LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის კონტურული პლასტიკა და რას ნიშნავს სახის ასიმეტრია – სილამაზის აკადემია

14
shengelia tofuria

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის კონტურული პლასტიკა, რას ნიშნავს სახის ასიმეტრია – ამ თემებზე  მარტა ქარუმიძის გადაცემაში “სილამაზის აკადემია” კოსმეტოლოგმა ელისო შენგელიამ და გნათოლოგმა და ორთოდონტმა თამარ თოფურიამ ისაუბრეს.

რა არის კონტურული პლასტიკა?

ელისო შენგელია:

კონტურული პლასტიკა ეს არის სახის სწორი, გეომეტრიული პროპორციების მოდელირება. ექიმმა, რომელმაც კარგად იცის სახის ანატომია, შეუძლია ფილერით შეიტანოს ცვლილება, გამოხატოს ყვრიმალი, პოზიციონერება გაუკეთოს ნიკაპს, გამოკვეთოს სახის ოვალის კონტურები.

ასაკში ადამიანი კარგავს ღრმა ცხიმოვან ქსოვილს, რის შედეგადაც სახეზე ბუნებრივი, ლამაზი რელიეფი ირღვევა. ამ შემთხვევაში სახის მოდელირება შესაძლებელიც არის და გამართლებულიც.

რაც შეეხება ახალგაზრდებს, როცა არანაირად არ არის გამოხატული ასაკობრივი დაბერების ნიშნები, მაგრამ გვაქვს სახის ასიმეტრია, პირველი, რასაც აკადემიურად მომზადებული ინექციონისტი აკეთებს, არის სახის ძვლების განვითარებისა და ქვედა ყბის სახსრის ფუნქციონირების ანალიზი.

როდის არის რეკომენდებული გნათოლოგის ჩარევა?

თამარ თოფურია:

როცა გამოხატულია ჩონჩხოვანი ასიმეტრია და სახის დეფორმაცია, საუკეთესო შედეგის მისაღწევად უმჯობესია გნათოლოგის ჩარევით მოხდეს ჯერ ჩოჩხოვანი და კუნთოვანი რეაბილიტაცია, ხოლო შემდეგ ინექციური კორექცია. ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელი ხდება პოლიპროფილური მიდგომა, გუნდური ჩართულობა.

ყველა ადამიანის სახე ბერდება, ეს პროცესი შეიძლება შევანელოთ, აქ შეცდომის დაშვება არ შეიძლება. კარგად უნდა გავითავისოთ, რომ რბილი ქსოვილების საყრდენი ჩონჩხი, ჯანმრთელი საფეთქელ ქვედა ყბის სახსარია. როცა სახსრის დისფუნქციაა, თავის ქალის ყველა კუნთი დაძაბულია, ვითარდება კბილების პათოლოგიური ცვეთა, იკარგება სახის ვერტიკალური (ქვედა მესამედი) სიმაღლე, თავისთავად ნიკაპი გადაადგილდება უკან და ვიღებთ დაბერებულ სახეს ( ხშირად მოზრდილებშიც), ამიტომაც სტაბილური შედეგის მისაღწევად საჭიროა, ჯერ მოხდეს ფუნქციონალური რეაბილიტაცია და შემდგომ ინექციური მოდელირება.

როგორც ამბობენ, ბოტოქსის ინექციის შედეგის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მიმიკური კუნთების აქტივობაზე…

ელისო შენგელია:

ზოგ ადამიანში მიმიკური ექსპრესია ძალიან ძლიერია, ეს არის ე.წ. ჰიპერკინეზი. ასეთ დროს სწორად უნდა იყოს შერჩეული ტოქსინის ერთეულები. ხშირად სპეციალისტები გაურბიან სტანდარტულზე მეტი დოზით ტოქსინის ინიცირებას. შედეგად ვიღებთ არასაკმარის, ან ხანმოკლე შედეგს. ხანმოკლე ეფექტის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის პარაფუნქცია, რომელიც თავის მხრივ თავის ქალას და კისრის ყველა კუნთის დაძაბულობას განაპირობებს.

თამარ თოფურია:

კუნთების სტრეს ფაქტორი იმდენად ძლიერია, რომ იწყებს მოქმედებას სტრესული კინეტიკა და კუნთი ადვილად გამოდის რელაქსირებული მდგომარეობიდან. ტოქსინი კარგავს თავის მოქმედებას. სახსრის პარაფუნქცია საღეჭ კუნთებსაც კარგად ეტყობა, ის ჰიპერტროფიულია და სახეს კვადრატულ ფორმას აძლევს. ისევ მივდივართ გნათოლოგიასთან, უმთავრესია სახსრის პარაფუნქციის მოხსნა, კუნთების ფუნქციური მოდუნება ბოტულინო ტოქსინის სტაბილური და ხანგრძლივი ეფექტის მისაღებად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები