთვის, რომ დრო მქონოდა გზაში ფიქრისთვის, ამ ყველაფრის დეფიციტს მუდამ განვიცდიდი, ახლა კი, ამ პანდემიის დროს, უამრავი რამ გადავაფასე, აღმოვაჩინე კარგიც და ცუდით და რაც მთავარია, ბევრი ვიფიქრე.

რაიმე ახალი ნიჭი ხომ არ აღმოაჩინე?

იცით, ჩემი მეგობრები სულ მეუბნებიან, რომ სალომე, აიღე ფუნჯი და ხატვა დაიწყეო. რაც თავი მახსოვს, სულ მინდა დავხატო, მაგრამ ფურცელზე ვერაფრის გადატანას ვერ ვახერხებ, ვიფიქრე, ვიყიდი სახატავ საშუალებებსმეთქი, თუმცა, ჯერჯერობით იქამდე არ მივსულვარ.

ნიჭი ნაკლებად აღმოვაჩინე, თუმცა აღმოვაჩინე თვისებები, თურმე კარგი ნებისყოფის უნარი მქონია. ამ პერიოდს მშვიდად გავუმკლავდი. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და გამიკვირდა, რომ მშვიდად შევხვდი ამ ყველაფერს. ამხელა გაჭირვება გამოვიარეთ, უამრავი ადამიანი შემოსვალის გარეშე დარჩა და ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ სახელმწიფომ ამისთვის არაფერი გააკეთა. ასევე დავინახეთ ადამიანები, რომელბიც ერთმანეთს მხარში ამოუდგნენ და დაეხმარნენ.

ახლა ყველაფერი დაპაუზებულია, მსახიობები კვლავ უმუშვრები არიან, წარმოიდგინეთ, დარბაზში 10 ადამიანი უნდა იჯდეს, პირბადეებით, ეს ხომ წარმოუდგენელია.

სალომე, როგორ გადაეწყვე ახალ სამუშაოზე?

ძალიან მიყვარს სიახლეები, თუმცა ძალიან გამიჭირდა საინფორმაციოს წამყვანობა, გიორგი ლაფერაშვილმა მითხრა, რომ დამთავრდა წინა ეტაპი და საინფორმაციო უნდა წაიყვანოო. ისეთმა ადამიანმა მითხრა, რომ დარწმუნებული ვარ შენშიო, რომ მეც დავრწმუნდი საკუთარ თავში. პირველი ეტაპი იყო ძალიან რთული, ახლაც რთულია,  ჯერ არაფერი ვიცი, ძალიან გამოუცდელი ვარ, ვმუშაობ 25-30 წლის სტაჟიან ადამიანებთან ერთად და მათგან ბევრს ვსწავლობ, ჩემი პირველადი პროფესიაც შემომეპარება ხოლმე წაყვანის პროცესში.

ახლა „ჯიპაში“ ვაბარებ, მინდა ჟურნალისტიკას სრულიად დავეუფლო. სიტყვა „ვერ“ არ არსებობს “. არიან ადამიანები, რომლებიც მიზანს ადვილად აღწევენ, მე მაგალითად მას რთულად ვაღწევ. უნდა დავეცე მაგრად, შემდეგ წამოვბობღდე, მარტივად რაღაცეები არ გამოდის. ჩემი აზრით, ადამიანმა არაფერი უნდა ინანოს ცხოვრებაში,  მე მაგალითად არასდროს არაფერი მინანია. ერთადერი იმას ვნანობ, თუკი ადამიანს ვაწყენინე, ზოგადად აფექტური ადამიანი ვარ.

შეიცვალა თუ არა პოპულარობის შემდეგ შენში რაიმე?

არა, არაფერი შეცვლილა, ზოგადად არაფერი იცვლება, სულ ვამბობ ხოლმე, როგორიც იბადება ადამიანი, ისეთი იქნება სულ. მე არ შევცვლილვარ და არც არასდროს შევიცვლები.

როგორი დედაა სალომე?

2 შვილი მყავს და ორივესთან განსხვავებული დედა ვარ, უფროსი შვილი 17 წლისაა, როდესაც გონს მოვედი, მაშინ გაჩნდა თორნიკე, ჩემთან ერთად გაიარა ტკივილი, ცრემლები, მეორე შვილი კი გააზრებულ  პერიოდში გავაჩინე. ხანდახან მკაცრი ვარ, მაგრამ ჩემს შვილებს ბევრ თავისუფლებას ვაძლევ. ვფიქრობ, რომ შვილებს თავისუფლება უნდა მიანიჭო.

სამზარეულოში თუ გიყვარს ტრიალი?

არა, სამზარეულოში არასდროს ვიქნები, თუმცა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, გემრიელი საჭმელები გამომდის, თან ვეგტერიანელი ვარ, გულს თუ ჩავუდებ, ყველაფერი გემრიელი გამოდის.

სად ხედავ შენს თავს 10 წლის შემდეგ?

იცით, ზოგჯერ რაღაცეებს ​​ვგეგმავ ხოლმე, ზოჯერ ყველაფერი თავისით ხდება. რაც ხდება ოდესღაც მიფიქრია ხოლმე.  მახსოვს პატარა რომ ვიყავი, ,,რუსთავი 2″- ის გადაცემას ვუყურებდი და გავიფიქრე, ნეტავ მანდ ვმუშაობდე-მეთქი და ეს სურვილი ამიხდა. ერთი ვიცი,  რომ ძალიან მინდა ბუნებასთან კონტაქტი, მინდა მქონდეს ბაღი, ბევრი ყვავილით, რაღაცეებს ​​ვთესავდე.

რა გააკეთე პირველი, როდესაც თვითიზოლაციის პერიოდი დასრულდა?

რა და გოგოებს დავუძახე დავლიოთთქო, რა თქმა უნდა დისტანციას ვიცავდით.

როგორ იწყება შენი დილა?

გარდა იმისა, რომ 2 შვილი მყავს, კიდევ ორი ​​ბავშვი მყავს, ორი ძაღლი, ინგლსური და ამერიკული კოკერსპანიელი. დილით ვდგები ძალიან ადრე, ვასეირნებ ძაღლებს, ვალაგებ სახლს, ორი ბავშვი, ორი ძაღლი, მეუღლე – ოჯახში ერთადერთი ქალი ვარ და ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია.

რამდენად მუშაობ საკუთარ თავზე?

გამუდმებით ვმუშაობ საკუთარ თავზე, როდესაც სამსახურიდან ვბრუნდები, საკუთარ თავს ვუყურებ, ვუსმენ, ვაკვირდები და უკეთესობისკენ შეცვლას ვცდილობ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები