ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი — გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი იყო. ის 1770 წლის 17 დეკემბერს ფლამანდური წარმოშობის კარის მუსიკოსის ოჯახში დაიბადა. მან ადრეულ ასაკში ისწავლა კლავესინზე, ორღანზე, ვიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა, ამიტომ ამიტომ მამამისმა გადაწყვიტა რომ მისგან მეორე მოცარტი დადგებოდა და შვილს აძალებდა, უამრავი საათის მანძილზე ურთულესი სავარჯიშოები შეესრულებინა.
პირველი ნაწარმოები ბეთჰოვენმა შექმნა 1782 წელს (ვარიაციები კლავირისათვის ე. დრესლერის მარშის თემებზე). 1787 წელს ის ეწვია ვენას, სადაც ცოტა ხანს მოცარტთან მეცადინეობდა.
1792 წლიდან ბეთჰოვენი სამუდამოდ დასახლდა ვენაში. მან მალე მოიპოვა აღიარება როგორც ვენის საუკეთესო პიანისტმა და კომპოზიტორმა.
27 წლისას დაეტყო სიყრუის ნიშნები, დაავადება სწრაფად ვითარდებოდა, რაც კომპოზიტორისათვის მძიმე სულიერ ტრავმად იქცა. ბეთჰოვენის შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველი პერიოდი მთავრდება 1802 წელს. ამ დროისათვის შექმნილი ჰქონდა I (დო მაჟორი, 1800) და II (რე მაჟორი, 1802) სიმფონიები, 17 საფორტეპიანო სონატა, მ. შ.: “პათეტიკური” (№ 8, 1799), “სამგლოვიარო მარშით” (№ 12, 1801), “მთვარის” (№ 14, 1801), პირველი სამი საფორტეპიანო კონცერტი (I – 1798, II – 1798, III – 1800), სავიოლინო და სავიოლონჩელო სონატებისა და სიმებიანი კვარტეტების ნაწილი, ბალეტი “პრომეთეს ქმნილებანი” (1801).მიუხედავად იმისა რომ ბეთჰოვენის სიყრუე ოცდაექვსი წლის ასაკიდან სულ უფრო და უფრო პროგრესირებდა, მას ნაწარმოებების შექმნა არ შეუწყვიტავს.
მეტად ნაყოფიერი გამოდგა ბეთჰოვენის მოღვაწეობის შუა პერიოდი (1803-1812). ამ წლებში დაწერა ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა მე-3 (“გმირული”, მი ბემოლ მაჟორი, 1803), მე-4 (“რომანტიკული”, სი ბემოლ მაჟორი, 1806), მე-5 (“ტრაგიკული”, დო მინორი, 1808), მე-6 (“პასტორალური”, 1808), მე-7 (ლა მაჟორი, 1812) და მე-8 (ფა მაჟორი, 1812) სიმფონიები, მუსიკა გოეთეს ტრაგედიისათვის “ეგმონტი” (1810), ოპერა “ფიდელიო” (1805); უვერტიურები: “კორიოლანოსი” (1807), “ლეონორა” – №1, №2, №3 (1805-1806), ფანტაზია ფორტეპიანოს, გუნდისა და ორკესტრისათვის (1808); საფორტეპიანო კონცერტები: №4 (1806), №5 (1809) და სხვა.