რა არის გრავიტაციული ფტოზი და როგორ შევაჩეროთ დაბერების პროცესი - სილამაზის აკადემია

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის გრავიტაციული ფტოზი და როგორ შევაჩეროთ დაბერების პროცესი – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის საავტორო გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ დერმატო-კოსმეტოლოგმა ნათია ნუცუბიძემ ისაუბრა.

რა არის გრავიტაციული ფტოზი?

ჩვენ კარგად ვიცით, რომ გრავიტაციული ფტოზი დედამიწის მიზიდულობის ძალას უკავშირდება. შედეგად, ადამიანის სახის ყველა ნაკვთი და სხეულის ყველა ნაწილი ქვემოთ იწევს.გრავიტაციული ფტოზი სიბერის პირველი ნიშანია და ადამიანის გარეგნობაზე 35 წლის ასაკიდან აისახება. ამ პროცესის მიმდინარეობისას სახე და სხეული ფორმას კარგავს. ეს პროცესი ეხება სახის თითქმის ყველა ნაკვთს: ყვრიმალებს, თვალებს, ლოყებს, ნიკაპს, ღაბაბს… მათ შორის მკლავებს, დუნდულებს და სხეულის თითქმის ყველა ნაწილს.

ყველაზე მეტად სად გამოიკვეთება გრავიტაციული ფტოზი?

გრავიტაციული ფტოზი მეტად გამოხატულია მკერდზე, დუნდულებზე, ქუთუთოზე, ხელებსა და ღაბაბზე. პაციენტები, რატომღაც, ყოველთვის ერთი პრობლემის გადასაჭრელად მომმართავენ. გრავიტაციული ფტოზი გახლავთ პრობლემათა ჯაჭვი, რომელსაც მხოლოდ ერთი ზონის მოგვარებით ვერ გადაჭრი. ხშირად ქალბატონები უჩივიან ღაბაბის ჩამოწევას და ნიკაპთან ე.წ. “მარიონეტული ნაოჭის” გაჩენას. ეს სახელწოდება თეატრალური, სევდიანი ნიღბის ქვემოთ დაწეული ტუჩის ფორმის გამო შეურჩიეს. მოგეხსენებათ, ესთეტიკური მედიცინა იმდენად განვითარდა, ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია, მაგრამ გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც. პრობლემას ვერ გადაჭრი, თუ კომპლექსურად არ მიუდგები. როცა საქმე გრავიტაციულ ფტოზს შეეხება, არც ისე მარტივ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე.

როგორ სწორდება „მარიონეტული ნაოჭი“?

“მარიონეტული ნაოჭი” ინიექციის მეთოდით სწორდება, მაგრამ იქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ტუჩის კუთხეებთან ერთად აუცილებლად დაშვებულია ყვრიმალის ზონა, რომელიც ტუჩის კუთხეებს აწვება. დაწეული იქნება ასევე ღაბაბის ზონაც. განსაკუთრებით, თუ პაციენტს წონის პრობლემა აქვს. წლებთან ერთად, თუ დააკვირდებით, ნიკაპის ზონაც განიცდის ცვლილებას. ნიკაპი ქვემოთ ეშვება და მასში ცხიმის ლიპიდა მომატებულია. ამით იმის თქმა მსურს, რომ წლებთან ერთად სახის კონტური,ოვალი იშლება. სახეს კონტური რომ დავუბრუნოთ, პრობლემას კომპლექსურად უნდა მივუდგეთ. გრავიტაციული ფტოზი – თავად ეს ტერმინიც კი იწვევს ჩემში შიშს, იმდენად გარდაუვალ და არასაიმედო პროცესებს უკავშირდება იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ სახისა და სხეულის ყველა ნაწილი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მაგალითად, “მარიონეტულ ნაოჭს” აწვება ცხვირ-ტუჩის დაწეული ზონა, ცხვირ-ტუჩის ზონას – დაწეული ყვრიმალი… ამიტომ პრობლემის მოგვარება წესით ყვრიმალის აწევით უნდა დავიწყოთ, შემდეგ ცხვირ-ტუჩის ნაოჭი გავასწოროთ შემავსებელი გელით და ბოლოს შეიძლება ნიკაპის ზონის დამუშავებაც. ამ პრობლემის მოგვარება შედარებით შეამსუბუქებს ღაბაბის ზონის მდგომარეობას. ეს ზონა შედარებით აიწევს. გარდა ამისა, ღაბაბის ზონის მოსაწესრიგებლად არაჩვეულებრივი ინიექციური საშუალებაა – ლიპოლიტიკი.

რა არის ლიპოლიტიკი?

ეს გახლავთ ინიექციური საშუალება, რომელიც ღაბაბის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხიმებს შლის.მას შემდეგ შეიძლება კიდეც ამ ზონებზე მეზოძაფების ჩადგმა. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ გრავიტაციული ფტოზი ეხება თვალების ზონას, კერძოდ – ქუთუთოს. ხშირად დაწეული ქუთუთო გენეტიკური ხასიათისაა. თუ გრავიტაციული ფტოზი მკვეთრად აისახება ქუთუთოზე, ასეთ დროს ქირურგიულ ჩარევას მეც ვურჩევ ხოლმე პაციენტს. მარტივი ოპერაციაა და გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს. თუკი მკვეთრად გამოხატული ფტოზი არ არის და თვალის ქუთუთოზე პატარა “კაპიშონკებია” (როგორც კორეელები ეძახიან), მაშინ მეზოძაფების ჩადგმაც საკმარისია. სახის კანის ტონუსისთვის და ახალგაზრდული იერისთვის კი შეგიძლიათ პერიოდულად ჩაიტაროთ მეზოთერაპიისა და ბიორევიტალიზაციის კურსი.

რაც შეეხება გრავიტაციულ ფტოზს სხეულზე

არაჩვეულებრივი საშუალებაა ვარჯიში და ცურვა. ეს პროცედურები კუნთებს ამაგრებს და ნამდვილად გირჩევთ. მე არ მივეკუთვნები ექიმებს იმ ჯგუფს, რომლებიც სუბიექტურად, მხოლოდ თავისი პროფილით უდგებიან პრობლემის გადაჭრის გზებს. თუკი არსებობს გზები, რომელიც ინიექციისა და ესთეტიკური მედიცინის გარეშე შეიძლება მოგვარდეს, პაციენტს აუცილებლად ვთავაზობ. სიბერის ნიშნებთან საბრძოლველად მათთვის ყველა ხერხს ვიყენებ. მათ, ასევე, ვურჩევ კვების რაციონისთვის და ძილის რეჟიმისთვის ყურადღების მიქცევას.კანის დაბერების სხვადასხვა თეორიები აღწერს ორგანიზმში მიმდინარე გარეგან და შინაგანად ფაქტორებს, რაც იწვევს ასაკობრივ ცვლილებებს, გამოვლენილს, როგორც ქსოვილზე, ასევე ორგანოებზე. აღსანიშნავია, რომ ასაკობრივი ცვლილებები, პირველ რიგში აისახება კანზე, მის ყველა შრეში იწყება ინვოლუციური პროცესი . ერთი შრე სქელდება, მეორე პირიქით, თხელდება, მესამე იცვლის სტრუქტურას და შედეგად, ეს პროცესი, ეტაპობრივად იწვევს ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების წარმოქმნას, შეშუპებას და სხვა ასაკობრივ ცვლილებებს. შესაბამისად, ქალბატონების კანი 30 წლის შემდეგ, ნელ-ნელა იწყებს დაბერებას.მცირდება რა კანის შიგნით ცხიმის ფენა, უარესდება სახის ქსოვილებში სისხლის მიწოდება, ღრმავდება ნაოჭები. ჩვეულებისამებრ, ამ პერიოდში კანი ხდება ფერმკრთალი, შეშუპებული, მატულობს პიგმენტური ლაქები. ძლიერდება გრავიტაციული ფტოზი. კანის უჯრედების განახლებისთვის საჭირო ხდება 56-60 დღე.