LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ასაკიდან არის რეკომენდებული ბრეკეტ-სისტემით მკურნალობა და რა არის ელაინერები, იგივე უხილავი კაპები – სილამაზის აკადემია

13
sijinavamariami

გადაცემის ლაივი LIVE

რა ასაკიდან არის რეკომენდებული ბრეკეტ-სისტემით მკურნალობა და რა არის ელაინერები, იგივე უხილავი კაპები – ამის შესახებ მარტა ქარუმიძის საავტორო გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა-ორთოდონტმა, მარიამ სიჭინავამ ისაუბრა.

როდის უნდა განხორციელდეს ორთოდონტთან პირველი ვიზიტი?

ორთოდონტთან პირველი ვიზიტი უნდა განხორციელდეს 3-4 წლის ასაკში. პირველი ვიზიტი შემოიფარგლება პირის ღრუს დათვალიერებით, თამაშით, რაც ბავშვში იწვევს ნდობასა და პოზიტიურ დამოკიდებულებებს ამ დარგის მიმართ. ორთოდონტი ამოწმებს ხომ არა აქვს მავნე ჩვევას ადგილი: თითის, ენის, მუშტის, ლოყის წოვას, ასევე ძილის დროს პირღიაობას, როგორ უდევს თავი ძილის დროს, რა პოზიციაში. ხომ არ არის ფუნქციური დარღვევები( ღეჭვის, ყლაპვის). ასევე ხდება მშობელთან ანამნეზის შეკრება: როგორი იყო ორსულობა, მუცლადყოფნის პერიოდში ადგილი ხომ არ ჰქონდა ამნიოტონური სითხის არათანაბარ გადანაწილებას, მუცლადყოფნის დროს ბავშვს ლოყის ქვეშ ხომ არ ჰქონდა ამოდებული ხელი და ასე შემდეგ. ეს ყოველივე გასათვალისწინებელია, რათა გამოირიცხოს ყბა-კბილთა სისტემის განვითარების ხელის შემშლელი მიზეზები. რაც მთავარია თანამედროვე ორთოდონტია გვაძლევს იმის საშუალებას რომ მავნე ჩვევებს ვებრძოლოთ სპეციალური მავნე ჩვევების გადასაჩვევი აპარატებით. ორთოდონტთან შემდეგი ვიზიტი აუცილებელია განხორციელდეს 5 წლის ასაკში, როდესაც მუდმივი კბილები უკვე იწყებენ ჩამოჭრას. ამ დროს იწყება სარძევე კბილების ფიზიოლოგიური ცვეთა. ზოგჯერ არასწორად და არათანაბრად მიმდინარეობს ზედაპირების ცვეთა, რაც აფერხებს ყბების, კბილთა რკალების ზრდას. სასურველია 6 წლის ასაკიდან მოხდეს ორთო პანტომოგრამის გადაღება და ორთოდონტის მიერ სარძევე კბილების ამოღების დაგეგმარება.

როგორც ვიცი, არ შეიძლება მშობლების მიერ შვილებისთვის სარძევე კბილების თვითნებურად ამოღება?

ხშირ შემთხვევაში მშობლები შვილებს კბილებს უღებენ დაზიანების მიხედვით, იმ იმედით რომ მუდმივი კბილები დაიკავებენ მათ ადგილს. სამწუხაროდ ავიწყდებათ, რომ ყველა კბილის ამოჭრას თავისი დრო აქვს და ამასთან ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. კბილებს აქვს უნარი, გადაინაცვლონ იქით, სადაც სადაც სიცარიელე დახვდებათ. სარძევე კბილის ნაადრევი ამოღების დროს, სწორედ მეზობელი კბილები იწყებენ ამოღებული კბილების ადგილის დაკავებას, რაც შემდგომში მუდმივი კბილისთვის ადგილის დეფიციტს აჩენს. სწორედ ასეთი ფაქტები განაპირობებენ ხშირ შემთხვევაში კბილთა რკალების მჭიდრო დგომას. სწორედ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად ორთოდონტები ორთო პანტომოგრამის მიხედვით ვგეგმავთ კბილების ექსტრაქციას, ამოღებას ანუ როდის რომელი კბილი ამოვიღოთ. ეს არის იმის წინა პირობა, რომ ყბა-კბილთა სისტემა განვითარდეს ნორმალურად, სიმეტრიულად, რამაც შემდგომში შეიძლება თავიდან აგაცილოთ ბრეკეტ-სისტემით მკურნალობა. სწორი პროფილაქტიკა და კბილების ექტრაქციის დაგეგმარება, იმის წინა პირობაა, რომ დაზოგავთ ფინანსებს და დროს. ამასთან თანამედროვე ორთოდონტია გვაძლევს უახლეს სილიკონის ტიპის აპარატებს რომელიც გამოიყენება ცვლადი თანკბილვის პირობებში. პაციენტი ატარებს ძილის დროს, რაც ბავშვებისთვის აადვილებს მკურნალობას. კომფორტული, ადვილად მოსახსნელი და მოსახმარი აპარატებია.

რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბრეკეტსისტემით მკურნალობა?

ბრეკეტ-სისტემით მკურნალობას ხშირ შემთხვევაში მიუთითებენ 12 წლიდან, ან მაშინ როდესაც ბავშვი ყველა სარძევე კბილს მოიცვლის. არსებობს რიგი პათოლოგიები ყბა-კბილთა სისტემაში, როდესაც 12 წელი დაგვიანებული შეიძლება აღმოჩნდეს. ბრეკეტ-სისტემით მკურნალობის ასაკი კი შეუზღუდავია, თუ ამის საჭიროება არსებობს. ამასთან თანამედროვე ორთოდონტია გვაძლევს იმის საშუალებას რომ კბილები გავისწოროთ ეგრეთ წოდებული უხილავი კაპებით. რომელსაც სხვადასხვა ქვეყანა და ფირმა გვთავაზობს. საზოგადოებაში კი ცნობილია, როგორც: ელაინერები, ინვიზილაინი და ასე შემდეგ. სხვადასხვა ფირმა სხვადასხვა ასაკიდან მკურნალობის დაწყებას გვთავაზობს. პაციენტის კომფორტი მდგომარეობს მის გამჭვირვალობაში, თუმცა დრო, როგორც ბრეკეტ-სისტემით მკურნალობის დროს, დამოკიდებულია მდგომარეობაზე. ჩემს პაციენტებს ვეუბნები: მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს წელიწად ნახევარს, ორ წელს. გააჩნია პაციენტი როგორ ატარებს, როგორო უვლის პირის ღრუს და ასე შემდეგ. უამრავი ნიუანსია, რამაც შეიძლება გაზარდოს მკურნალობის დრო. ასე ერთი ხელის აღებით ვერავინ ვერ იტყვის კონკრეტულ დროს. თუმცა პაციენეტი შედეგს იმავე თვეს, ან რამდენიმე თვეში ხედავს. პირველ ეტაპზე გადანაცვლდებიან გვირგვინები, თუმცა კბილის ფესვი, რომელმაც ძვალში უნდა შეიცვალოს პოზიცია, ვერ ასწრებს გადანაცვლებას. რაც ხშირ შემთხვევაში პაციენტის უკმაყოფილების მიზეზი ხდება. დრო სწორედ ფესვების პოზიციების შეცვლას სჭირდება და შემდგომ მათ დაფიქსირებას. ვინაიდან კბილები მთელი ცხოვრების მანძილზე ფიზიოლოგიურად გადანაცვლდებიან, მნიშვნელოვანია მათი ფიქსაცია ნებისმიერი ტიპის აპარატის გასწორების შემდეგ.

რა კეთდება ბრეკეტ-სისტემით, ელაინერებით მკურნალობის შემდეგ? _ შედეგის შენარჩუნებისთვის ვაკეთებთ, როგორც მოუხსნელ რეტეინერს ( კბილების შიდა ზედაპირზე მაგრდება, მოიცავს 6 კბილს) ზედა ყბა, ქვედა ყბაზე, ასევე მოსახსნელი კაპას, თუ მოსახსნელ ფირფიტოვან აპარატს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პათოლოგია აქვს პაციენტს. ექიმიც იმის მიხედვით ნიშნავს რეტეინერის ხანგრძლივობას. ამრიგად, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, ნაადრევი დიაგნოსტიკა არის იმის გარანტი, რომ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ყბა-კბილთა სისტემა და თავიდან აიცილოთ სხვადასხვა ტიპის აპარატით ჩარევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები