ნადირობის სეზონი

რეჟისორი: რობერტ სტურუა
დრამატურგი: თამაზ ჭილაძე
კომპოზიტორი: გია ყანჩელი

მონაწილეობენ: გოგა ბარბაქაძე, ია სუხიტაშვილი, ზუკა პაპუაშვილი, სანდრო ღაღანიძე, ანდრია თავბერიძე, ბექა სონღულაშვილი, კახა კუპატაძე

 

ტრაგიკომიკური ფანტასმაგორია ერთ მოქმედებად
სპექტაკლის ხანგრძლივობა 95 წთ; ერთმოქმედებად

ახალგაზრდა მსახიობი ქალი ია პრემიერისთვის ემზადება. პიესის ავტორი ალე მისი საყვარელია. ქალი ძალიან ნერვიულობს, ეჩვენება, რომ მის ბინაში დასახლდა ბრმა პოლტერგეისტი. უაღრესად დაძაბული იას ცნობიერებაში არეულია სინამდვილე და ფანტაზია. თანდათან იშლება ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის. დაბნეულ ქალს ვერ გაუგია, რა ხდება მის თავს. “აი თქვენ გღვიძავთ. . . მეც მღვიძავს, მაგრამ იქნებ მე მძინავს და თქვენ მესიზმრებით,” _ მიმართავს იგი მაყურებელს.
პიესის გმირი ფსიქიურად შერყეული მაწანწალაა. თავს მერლინ მონროს ქმრად წარმოგვიდგენს და თავისი ცხოვრების ისტორიას გვიყვება. მან შეთანხმება დადო ამერიკის პრეზიდენტთან. კაცმა თავის ცოლი მისცა, ხოლო პრეზიდენტს მშვიდობა უნდა დაემყარებინა მთელ მსოფლიოში, თუმცა… მშვიდობისათვის მებრძოლი გმირი დახვრიტეს. ექვსმა ჯარისკაცმა ესროლა, მაგრამ ოქმი რომ შეადგინეს, ხუთი ნატყვიარი აღმოჩნდა…

შლაპიანის მონოლოგი:
აი, მე პირადად, მშვიდობისთვის ბრძოლას შევეწირე. გამიყვანეს და კედელთან დამაყენეს, რომელზედაც დიდი ასოებით მეოცე საუკუნის ყველაზე აბსურდული ფრაზა ეწერა: „დაივიწყე ყველაფერი, დალიე „კოკა კოლა“! ექვსმა მესროლა, ექვსმა ჯარისკაცმა. არადა, ოქმი რომ შეადგინეს, დიახ, სიკვდილსაც ოქმი ჭირდება, ხუთი ნატყვიარი აღმოაჩნდა. ერთმა ამაცდინა. შეგნებულად, რადგან აცდება შეუძლებელი იყო. როცა ჩემი დამზოგველის ვინაობა ვერ დაადგინეს, ექვსივე დახვრიტეს. მე კი სულ იმ ერთზე ვფიქრობ, იმ ერთს დავეძებ. არადა, როგორ გინდა იპოვო ამდენ ხალხში ერთი ნამდვილი ადამიანი!

პროგრამა

რუსთაველის თეატრი