LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ბლოკავს ბოტოქსი ჭარბოფლიანობას – სილამაზის აკადემია 

30
cercvadze

გადაცემის ლაივი LIVE

ჭარბოფლიანობა იგივე ჰიპერჰიდროზი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ზაფხულში  განსაკუთრებულად მწვავდება. შესაბამისად ადამიანებისთვის დიდ დისკომფორტს წარმოადგენს და ხშირად უხერხულობის შეგრძნებასაც იწვევს.  როგორ გავთავისუფლდეთ ჭარბოფლიანობისგან, ამის შესახებ გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა-დერმატოლოგმა, თინიკო ცარციძემ ისაუბრა.

რა არის ჭარბოფლიანობა, იგივე ჰიპერჰიდროზი და რამ შეიძლება გამოიწვიოს ის?  

ჰიპერჰიდროზი, იგივე ჭარბოფლიანობა მრავალი ადამიანის პრობლემაა. რა თქმა უნდა ყველა ადამიანი მუდმივად გამოყოფს ოფლს. ნორმალური ტემპერატურის დროს, დღე-ღამეში ადამიანი გამოყოფს ნახევარ ლიტრამდე ოფლს, მაღალი ტემპერატურისა და განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს  კი ათჯერ მეტს. როდესაც ადამიანის ფიზიკური დატვირთვის გარეშე, მოსვენებულ მდგომარეობაში ჭარბად გამოეყოფა ოფლი იღლიის ზონაში, ხელის, ფეხის გულებზე, ასევე სახის მიდამოში, ეს არის სწორედ ჰიპერჰიდროზი. მრავალრიცხოვანმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ იღლიების, ფეხებისა და ხელების გაძლიერებული ოფლდენა (ჰიპერჰიდროზი) – სტრესის ინდიკატორებია. სწორედ ამ ზონის საოფლე ჯირკვლები რეაგირებენ ადრენალინზე გაოფლილი ხელისგულებით, ტერფებითა და იღლიებით.  ზოგიერთი ადამიანს საოფლე ჯირკვლები ადრენალინის მიმართ მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევა და სულ მცირე სტრესის ან ნერვიულობის დროს დაუყოვნებლივ გამოყოფს ოფლს. ან შეიძლება საოფლე ჯირკვლებს საერთოდ არ შეუძლია დახურვა და ოფლიანობა ნებისმიერ სიტუაციაში ნორმალურზე მეტია.  სტატისტიკის მიხედვით, ჰიპერჰიდროზით დაავადებულია მსოფლიოს მოზრდილი მოსახლეობის ერთი პროცენტი.

არსებობს როგორც პირველადი, ასევე მეორადი ჰიპერჰიდროზი. რა განსხვავებაა მათ შორის?

დიახ, განარჩევენ ჰიპერჰიდროზის ლოკალურ (ადგილობრივ) და გენერალიზებულ სახეებს. ლოკალური ჰიპერჰიდროზის დროს ადგილი აქვს ოფლის ჭარბ გამოყოფას ძირითადად: ხელისა და ფეხის გულების, იღლიის და სახის მიდამოში. პირველადი ჰიპერჰიდროზს ძირითად შემთხვევაში ლოკალური ხასიათი აქვს. შეიძლება მისი გამომწვევი იყო გენეტიკური განწყობა. გენერალიზებული ფორმის დროს კი ჭარბი რაოდენობით ოფლი, როგორც სახეზე, ასევე მთელ სხეულზე გამოიყოფა. მეორადი ჰიპერჰიდროზს ძირითადად გენერალიზებული სახე აქვს. ის როგორც წესი კონკრეტული დაავადების სიმპტომს წარმოადგენს. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადება, შესაძლოა ეს იყო ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, შაქრიანი დიაბეტი, ავთვისებიანი სიმსივნე, სიმსუქნე. შესაბამისად, ასეთ დროს გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო.

თუ ჭარბოფლიანობაა ლოკალურად, სხეულის გარკვეულ ნაწილებში ვლინდება (სახე, ხელის გულები, ფეხის გულები, იღლია), იმ შემთხვევაში თუ ადამიანი მოსვენებულ მდგომარეობაშია, არ იტვირთება ფიზიკურად, ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს. შესაბამისად ასეთ დროს მიმართავენ სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებას, ასევე სამედიცინო მანიპულაციებს.  ბოტულინოთერაპია კი სწორედ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად არის მიჩნეული ჰიპერჰიდროზის სამკურნალოდ. ინექცია ტარდება ლოკალურ ზონებში, როგორიც არის იღლიის ზონა, ხელის გულები და ფეხის გულები

როგორია  მკურნალობს მეთოდი და რა ეტაპებს მოიცავს ის?

ბოტულინოთერაპიის საშუალებით სასურველი შედეგი მიიღწევა – დამუშავებულ ზონაზე წყდება ოფლის გამოყოფა და პაციენტი თავს კომფორტულად გრძნობს ნებისმიერ სიტუაციაში.    სანამ პროცედურას დავიწყებთ, პაციენტის პრობლემიდან გამომდინარე ვადგენთ ოფლის გამოყოფის ხარისხის. ანუ პაციენტს თავდაპირველად უტარდება „მინორის ცდა“, ანუ ტესტი, რომლის დახმარებითაც ვარკვევთ ოფლის გამოყოფის ადგილსა და სიხშირეს. რის შედეგადაც დგინდება ინექციის დოზები. ტესტის დროს პრობლემური ზონები (იღლიის ფოსო, ხელის გულები, ფეხის გულები) მუშავდება იოდის წყალხსნარითა და სახამებლით. იქ, სადაც ჭარბი ოფლი გამოყოფა, სახამებელი იცვლის ფერს, მუქდება და ეს მანიშნებელია იმისა, რომ სწორედ ამ ადგილას ხდება ოფლის ჭარბად გამოყოფა. ამის შემდეგ უკვე ვატარებთ პროცედურას, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობს.  პრობლემურ ზონაში მიკროინექციის გზით შეგვყავს “A” ტიპის ბოტულინოტოქსინი,  რომელიც ახდენს საოფლე ჯირკვლების ფუნქციის დროებით შეჩერებას. ბოტულინოტოქსინი ნერვული დაბოლოებების ბლოკირებას ახდენს, რომლებიც ვერ გადასცემენ შესაბამის სიგნალს საოფლე ჯირკვლებს.

როდის დგება შედეგი და რამდენ ხანს გრძელდება?

დამუშავებული ზონების ოფლიანობა მნიშვნელოვნად მცირდება 1–2 დღის შემდეგ. ოფლიანობის შეწყვეტისთვის კი 7 – 14 დღეა საჭირო.    პროცედურა გრძელდება დაახლოებით 30–40 წუთი. ეფექტის ხანგრძლივობა კი ნარჩუნდება 8 თვიდან 12 თვემდე. შესაძლოა ინექციების ადგილას გაჩნდეს წერტილოვანი სისხლჩაქცევები, რომელიც უკვალოდ ქრება 2–3 დღის განმავლობაში. პროცედურის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში არ არის რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღება, საუნის პროცედურები, ანტიბიოტიკების მიღება. პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

შესაძლებელი თუ არა დისპორიტის ინექციით ჭარბოფლიანობისგან სამუდამოდ განკურნება?

იმ შემთხვევაში თუ პაციენტი ამ პროცედურას იტარებს წელიწადში ორჯერ, ან სისტემატურად გარკვეული პერიოდის განმავლობაში,  ოფლის გამოყოფა თანდათანობით მცირდება და საბოლოო ჯამში ქრება. ზოგადად პაციენტები ძალიან კმაყოფილები არიან ამ პროცედურით, რადგან მათ ჭარბოფლიანობა დიდი დისკომფორტს უქმნის. რა თქმა უნდა პროცედურას იტარებენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები.

რამდენად უსაფრთხოა?

აბსოლუტურად უსაფრთხო პროცედურაა, რადგან ვიყენებთ გასუფთავებულ პროტეინს, რომელიც მიმართულია ნერვული იმპულსის დასათრგუნად, რომელიც საოფლე ჯირკვალს ამუშავებს. როგორც აღვნიშნე, ოფლის გამოყოფა თანდათანობით მცირდება და ქრება.

რა ასაკიდან შეიძლება?

18-20 წლიდან შეიძლება ამ პრობლემის მკურნალობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები