LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველთვის მეშინოდა შვილის დაკარგვის, ამის ფობია მქონდა… ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ“ – ლულუ კახიანი

14
ლულუ-კახიანი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ტელე-რადიო წამყვანი ლულუ კახიანი, რომელმაც კარიერის საწყისები გაიხსენა  და იმ ტრაგედიაზეც ისაუბრა, რომელიც მის ოჯახს რამდენიმე წლის წინ დაატყდა. 

გადაცემის ლაივი LIVE

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, გვესაუბრე კარიერის შესახებ,

პირველი იყო რადიო, სტაჟიორად დავიწყე მუშაობა „საქართველოს ხმაში“. შემდეგ გაიხსნა „ჩვენი რადიო“, წამყვანი ვიყავი. მე და მზია შარაშიძე ერთად ვმუშაობდით. შემდეგ დაიხურა და მოვხვდი „პირველ რადიოში“. 8 წელი ვიმუშავე იქ. 2000-იანი წლები იყო. იმავე შენობაში გაიხსნა „მაესტრო“. მაშინ არ იყო გასართობი არხები, „იუთუბი“, ინტერნეტი, არ იყო შუქი, ყველა უსმენდა რადიოს. სახეზე არ გვიცნობდნენ, მაგრამ ხმით მცნობდნენ. მამუკა ბერიკამ მიმიწვია გადაცემაში და მე ვიყავი პირველი სტუმარი. ჩანაწერიც კი მაქვს კასეტაზე. მსმენელები აქტიურად მირეკავდნენ. სწორედ ამ ეთერის დროს დამირეკა მამუკა ღლონტმა, მაესტროს დირექტორმა და შემომთავაზა არხზე მუშაობა. მიყვარდა და მიყვარს დღემდე მუსიკის მოსმენა და ჩემთვის რადიო იყო ოაზისივით, სადაც გავრბოდი სიცივისგან, გაჭირვებისგან, უშუქობისგან. იქ იყო სითბო და მუსიკა. თავად ვარჩევდი ხოლმე ფლეილისტს. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი რამ. ჩემს გემოვნებას ვუზიარებდი მსმენელს.

შემდეგ უცბად გახდი ძალიან პოპულარული, ეს მოხდა ,,მაესტროთი”,

დიახ, ქუჩაში ყველა მცნობდა, საჩუქრებს ვიღებდი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ თავში აგვივარდა, ეს იყო მაყურებელთან უშუალო ურთიერთობა და ეს ყველაფერი შემაწუხებელი არ იყო. მახსოვს, სპორტის სასახლეში ახალი წლის პერიოდში, სამი კონცერტი იყო დაგეგმილი და იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, რომ დავამატეთ კონცერტები. ათი კონცერტი ჩავატარეთ სრული ანშლაგით. იქიდან რომ გამოვდიოდით, როგორც „ბითლზის“ კონცერტების დროს ხდებოდა ხოლმე,  ისე მოხდა, მანქანის შუშებზე გვიკაკუნებდნენ, ავტოგრაფებს გვთხოვდნენ.

შემდეგ იყო პაუზა, გაქრი ეკრანებიდან, რა მოხდა?

დიახ, იყო პაუზა, გავაჩინე პირველი შვილი, 2004 წელი იყო, დავტოვე მაესტრო. ჩვენი ოქროს გუნდი იშლებოდა და არხი სხვა სტადიაზე გადადიოდა. ნოემბერში დავიწყე მუშაობდა „პირველ არხზე“, დილის გადაცემის წამყვანად. 4,5 წელი ვიმუშავე „პირველ არხზე“. შემდეგ კი დიდი პაუზა მქონდა, მეორე ბავშვი გავაჩინე. კონტრაქტი აღარ გამიგრძელეს. სხვა საქმით ვიყავი დაკავებული, ლინგვისტი ვარ და ენების სკოლაში ვმუშაობდი ჩემი პირველადი პროფესიით. სხვათა შორის მქონდა ბრძოლები საკუთარ თავთან, ვცადე მივბრუნებულიყავი ისევ ტელევიზიაში. მე ზოგადად, ნაცნობობით სამსახურები არასდროს დამიწყია. ახლა „რუსთავი 2“-ში ვარ, უკვე მესამე წელია, დილის გადაცემაში რუბრიკა მაქვს თინეიჯერებზე – რა აწუხებთ მათ და მათ მშობლებს, ეს ძალიან საინტერესო თემაა, რომელიც ყველას ეხება.

მინდა გესაუბრო შენს ტრაგედიაზე,  ეს მოხდა რამდენიმე წლის წინ, შენ ძალიან ძლიერი ქალი ხარ და კვლავ დადექი ფეხზე, როგორ შეძელი ეს?

არასდროს გავურბივარ ამ თემაზე საუბარს. სამი წელი გავიდა, რაც ჩემი უფროსი შვილი, ლენო აღარ არის ჩემთან ერთად. ყოველთვის მეშინოდა ამ ფაქტის, შვილის დაკარგვის, მე ამის ფობია მქონდა. ვფიქრობ, რომ ამაზე დიდი ტკივილი მშობლისთვის არ არსებობს. ზოგადად, ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ. რაც შეეხება ჩემს ფეხზე დადგომას, მე მყავს მეორე შვილი, რომელიც არის 14 წლის და არის თინეიჯერი. მინდა ლენოზე გითხრათ, ლენო იყო 15 წლის და ის სამუდამოდ დარჩა 15 წლის. ის ძალიან რთული თინეიჯერი იყო. ბაღის ასაკიდანვე რთული იყო, სულ პროტესტები ჰქონდა, არასდროს გვემორჩილებოდა. აფიქსირებდა საკუთარ აზრს, იყო ძალიან სოციალური, მაგრამ ამასთან ერთად დეპრესიული. მან ორი მეგობარი დაკარგა, ამან მასზე ძალიან იმოქმედა, მეუბნებოდა, რომ აღარ სურდა სიცოცხლე. ზოგადად რთული პერიოდი იყო მაშინ, ძალიან ბევრი ცუდი რამ ხდებოდა. ეს მისი გადაწყვეტილება იყო და დღემდე ვცდილობ, რომ ეს მისი გადაწყვეტილება მივიღო. მე ვთლი, რომ ის დანებდა. ბოლომდე ვერ გაქაჩა, დამარცხდა. ალბათ თვითონ არ თვლიდა ასე. როდესაც ეს მოხდა, იმ ღამეს, ჩემთან გამომძიებლები მოვიდნენ, ავტომატურად ჩემში რაღაც შეიცვალა. ნინის კარი გამოვკეტე, რომ არ გაღვიძებოდა, მისი დაცვა მინდოდა. დიდი ხანი არ ვიმჩნევდი, მეც და მამამისიც, მე ნინის წინაშე არ ვტიროდი, მაშინ ის 11 წლის იყო. ის ბევრ რამეს ვერ ხვდებოდა. ასე პირდაპირ დღემდე არ გვისაუბრია. ერთი ორჯერ მითხრა, რატომ ტირიო, მეც ვუთხარი, ლენო მენატრება მეთქი, მითხრა ეს ლენოს გადაწყვეტილება იყო, რატომ ნუ ტირიო, არ მოიწყინოო, ასეთი მესიჯი წამოვიდა მისგან. მე რომ მეორე შვილი არ მყოლოდა, არ ვიცი როგორ ვიქნებოდიო, მან სტიმული მომცა. ზოგადად ვარ დეპრესიული და მელანქოლიური, თუმცა მიყვარს ცხოვრება.

მეუღლეზე გვესაუბრე, როგორი ურთიერთობა გაქვთ?

ჩვენ დავიშალეთ, ამ ყველაფრის მერე რთულია თანაცხოვრება. ასეც ხდება ხოლმე სტატისტიკურად. უბრალოდ ასე გადავწყვიტეთ, აღარ გვინდოდა ერთად ყოფნა, თუმცა მანამდეც ყოფილა ჩვენს ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები. თუმცა ვმეგობრობ ნინის მამასთან, ნინის მამა ძალიან უყვარს, მას პატარა ძმა ჰყავს. ზაფხულობით ერთ სასტუმროში ვისვენებთ ხოლმე. ეს ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. მას ხომ ორივე უყვარს და არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები