დაკანონებული უკანონობა

ბერტოლდ ბრეხტი
მხიარული არაკი ორ მოქმედებად
სცენური ვერსია რობერტ სტურუასი, ნიკოლოს ჰაინე-შველიძისა და ნინო კანტიძის
დამდგმელი რეჟისორი: რობერტ სტურუა
რეჟისორი: ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე
კომპოზიტორი: გია ყანჩელი

როლებში: ზუკა პაპუაშვილი, დავით გოცირიძე, ლუკა გულედანი, დავით დარჩია, ედმონდ მინაშვილი, ეკა მინდიაშვილი, ქეთი სვანიძე, ბექა სონღულავილი, ნიკა ქაცარიძე, ლაშა ჯუხარაშვილი

 

პიესა, რომელიც ბერტოლდ ბრეხტმა 1930 წელს დაწერა, თანამედროვე მსოფლიოს პრობლემებს ასახავს. ბიზნესმენ კარლ ლანგმანის მოგზაურობა უდაბნოში, ნავთობის საბადოს დასაპატრონებლად კიდევ უფრო გამდიდრებისათვის, ადამიანის მიერ ადამიანის ჩაგვრაზე, ადამიანის სწრაფვაზე გამდიდრებასა და ძალაუფლების მოპოვებისათვის, სიკეთის დაუფასებლობაზე, ადამიანის მორალურ და ფიზიკურ განადგურებაზე, იმაზე რომ – „კეთილ კაცს სიკეთე ღუპავს“ – რეჟისორებმა იუმორით, ირონიით, გროტესკით, სიმსუბუქით გადმოსცეს.

რუსთაველის თეატრი ბრეხტის ნაწარმოების საკუთარ ვერსიას წარმოგიდგენთ.
უდაბნოში ნავთობის დიდი საბადო აღმოაჩინეს. საბადოს ხელში ჩასაგდებად რამდენიმე ექსპედიცია მიემართება. მარათონში მონაწილეობს ნავთობის უდიდესი კომპანიის მფლობელი კარლ ლანგმანი. იგი გამყოლთან და მუშასთან ერთად შეუდგება ამ რთულ გზას. უდაბნოში თანდათან იძაბება ურთიერთობა პატრონსა და დაქირავებულებს შორის. ეჭვითა და შიშით შეპყრობილი ლანგმანი ჯერ გამყოლს დაითხოვს, რათა თავი აარიდოს „მოსალოდნელ შეთქმულებას“. შემდეგ კი, როცა მკაცრი უდაბნოს პირისპირ ორნი დარჩებიან, გზაარეული, უწყლობითა და მწველი მზით გათანგული ლანგმანი მუშას მოკლავს. იმართება სასამართლო. დაქვრივებული ქალი ქმრის მკვლელის დასჯას მოითხოვს, მაგრამ რას გადაწყვეტს მოსამართლე? უკანონობას ხომ კანონი იცავს.

ორიგინალში პიესას „გამონაკლისი და წესი“ ჰქვია. რეჟისორებმა სახელწოდება პიესაში არსებული ზონგებიდან აიღეს. პიესიდან ზოგი ტექსტი საერთოდ გაქრა, ზოგიც ჩამატებულია, გაკეთდა კუპიურები, გადაადგილდა ეპიზოდები, გაჩნდნენ გადაკეთებული პერსონაჟებიც. შეიძლება ითქვას, რომ დამდგმელებმა პიესის ფაბულა გამოიყენეს, ბრეხტის ნაწარმოების საკუთარი სცენური ვერსია შექმნეს და სპექტაკლის ჟანრი მხიარულ არაკად განსაზღვრეს.

სიმბოლურია სასცენო გაფორმებაც. სცენაზე გადაჭიმული თეთრი ფერის ნაჭერი – დაუსრულებელი უდაბნოს ასოციაციას ქმნის. განათების მეშვეობით იქმნება ესა თუ ის სცენა, ეპიზოდის განწყობა. უდაბნო თეთრი ფერისაა, ოაზისი – მწვანე და ლურჯი, შეიხის სამფლობელოში წითელი ფერი სჭარბობს, ლამაზადაა გაკეთებული ვარსკვლავებით მოჭედილი უდაბნოს ცა ღამით.
გია ყანჩელის მუსიკა სპექტაკლს კიდევ უფრო ალამაზებს და სასიამოვნო საყურებელს ხდის. თუმცა სპექტაკლში გამოყენებულია ბახის, ბეთჰოვენის, მოცარტის ვერდის, ვაგნერის, შოპენის, ლისტისა და შუბერტის ნაწარმოებები. ასევე „ბითლზების“ ცნობილი სიმღერა „Yellow Submarine“.


ორმოქმედებიანი სპექტაკლი, რომელიც შესვენებიანად დაახლოებით ორი საათი გრძელდება საოცარ რიტმში მიმდინარეობს და მსუბუქად და გსაგებად არის გადმოცემული მთავარი მესიჯები.
გაისმის სიტყვები: „უკანონობას კანონი იცავს“… „მორჩილად ვიტანთ ჩვენ ძალადობას“… „სნეული კვდება, ძლიერი მეფობს“… ეპიზოდიდან ეპიზოდზე, ამბიდან ამბავზე გადასასვლელად ტრანსპარანტებს იყენებენ. თითოეული ამბის დაწყების წინ ტრანსპარანტი შემოაქვთ წარწერით, რომელიც ამ ეპიზოდის არსს გადმოსცემს. მაგალითად: „ცხოვრება უდაბნოა“, „ნავთობი ჩვენია“, „თუ საჭირო ხარ გადაგარჩენენ“ და ა.შ.

სპექტაკლი მოულოდნელად, აბსურდის ელემენტების გამოყენებით სრულდება. მთავარი გმირი კარლ ლანგმანი ავანსცენაზე გამოდის და მაყურებელს მიმართავს: „ბატონებო და ქალბატონებო, სულ რომ შუაზე გასკდეთ და ყირაზე დადგეთ „ბარსა“ ჩემპიონია, თავისუფლება კატალონიას“… სინათლე ქრება და სიბნელეში გაისმის აკაკი წერეთლის: „ცა ფირუზ ხმელთ ზურმუხტო“…

 

პროგრამა

რუსთაველის თეატრი