LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი დევდარიანმა და „ჩემი ცოლის დაქალებმა“ როგორც არტისტი გადამარჩინეს – ქეთი ჩხეიძე სტუმრად „ვიზიტორში“

36
vizitor201020

გადაცემის ლაივი LIVE

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, ქეთი ჩხეიძე, რომელმაც თავისი ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან უამრავი საინტერესო ისტორია გაიხსენა.

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, გვესაუბრეთ თქვენი კარიერის საწყისების შესახებ..

ბავშვობიდან მოყოლებული ვეზიარებოდი თეატრსა და კინოს, ეს ჩემს ოჯახში ჩვეულებრივი ამბავი იყო. გიზო ჟორდანია ჩემი ბიძა იყო, თუმცა, მის გარდა, ჩემს ირგვლივ კიდევ სხვა ხელოვანი ადამიანებიც იყვნენ. ისინი ხშირად იკრიბებოდნენ ჩვენს სახლში – მსახიობები, რეჟისორები. მე ბავშვობიდანვე ვიყავი მათით გატაცებული. თეატრში  პატარაობიდანვე დავდიოდი. არ შეიძლებოდა, რომ  ამ შემოქმედებითი ძალისხმევის ტყვე არ გავმხდარიყავი. ეს იყო საქართველოს თეატრის ოქროს ხანა. შემოსავლიანი არ იყო ეს პროფესია, თუმცა, საქმე ის არის, რომ ვისაც ლტოლვა აქვს ამ სფეროს მიმართ, მუდამ იმედი აქვს, რომ შეძლებენ საკუთარი პროფესიით წარმატების მიღწევას. შემოქმედებითი ადამიანისთვის ფული კი არის აუცილებელი, თუმცა არ არის მთავარი, მთავარია შემოქმედება და ამით საზრდოობა.

მე ვიზრდებოდი თელავში, ჩემი ბებია კახეთში საოცრად ცნობილი ქალბატონი იყო, ქეთო ქავთარაძე, სამშობიაროს მთავარი ექიმი იყო, ის ვერიკო ანჯაფარიძესთან და ვასო გოძიაშვილთან მეგობრობდა. ვასოსთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ისტორია მინდა გიამბოთ, მას საოცარი იუმორი ჰქონდა, ის რაღაც პერიოდი ბებიაჩემთან კურიერად მუშაობდა, მოდიოდა ხოლმე და ანეგდოტებით ახალისებდა საზოგადოებას, ზოგჯერ ექიმები მშობიარეს ტოვებდნენ ხოლმე, ის თავისთვის კიოდა, ვასო კი ანეგდოტებს ჰყვებოდა. ერთხელ ბებიაჩემმა ვასოს უთხრა, ასე წინ და უკან როდემდე უნდა იარო, არ გინდა, შენი მონაცემები უფრო სერიოზულ სფეროში გამოიყენოო. შემდეგ ვასო სასწავლებელში მივიდა და ვასო გოძიაშვილიც გახდა. ერთხელაც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მისი საღამო, იუბილე იყო. ვასო  სცენაზე ავიდა და თქვა: „მე მინდა დავიჩოქო იმ ქალის წინაშე, რომელმაც განსაზღვრა მთელი ჩემი შემოქმედება“ – და ქეთო ქავთარაძის სახელიც გამოაცხადა.


მსმენია, რომ თქვენ საოცარი იუმორის გრძნობა გაქვთ

იცით, მე მგონია, რომ ეს შეძენილი უნარი არ არის, ეს უფრო თანდაყოლილი ნიჭია, გენეტიკურ დონეზე. ჩემს ბებიას, როგორც უკვე აღვნიშნე, დიდი კონტაქტები ჰქონდა, მისი ნათესავები შვეიცარიაში ცხოვრობდნენ. მე ერთადერთი შვილიშვილი ვიყავი და მიგზავნიდნენ უამრავ ტანსაცმელს,  ჩემი ბიცოლა კი სულ ჩემს ქებაში იყო. ერთხელ მას დისერტაციის დაცვა ჰქონდა, მან თბილისის ნაღები საზოგადება დაპატიჟა, წვეულებაზე საზოგადოება ჩემზე საუბრით შეაწუხა, მაქებდა, მადიდებდა, ელოდებოდა, რომ მათ წინაშე განსაკუთრებული ტანისამოსით წარვდგებოდი, თუმცა შეცდომა მოხდა, მე სულ არ მაინტერესებდა არაფერი, სულ ეზოში დავრბოდი, მაუგლის ტიპის ბავშვი ვიყავი. ბიცოლამ დიდი შესავალი გააკეთა,  ყველა მე მელოდა, ზოგი შოპენს უკრავდა, იყო არისტოკრატული გარემო, მე კი ასეთ მოუწესრიგებელ მდგომარეობაში შემოვვარდი სახლში, ბიცოლაჩემმა სხვა ოთახში შემათრია, სასწრაფოდ მოაწესრიგეთო, მე კი ოთახში გამოკეტილი ყოფნა მომწყინდა და კარს ფეხი ვკარი და სტუმრების ოთახში შევვარდი, კახური აქცენტით შევძახე, „ნათელა ძალოო, ქათამი გყაავ მეტქი“, ისეთი ხარხარი ატყდა მისაღებ ოთახში…

შემდეგ იყო რუსთაველის თეატრი, თუცა, რაღაც მიზეზები გამო თქვენ მეუღლესთან, მოსკოვში მოგიწიათ წავლა, როგორი ოყო იქ თქვენი ცხოვრება?

იცით, რამდენიმე წელიწადი ძალიან ხალისიანად ვცხოვრობდი, ჩემი შვილი, ნიკა პატარა იყო, მე მეორე შვილს ველოდებოდი, სწორედ ამ მოვლენით ვიყავი მთელი ჩემი არსებით მოცული. ტაბაკოვმა გააკეთა იქ თეატრი „ტაბაკერკა“. იმ პერიოდში თბილისი ჩამოვდიოდი ხოლმე, სულ მეუბნებოდნენ, სისულელე არ გააკეთეო და თეატრიდან არ წამოხვიდეო. ეს საუბარი გიგა ლორთქიფანიძის ყურამდე მივიდა და გიგამ ტაბაკოვს წერილი მისწერა, ამ ისტორიას ასე დეტალურად პირველად თქვენ გიამბობთ, გიგამ მე საოცრად მაქო და მადიდა, როცა ტაბაკოვთან მივედი, ის მიხვდა, რომ არც მთლად ასე იყო საქმე, თუმცა მითხრა, რომ თქვენ ისეთმა ადამიანმა გაგიწიათ რეკომენდაცია, რომ  ხვალიდან შეგიძლიათ დაიწყოთ სიარულიო. მე უნდა დამედგა ისეთი რამ, სადაც ენის ბარიერი არ იქნებოდა, მე არ მქონდა კარგი აქცენტი. მეც ვიარე 3 თვე, ბოლოს მივხვდი, რომ არც ისე იყო საქმე, რომ კუთხეში ვმჯდარიყავი, მე სხვა პოზიციებიდან ვიყავი წამოსული და არ მინდოდა „დამატებად“ მეგრძნო თავი.

შემდეგ თბილისში, „მარჯანიშვილის“ თეატრში დაიწყეთ მოღვაწეობა, შემდეგ კი სერიალებშიც გამოჩნდით..

90-იან წლებში, უშუქობის პერიოდში, დარბაზები მაინც მუდამ სავსე იყო ხოლმე, ეს საცარი შეგრძნება იყო, ხალხი იცით როგორ იჯდა?  ფეხები ჰქონდათ აკეცილი და ფეხებზე ისხდნენ, იმიტომ რომ ყინავდა. როცა დარბაზში შუქი ქრებოდა, ტექნიკური რეჟისორი სანთლებს შემოიტანდა ხოლმე და ასე გრძელდებოდა სპექტაკლი. ამაზე ალბათ ერთხელ დოკუმენტურ ფილმსაც გადაიღებენ, ამ ყველაფერზე ზოგჯერ  ცრემლიც მომადგებოდა ხოლმე, ისეთი ემოციური მომენტები იყო. თეატრს ჰყავს თავისი მაყურებელი, რომელსაც მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ.

რაც შეეხება სერიალებს, ის „ყავადა ლუდით“ დაიწყო, შემდეგ კი „ჩემი ცოლის დაქალებით“ დაგვირგვინდა. იცით, აღნიშნულ სერიალში მიღებულმა როლმა მე უდიდესი რამ მომცა, პირველ რიგში, მორალური სიმშვიდე და კმაყოფილება, თეატრში ერთი ორი როლი კი მაქვს ხოლმე, თუმცა ეს არაფერია. რომ არ ყოფილიყო „ჩემი ცოლის დაქალები“ მე ძალიან გამიჭირდებოდა. ამიტომ ქეთი დევდარიანმა და მისმა ჯგუფმა, მე როგორც არტისტი, გადამარჩინეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები