LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია სუფრაზე ბევრი საჭმლის დახვავებასა და 500 კაციან ქორწილებს სულაც არ ნიშნავს, ბევრი ტრადიცია დამახინჯებულია“ – ზაალ ჩიქობავა სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

17
plusshow

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“  სტუმარია მსახიობი და ტელეწამყვანი, ზაალ ჩიქობავა, რომელმაც სამსახიობო კარიერასა და ოჯახზე ისაუბრა.

პირველ რიგში როგორ ხარ?

ისე ვარ როგორც ყველა, ემოციებში, ყველა ვღელავთ, რაღაც განსაკუთრებული მდგომარეობაში ვიმყოფებით, თუმცა, რადიო რადიოა, რადიო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა, ჩემთვის რადიოდან მიღებული ინფორმაცია იყო მუდამ განსაკუთრებული. ადრე სურვილიც კი მქონდა, რადიოწამყვანი ვყოფილიყავი. არადა საკუთარ ხმასთან საშინელი შეუგუებლობა მქონდა, შემდეგ ვისწავლე ხმის ბალანსი, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ბავშვობიდან თეატრში ძალიან დიდ დროს ვატარებდი. მსახიობის შვილები ერთ ლოჟაში ვიყავით ხოლმე მოთავსებულნი. რეჟისურით დავინტერესდი, შემდეგ მსახიობის პროფესიამდე მივედი. შემდეგ ცხოვრებამაც მოიტანა, მენეჯერის პროფესიაშიც გავთვითცნობიერდი.

რუსთაველის თეატრზე გვესაუბრეთ, საიდანაც თავად წამოხვედით, თუმცა ასე მგონია, რომ გულნატკენი ხართ,

ჩემი განცხადება იყო პროტესტი, პროტესტი იმის მიმართ, რომ მე როგორც განმახორციელებელი, უძლური ვრჩებოდი, ეს იყო პასუხისმგებლობის მოხსნა იმაზე, რაზეც მე ვეღარ ვიყავი პასუხისმგებელი.

პირველი როლი გაიხსენეთ,

ეს იყო 8 წლის ასაკში, ფაქტობრივად მარჯანიშვილის თეატრის უშტატო მსახიობი ვიყავი. ეს იყო გიგა ლორთქიფანიძის ,,შთამომავლობა”. ასევე „გმირთა ვარამში“ უფლისწული ვიყავი. თეატრალურ უნივერსიტეტში კი პირველი როლი იყო, როდესაც ნიკო ლორთქიფანიძის ზღაპარს ვყვებოდი. მე მახსოვს, ვერიკო ანჯაფარიძე, სარეპეტიციო პერიოდი და არასოდეს დამავიწყდება, ასაკში იყო უკვე და საოცრად ეწინააღმდეგებოდა ყველას, ამბობდა, არ ვარ  იმ ასაკშიო… ის რეპეტიციის მსვლელობის დროს სულ იქ იჯდა და ადევნებდა თვალყურს.

ახლა გვესაუბრე ტელევიზიაზე,

ტელევიზიამ დროის შეგრძნება გამიჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია ის წუთები, რომელიც მოცემული გაქვს. ძალიან სტრესულია, ეს პროფესიულად ძალიან რთული დავალებაა. თუ ბოლო პერიოდში რაიმე საუკეთესოთა შორი საუკეთესო გამიგია, ეს არის გელა ჩარკვიანი ბოლო ბლოგი სიტყვები, „იქნებ ერთხელ მაინც ჩვენ ცხოვრებაში 5 წუთი იყოს 5 წუთი“. ის რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაკლია, ქართველებზე ვსაუბრობ, დროის შეგრძნება არ გაგვაჩნია. ვერ ვგრძნობთ, რა დროში ვართ მოსულები და რა პასუხისმგებლობა გვაკისრია. დროის გასწრების უფლება უფრო გვაქვს ქართველებს, ვიდრე ჩამორჩენის. რაც წამყვანობას შეეხება, ძალიან კარგ გუნდში მოვხვდი. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ფორმატიც საოცრად საინტერესოა, ყველაფერზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მადლობა „ტვ პირველს“ ამისთვის. პირველი ეთერი ვერ დავიმახსოვრე, იმიტომ რომ ძალიან სტრესული იყო.

შენმა შვილებმა როგორ აირჩიეს პროფესია?

მე პირადად ჩემი მშობლებისაგან მუდამ თავისუფლება მქონდა. ასე ვარ ჩემ შვილებთან დამოკიდებულებაში, ისინი სხვა მიმართულებით მიდიან და მეც მაინტერესებს მათი საქმიანობა. ზოგადად, პროფესიების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ჩვენი პრობლემაც ისაა, რომ ჩვენ ვერ ვხვდებით, რამხელა მნიშვნელობა აქვს პროფესიას და ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ თითოეული პროფესია არის ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და დასაფასებელი. თუ შენ ლურსმნის დაჭედებაში პროფესიონალი ხარ, შენ არასდროს მოგაკლდება სამუშაო. რასაც ქართული ტრადიციები ჰქვია, მგონია, რომ ეს არ არის ქართული ტრადიციები, ეს ყველაფერი ქართველი ხალხის ემოციებში არ ზის. სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია სუფრაზე ბევრი საჭმლის დახვავებასა და 500 კაციან ქორწილებს სულაც არ ნიშნავს, ბევრი ტრადიცია დამახინჯებულია.

ზაალი და სამზარეულო,

გადასარევად ვმეგობრობთ მე და სამზარეულო, გურმანი ვარ, მეუღლე საოცრად ამზადებს, რაიმე ისეთი საჭმელი არ მომიმზადებია, თუმცა, მჭადი გამომიცხვია.

რა მუსიკას უსმენ?

ჯაზი არის ის მუსიკა, რომელიც ყველანაირ ემოციასა და მდგომარეობაში ჩემს სულ უხდება, ასევე კლასიკასაც და პოპსაც ვუსმენ, თანამედროვე მიმართულებებსაც.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები