რა ახდენს თმის ხარისხზე გავლენას - სილამაზის აკადემია

რა ახდენს თმის ხარისხზე გავლენას – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ „ჰეარ ბარის“ მასტერმა ქეთა ფიფიამ ისაუბრა.

რა ახდენს თმის ხარისხზე გავლენას?

მზის ზემოქმედებამ, ცხელმა თმის მოვლის იარაღებმა, დიეტამ და ქიმიურმა მკურნალობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს თმაზე. მშრალ, დაზიანებულ თმას უმცირდება ის ელემენტები, რომელიც სრულყოფილი სტრუქტურისთვის სჭირდება. თმას ამ დროს დაზიანებული აქვს ბუნებრივი ტენიანობა და შიდა ცილის სტრუქტურა.

რა არის კოლაგენი?

კოლაგენი, ეს არის მთავარი ბოჭკოვანი ცილა, რომელსაც შეიცავს სხეულის შემაერთებელი ქსოვილი. კოლაგენი არის ჩვენს ძვლებში, სახსრებში და ასევე დიდი რაოდენობით კანში. კოლაგენს შეიცავს ჩვენი თმაც, ფრჩხილები, კუნთები,სისხლძარღვები, კბილები და ა.შ.

კოლაგენი შედგება ამინომჟავებისაგან, რომელთაც სხვადასხვა დანიშნულება და სარგებელი მოაქვთ ჩვენი ორგანიზმისთვის. ეს ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში, სხვა ცილებთან შედარებით, ყველაზე უხვად გვხვდება და საერთო ცილის დაახლოებით 30%-ს შეადგენს. აღნიშნული ცილის წარმოებას ორგანიზმი ბუნებრივად ანელებს ასაკის მატებასთან ერთად. 25 წლიდან ჩვენი ორგანიზმი ამცირებს კოლაგენის გამომუშავებას და 45 წლამდე საერთო რაოდენობის დაახლოებით 30%-ს ვკარგავთ.

ამ დროს სხეული და მათ შორის თმა, კარგავს ახალგაზრდულ იერს,ხდება ფოროვანი და ეკარგება მელანინი. ამის თავიდან ასაცილებლად, იდეალური ვარიანტია კოლაგენის დანამატის სახით მიღება.

კოლაგენის ხელოვნურად მიწოდება აღადგენს თმის ქსოვილებს და ასტიმულირებს მის წარმოქმნას ხელახლა.

რაში გვეხმარება პროტეინი?

პროტეინი არის ცილა,რომელიც ავსებს სიცარიელეს თმის სტრუქტურაში. ეს ხელოვნურად შექმნილი დანამატი არის კარგი ბაზა კერატინის პროდუქტის შეყვანამდე თმაში. პროტეინი უქმნის კერატინს კომფორტულ პირობებს, რომ მისი აგრესიული თვისებები დაასუსტოს.

ბოტოქსში გაერთიანებულია კოლაგენი, პროტეინი, თმისთვის საჭირო ყველა ვიტამინი. ეფექტი ნარჩუნდება 3 თვემდე. თმის სტრუქტურა ხდება გლუვი, რბილი და მბზინავი.