,,ვხუმრობ ხოლმე, ჩემს გვარს, დურგლიშვილს ვამართლებ" - რატი დურგლიშვილი მცხეთაში სახლს საკუთარი ხელით აშენებს

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი, რატი დურგლიშვილი, რომელმაც პანდემიის პერიოდსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

რატი, სად ხარ გადაკარგული, რით ხარ დაკავებული?

პანდემიის პერიოდში იმდენად უინტერესო გახდა ცხოვრება… სიმღერაც აკრძალულია, ასე ვხუმრობ ხოლმე. და აი, მიზნად დავისახე, რომ სახლი ამეშენებინა და ჩემი ხელით ვაკეთებ ყველაფერს. ვხუმრობ ხოლმე, ჩემს გვარს, დურგლიშვილს ვამართლებ მეთქი. უენერგიო, გაუბედურებული მივდივარ ხოლმე აქედან, ჩემს მეგობრებს არ სჯერათ, რითაც ვარ დაკავებული. თუმცა, ამასთან ერთად ძალიან ნასიამოვნები ვარ, იმიტომ რომ საკუთარია და საკუთარს ქმნი. სახლის გადაფასადებას ვაკეთებ, აბსოლუტურად მე ვაკეთებ ყველაფერს მარტო, ხანდახან ჩემი ძმა მეხმარება, ხანაც დედაჩემი. მსურს, რომ შემოქმედებითი ნიმუში იყოს.

მშენებლობის საკითხში საოცრად გავერკვიე. სახლი მცხეთაშია, ჩემი საოცნებო ადგილია მცხეთა, სადაც საოცარი ადამიანები ცხოვრობენ. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ძალიან ქარიანია იქაურობა. სხვათა შორის, დავაკვირდი, ეს წელი ისე ჩქარა გავიდა, არ ვიცი რისი ბრალია, კომენდანტის საათის ბრალიც იქნება, ვფიქრობ, რომ ნახევარი დღე წართმეულია. აი ეს დრო, ეს ერთი წელი უბრალოდ გაფრინდა. მე ვარ მაწანწალა, მიყვარს დალევა, კლუბები, მეგობრების ნახვა…

როგორ მოახერხე, რომ ეს ერთი წელი, ამდენი შეზღუდვით გადაიტანე?

მე ვარ ძალიან კანონმორჩილი ადამიანი. თავშეყრის ადგილებს ძალიან ვერიდები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ყველაფერს ვითვალისწინებ. არც გადაკოცნით ვარ დაკავებული. იმდენად სერიოზული ვითარებაა… ძალიან ყურადღებით ვარ, დაბადების დღეც არ გადამიხდია. მეტი გზა არ გვაქვს, უნდა შევეგუოთ ამ ყველაფერს.

როგორ მიდის შენი მუსიკალური კარიერა, რა გეგმები გაქვს?

ფაქტობრივად ახალი სიმღერა უკვე ბოლომდეა მისული, მე და მაკა ვმუშაობთ ერთად. ჩემი დაწერილი სიმღერაა, ძალიან ლამაზი გამოვიდა. ამ კვირაში უკვე ჩაწერას ვგეგმავთ და ბოლოს ვიდეორგოლის გადაღებაც გვინდა. რუსა მორჩილაძის სიმღერაც ძალიან მალე გამოვა. რამდენიმე სიმღერაა რიგშია. საერთო ჯამში 4 ნამუშევარი უნდა გამოვიდეს. როგორც კი რეგულაციები მოიხსნება, ავმოძრავდებით. მთავარია, რომ ჯანმრთელები ვიყოთ და საერთოდ ნუ მამღერებენ.

ტელეწამყვანიც იყავი, თუმცა ახლა აღარ ხარ, რატომ?

მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან რთულია, დიდი სიტყვათა მარაგია საჭირო. უნდა იყო ორგანიზებული, მუდამ კონცენტრირებული, ძალიან რთული პროფესიაა. ის ძალიან დიდი დროს მოითხოვდა და ფიზიკურად ვეღარ ვანაწილებდი ყურადღებას.