LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,უმოძრაობა კი მთელ რიგ ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს, ხდება წონაში მატება, ჩნდება ხერხემლის პრობლემები” – ფიტნეს ინსტრუქტორი ლაშა შამუგია

12
lasha

გადაცემის ლაივი LIVE

8 ივლისს რადიო „ფორტუნა პლუსს“ და გიგა ბატკუაშვილის გადაცემას „ვიზიტორი“ ფიტნეს ინსტრუქტორი ლაშა შამუგია სტუმრობდა, რომელმაც ვარჯიშის და სწორი კვების მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე ისაუბრა.

ლაშა, როდის გადაწყვიტე ფიტნეს ინსტრუქტორობა?

ვვარჯიშობ ბავშვობიდან, დაახლოებით, 14 წლიდან. უკვე 25 წელია, რაც შეუწყვეტლად ვვარჯიშობ. 5-6 წელია, რაც მწვრთნელი ვარ. ფიტნესი ყოველთვის ჩემი ჰობი იყო, თან პროფესიით ნუტრიციოლოგი ვარ და შესაბამისად, ეს თემა ძალიან ახლოს იყო ჩემთან, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრება დამეკავშირებინა იმ საქმიანობასთან, რაც ძალიან მიყვარს. ახლახან ჩემი საკუთარი დარბაზიც გავხსენი.

ბოლო დროს ძალიან პოპულარული და აქტუალურია ფიტნეს დარბაზები. როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა ეს ყველაფერი, რატომ გაიზარდა მოთხოვნა?

ხალხის ფიტნესით დაინტერესება, ალბათ, იმან გამოიწვია, რომ ბოლო დროს მჯდომარე ცხოვრების წესზე ვართ გადასული და ნაკლებად ვმოძრაობთ. უმოძრაობა კი მთელ რიგ ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს, ხდება წონაში მატება, ჩნდება ხერხემლის, სახსრების და ა.შ. პრობლემები. ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ ხალხმა დარბაზში სიარული დაიწყო. ფიტნესის პოპულარობას ხელი სოციალურმა ქსელებმაც შეუწყო.

რამდენად შესაძლებელია შედეგის მიღება ონლაინ ვარჯიშებით?

დავიწყებ იმით, რომ როდესაც ადამიანი პერსონალურ მწვრთნელთან მიდის, 5-ჯერ უფრო სწრაფად იღებს შედეგს, რადგან ვარჯიშისას ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, საჭიროა მოძრაობების სწორად სწავლა და ა.შ. სანამ ამ ყველაფერს ადამიანი თავისით, ინტერნეტის მეშვეობით ისწავლის ძალიან ბევრი დრო გავა.

ბევრი ცნობადი სახის პირადი ტრენერი ხარ. რამდენად რთულია მათთან ამ მიმართულებით მუშაობა?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, გიყვარდეს შენი საქმე და იყო კომუნიკაბელური. ვთვლი, რომ პერსონალური მწვრთნელი თავისი მოსწავლის „სარკე“ უნდა იყოს. ტრენერი მოსწავლის ხასიათზე უნდა აეწყოს, რომ მას კომფორტულად აგრძნობინოს თავი. როდესაც ადამიანი შენთან, უცხო გარემოში მოდის და ვარჯიშს იწყებს, ეს ყველაფერი ძალიან დიდი სტრესია, ამიტომ შენ უნდა ეცადო, რომ მას მაქსიმალური კომფორტი შეუქმნა.

უფრო მეტად რა მიზნით მოგმართავენ ხოლმე?

ძირითადად წონის კლება სურთ ხოლმე, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც კუნთოვანი მასის გაზრდა სურთ. შეიძლება ვიღაცას მასის შენარჩუნება და მხოლოდ კუნთების გამკვრივება უნდოდეს. ზოგი უბრალოდ ჯანმრთელობისთვის ვარჯიშობს. მე მგონია, რომ ადამიანმა პირველ რიგში თავისი როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობისთვის უნდა ივარჯიშოს. ვარჯიშისას მთელი რიგი ფსიქოლოგიური პრობლემები გეხსნება, რადგან დიდი რაოდენობით ენდორფინები გამოიყოფა.

შენს გამომწერებს ხშირად უზიარებ სხვადასხვა კერძებს და აძლევ რჩევებს იმის შესახებ, თუ რა მიიღონ და რა დოზებით. როგორია შენი რეკომენდაციები, რას ურჩევდი საზოგადოებას?

ასეთი რეცეპტების ჩაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდოდა, ხალხისთვის მეჩვენებინა, რომ ჯანსაღად კვება უგემურად კვებას არ ნიშნავს. ჯანსაღი საკვები უნდა უდრიდეს გემრიელ საკვებს, რადგან ასე უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეძლებს ადამიანი ამ ყველაფრის დაცვას და ჯანსაღი კვების ცხოვრების წესად ქცევას. გეტყვით იმასაც, რომ კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჩვენი საყვარელი საკვების მიღებითაც არაფერი დაშავდება და რომ ეს კიდევ უფრო დააჩქარებს გახდომის პროცესს. მე ყოველთვის ვცდილობ ჩემს მოსწავლეებს მათზე მორგებული კვების რაციონი შევუდგინო. მნიშვნელოვანია ვიკვებოთ დაბალანსებულად, ჩვენს რაციონში საჭირო რაოდენობის მიკრო და მაკრო ნუტრიენტები უნდა იყოს. ჩვენი რაციონი მდიდარი უნდა იყოს როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებით. უმთავრესია მოძრაობა. თუ პირად მწვრთნელთან სიარულის საშუალება გაქვთ, რა თქმა უნდა, ამას მივესალმები, რადგან შედეგს უფრო ჩქარა მიიღებთ. თუ არ გაქვთ იმის საშუალება, რომ პერსონალური მწვრთნელი აიყვანოთ, მაშინ კარგი იქნება თუ დარბაზში მაინც ივლით. თუ დარბაზში სიარულსაც ვერ ახერხებთ, მაშინ ეზოში ივარჯიშეთ, ბევრი იარეთ ფეხით. ეცადეთ, რომ  სწორად იკვებოთ და საჭირო რაოდენობის წყალი მიიღოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები