„ზოგჯერ მეზღაპრესაც მეძახიან ხოლმე“ - გიორგი კალანდია სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ისტორიკოსი და ჟურნალისტი გიორგი კალანდია, რომელმაც საკუთარ პროფესიასა და პირადი ცხოვრებაზე ისაუბრა. 

გადაცემის ლაივი LIVE

რატომ გაგიჩნდა ინტერესი და სიყვარული ისტორიის მიმართ?

ჩემი სიყვარული ისტორიის მიმართ უკავშირდება დადიანების სასახლეს. თავიდან მე არ ვაპირებდი ისტორიკოსობას, ვეტერინარული კუთხით მინდოდა წასვლა, მაგრამ, როდესაც სკოლას ვამთავრებდი, დადიანების სასახლეში მორიგი ვიზიტით ვიყავი, არ ვიცი რა მოხდა, ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, იმდენად იმოქმედა ჩემზე, გადავწყვიტე ისტორიკოსობა. მე ეს მახასიათებს, როდესაც რაღაცის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, ვექცევი ბოლომდე. მამაჩემი მუშაობდა ზვიად გამსახურდიას მთავრობაში, იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე უნივერსიტეტში, პროფესორი. ამ პერიოდს დაემთხვა სამოქალაქო ომი. ამ დროს ვაბარებდი უნივერსიტეტში. მშობლებს საქართველოდან წასვლა მოუწიათ. მე მაინც ჩავაბარე, საკმაოდ მძიმე პერიოდი იყო, თუმცა მაინც ვსწავლობდით. ეს ის პერიოდი იყო, როცა ყველა უცხოეთში წავიდა, მქონდა საშუალება გერმანიაში მესწავლა, მაგრამ მაინც საქართველოში მინდოდა დავრჩენილიყავი.

შემდეგ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში ტელევიზია, ეს პერიოდი გაიხსენე,

ორი წლით ვაპირებდი ტელევიზიაში დარჩენას, თუმცა ჩამითრია. „სტუდია აუდიენციამ“ გამოაცხადა კონკურსი, მომინდა და გადავწყვიტე მეცადა. სულ სამი ადამიანი აარჩიეს. ვფიქრობ, ჩემზე ბევრად კარგი ისტორიკოსებიც არიან, თუმცა, როცა ხარ ისტორიკოსი და თან ჟურნალისტი, ეს ერთობა ძალიან კარგ შედეგს იძლევა. ადვილად შეგიძლია მიიტანო ყველაფერი ფართო აუდიტორიამდე. რაც შეეხება მანერას, არასდროს ვკეკლუცობ, სულ ასეთი მანერა მქონდა და მიხარია, თუკი ვინმეს მოსწონს ეს მანერა. რასაც ვყვები მე ამას ვყვები გულწრფელად.

ბევრჯერ მსმენია, რომ მკაცრი ლექტორი ხარ,

კი, არ არის ეს ტყუილი,  ცნობილია, რომ მე ვარ მკაცრი ლექტორიც, მენეჯერიც, დირექტორიც და ზოგჯერ ამის გამო სასამართლო დავებიც არის, თუმცა ხშირ შემთხვევაში ვიგებ ხოლმე ამ პროცესებს. მთავარი არის დისციპლინა და ამას მე დიდი ყურადღებას ვაქცევ. როცა სტუდენტი იგვიანებს, მე მას აუდიტორიაში არ ვუშვებ. სხვათა შორის,  მიმართლებს სტუდენტებში, საუკეთესოები არიან, ბევრი პერსპექტიული სტუდენტი მყავს.

პირად ურთიერთობებშიც ასეთი მკაცრი და მომთხოვნი ხარ?

არ შეიძლება სამსახურის მოთხოვნები გადაიტანო პირად ურთიერთობებში. ყველაზე ახლობელი ადამიანები კი ვინც სამსახურში მყავს, მათთანაც მომთხოვნი ვარ. ეს არის ლოგიკური, როცა ადამიანს ძალიან ენდობი, მისგან მეტს ითხოვ. ხშირად ვუნახავარ ჩემს თანამშრომლებს თითით რომ ვამოწმებ, სადმე მტვერი ხომ არ არის. ალბათ ძნელი ასატანია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან საპასუხისმგებლოს საქმე, იყო მუზეუმის ხელმძღვანელი, იმიტომ, რომ ეს არის მთელი საქართველოს საგანძური.

შენ გადაცემაში ძალიან დეტალურად აჟღერებ ხოლმე ისტორიულ თემატიკას,

ის, რომ ჟურნალისტი ვარ, ეს მეხმარება ისტორიაში ვეძებო ისეთი დეტალები, რაც ადამიანებისთვის იქნება საინტერესო, ზოგჯერ მეზღაპრესაც მეძახიან ხოლმე. სხვათა შორის, კრიტიკას კარგად ვუძლებ, ეს ბევრ რამეში მეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ემოციური ვარ. სხვათა შორის, მოულოდნელი იყო ჩემთვის გადაცემის ასეთი შედეგი, ის ძალიან რეიტინგული გადმოდგა, 300 ათასი ნახვა აქვს ხოლმე.

ქართული ტრადიციები როგორ მოგწონს?

არის რაღაც ტრადიციები რაც ძალიან  მომწონს, არის რაღაცები რაც ძალიან არ მომწონს. აი მაგალითად, სუფრის ტრადიციებთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს. არ შემიძლია დიდ ხანს სუფრაზე ჯდომა. ეს ზუსტად ვიცი, რომ არ იყო ქართულ ტრადიციებში და შემდეგ მოიგონეს.  ჟან სარდენი იყო ასეთი ფრანგი იუველირი, რომელმაც იმოგზაურა საქართველოში, ის დაესწრო ქართულ სუფრას სასახლეში, მეფესთან მიღებაზე. იყო მოხიბლული და შოკირებული, თუ როგორ მიირთმევდნენ ღვინოს წესრიგიანად. ჩვენთან, საფრანგეთში, ორი ადამიანი სუფრაზე უფრო მეტს ხმაურობსო, ვიდრე მთელი მეფის კარი საქართველოს სუფრაზეო. რაც შეეხება ჩემს თამადობას, კარგი თამადა არ ვარ, მაგრამ თამადობა მომწონს, როდესაც ბევრი საინტერესო რამის შესახებ საუბრის საშუალება მეძლევა.

რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

პირადი ცხოვრება არ მაქვსო რომ გითხრა გაგეცინება, ყველას გვაქვს ჩვენი პირადი, თუმცა, ბობოქარი არ არის. რაც უფრო ასაკში შევდივარ, ვფიქრობ, რომ დროა რაღაც ნაბიჯები გადავდგა.