როგორც გენებოთ

რეჟისორი: ლევან წულაძე

მონაწილეობენ: ონისე ონიანი, როლანდ ოქროპირიძე, ზურაბ ბერიკაშვილი, ნიკა კუჭავა, დავით ხურცილავა, ბესო ბარათაშვილი, ჯაბა კილაძე, ნიკოლოზ თავაძე, თამარ ბუხნიკაშვილი, ნატა მურვანიძე, ქეთევან ცხაკაია, ქეთევან შათირიშვილი / ანკა ვასაძე, ნატო კახიძე / ანა გრიგოლია, მანანა კოზაკოვა

სპექტაკლი ორ მოქმედებად
ხანგრძლივობა – 130 წუთი

დასაწყისი: 20 სთ

 

სპექტაკლის დასაწყისი ცოტათი ქაოტური და დამაბნეველია, მაგრამ სულ მალე ვხვდებით, რომ ორმაგ თეატრალურ სამყაროში მოვხვდით. ამ ყველაფერს შეგვიძლია ვუწოდოთ თეატრი თეატრში ანდა უბრალოდ “როგორც გენებოთ”.
ჩვენ თვალწინ იხსნება სცენაზე განლაგებული, საგულდაგულოდ ჩაკეტილი ყუთები და იწყება წინასასპექტაკლო ფუსფუსი, პანიკა, ჩხუბი, კამათი, ტექსტის გამეორება, კოსტიუმების მორგება, დეკორაციისა და მუსიკალური საკრავების განლაგება. ყველაფერი, რისგანაც რეპეტიცია შედგება. მსახიობები, სცენაზე გამოსვლის მოლოდინში, ბანქოსა და ჭადრაკის თამაშით ირთობენ თავს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის წამიერი ცვლილებაა, რასაც თითოეული მსახიობი განიცდის, როდესაც ყველა პირად გრძნობას სცენის მიღმა ტოვებს და მოქმედი პირის შინაგანი თუ გარეგნული თვისებებით იმოსება.
როგორც ჩანს, სპექტაკლის მაყურებელი არამარტო დარბაზში მსხდომი საზოგადოებაა, არამედ თვითონ მსახიობთა დასიც.

მაკო გოჩაშვილი
თეატრმცოდნე

ვერ ვიტყვი, რომ სხვა შემთხვევევბშიც, სხვა პიესებზე მუშაობისას ჩვენი მახიობები უჟინოები არიან, მაგრამ „გლობუსის“ ფაქტორმაც განაპირობა, რომ მათ ჰქონდათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გრძნობა, ამავდროულად ეს უფრო შიში იყო იმისა, როგორ შედეგს მივიღებდით. დიდი ხანი ვერკვეოდით პიესაში, თან გასარკვევიც ძალიან ბევრი იყო, დიდხანს ვეძებდით რაზე უნდა დაგვედგა, რის შესახებ, რომ ეს ჯერ ჩვენთვის გამხდარიყო საინტერესო და შემდეგ სხვებისთვისაც. მხოლოდ მაშინ ხდება სპექტაკლი საინტერესო მაყურებლისთვის, თუ რეჟისორს და მსახიობებს აინტერესებთ ის, რასაც აკეთებენ. მართალია ლაშა ბუღაძე გავაწამე კიდეც ცოტა, როცა ტექსტზე ვმუშაობდით, მაგრამ ღირდა…

ლევან წულაძე
რეჟისორი

„როგორც გენებოთ“ ტექსტზე ლაშა ბუღაძემ იმუშავა. დრამატურგმა ტექსტის მხოლოდ რამდენიმე ფრაზა შეცვალა.

ამბობენ, რომ ეს პიესა, ერთი მხრივ, ყველაზე “არაშექსპირული” პიესაა, მეორე მხრივ კი, თითქოს და შექსპირის ყველა მომდევნო პიესის საწყისია აქ გაბნეული – თითქოს დრამატურგის მომავალ პიესათა ვარიაციაა. აქ აღმოაჩენთ ჰამლეტის ორეულებს, “ზაფხულის ღამის სიზმრის” მელანქოლიურ გმირებსა და პროსპეროს მსგავს იდუმალ, ბრძენ და ნახევრადღვთაებრივ არსებებს. ეს პიესა ერთდროულად შუასაუკუნეების მისტერიასაც მოგვაგონებს, ქალაქის მოედანზე გათამაშებულ თოჯინურ ბუფონადასაც და ფილოსოფიურ თუ ფსიქოლოგიურ დრამასაც. ამ პიესიდან, როგორც სარკიდან, ისე მოჩანს არისტოფანე, დანტე, და ასე განსაჯეთ, ჩეხოვიცა და ბრეხტიც კი.

ლაშა ბუღაძე

 

პრემიერა შედგა 2012 წელს ლონდონში, გლობუსის თეატრში.
ეს იყო პირველი თეატრალური დასი საქართველოდან, რომელმაც სპექტაკლი „გლობუსში“ წარმოადგინა.

თუ საქართველოს სხვა თეატრების დონე ოდნავ უახლოვდება მარჯანიშვილის თეატრისას, მაშინ თეატრის კრიტიკოსის პროფესია ამ ქვეყანაში უდავოდ ყველაზე სანატრელად უნდა მივიჩნიოთ. ამ თეატრის განუმეორებელი წარმოდგენის დასასრულს დარბაზი ფეხზე ადგა (თუმცა, მაყურებელთა ერთი ნაწილი მანამდეც ფეხზე იდგა) და დასს ასე მოუწყო ოვაცია. მის მიერ წარმოდგენილი არდენის ტყე გახლავთ მომცრო, სახელდახელო სცენა – თეატრი თეატრში. მთელი წარმოდგენის მსვლელობაში მსახიობები კულისებიდანაც მოჩანან: ხედავ მათს მეგობრულ საუბრებს, საჭადრაკო პარტიებს, კინკლაობასა თუ ბაქიობას. ეს თან გხიბლავს და თან არც უადგილოა, რადგან „როგორც გენებოთ“ ნაწილობრივ არის რეალობისთვის თავის დაღწევის ცდა, როგორც თვითშეცნობის საშუალება.

„გარდიანი“, 22 მაისი 2012

პროგრამა

მარჯანიშვილის თეატრი

2 მაისი – 20:00 სთ