LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ხაჩიძე: „იმედია, გავიმარჯვებთ ამ ვერაგ დაავადებაზე, ხათუნას გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია”

9
unnamed

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის ონლაინ სტუმარია ზურა ხაჩიძე, რომელიც მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემდეგ თვითიზოლაციაში გადავიდა. მომღერალმა გიგა ბატკუაშვილის საავტორო რუბრიკაში რადიოს მსმენელს უამბო, თუ როგორ აღმოჩნდა არსებულ მდგომარეობაში.

სამი კვირის განმავლობაში ტემპერატურა ორჯერ დამიფიქსირდა, სიცხემ 2-3 დღე გასტანა. პირველ შემთხვევაში, დაბალი სიცხე მქონდა, მეორე შემთხვევაში კი მაღალი. ხათუნას წამლებზე მომიწია აფთიაქებში სიარული და გავცივდი. რამდენიმე დღე 38.5 ფიქსირდებოდა. გამოკვლევები ჩავიტარე და არაფერი აღმომაჩნდა. გავიკეთე ტესტი და კორონავირუსი არ დამიდასტურდა. რადგანაც ხათუნა ასეთი მძიმე პაციენტია და ფილტვის პრობლემები აქვს, გადავწყვიტე, ცოტა ხანი ცალკე ვიყო. ზოგადად არ მიყვარს, საკუთარ თავზე საუბარი, ნინის ჰქონდა მოსკოვიდან ლაივი და  საზოგადოებამაც ჩემი ავადმყოფობის შესახებ იქედან შეიტყო.

როგორ ატარებ დროს თვითიზოლაციაში?

სანამ სიცხე ამიწევდა, ოჯახის წევრები ერთად ვიყავით და მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა ერთმანეთთან. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ასეთ სიტუაციაში გადაფასებები ხდება ხოლმე, ადამიანები საკუთარ შეცდომებზეც  ფიქრობენ და უკეთ ააანალიზებენ ყველაფერს.

სიმღერა დავწერე „მინდა მქონდეს ფრთები“, რადიო „ფორტუნა პლუსის“ ფორმატია, სულ ახლახანს დავამთავრე, მალე მოგასმენინებთ.

როგორია ხათუნას ამჟამინდელი მდგომარეობა?

არ მიყვარს ხოლმე ამ ყველაფრის გაჟღერება, მაგრამ ხათუნა ძალიან მძიმედ იყო, ქიმიოთერაპიის შემდეგ ის ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. ახლა, უკვე ორი დღეა, რაც ფეხზე წამოდგა, სადილი საკუთარი ხელით მოგვიმზადა და გაიღიმა. უფრო შემტევ ხასიათზეა და ანალიზების პასუხებიც კარგია. იმედია, რომ გავიმარჯვებთ ამ ვერაგ დაავადებაზე, სხვანაირად ვერც იქნება, ხათუნას გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

რას ურჩევ საქართველოს მოსახლეობას?

გთხოვთ, დაემორჩილეთ ყველა იმ წესს, რისი დაცვისკენაც ჩვენი ჯანდაცვის მუშაკები მოგვიწოდებენ. ყველას გთხოვთ, დარჩით სახლში. მეტი პოზიტივი მივცეთ ერთმანეთს ონლაინ რეჟიმში. ყველაფერი მალე, ძალიან კარგად იქნება, ღმერთი დაგვეხმარება და ეს უბედურება დიდ  ბედნიერებად იქცევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები