ნია მოძმანაშვილი
ნია მოძმანაშვილი – რადიოზე შეყვარებული გოგონა „ფორტუნადან“
ნია მოძმანაშვილი რვა წელია, რადიოწამყვანია, თუმცა რადიო „ფორტუნაში“ წელს, აგვისტოს თვეში მოვიდა. შესაბამისად, გუნდის ყველაზე ახალი წევრია. გარემოს ადვილად მიეჩვია. მისი ცხოვრება ისეთივე ფერადია, როგორიც მისი ბუნებრივი თმის ფერი.
ნიას თავის უამრავ გატაცებაზე და რა თქმა უნდა, ცხოვრების მთავარ საქმეზე, რადიოზე გვესაუბრა…
ნია მოძმანაშვილი:
რადიო „ფორტუნას“ გუნდის ყველაზე ახალი წევრი ვარ, ამ წლის აგვისტოს თვიდან მოვედი. მანამდე რვა წელი სხვადასხვა რადიოში ვიმუშავე. რადიოზე შეყვარებული გოგო ვარ, ამის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. საუკეთესოდ მივიჩნევ მიკროფონს და გარემოს, რომელიც რადიოშია. ეთერის მეშვეობით შეგიძლია, სხვა ადამიანებს პოზიტიური ენერგია გადასდო. ამისი საშუალება რომ მაქვს, ძალიან მომწონს.
ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი და დავმეგობრდი, უკვე ოჯახის წევრად ვრძნობ თავს. წლების წინ გახლდით „იღბლიანი დებიუტის“ მონაწილე, ამირჩიეს, თუმცა იმ დროისთვის უკვე სხვა რადიოში ვმუშაობდი. წლების შემდეგ, „ფორტუნადან“ შემოთავაზება ისევ მივიღე და ამჯერად დავთანხმდი.
ნია, რა უნდა ვიცოდეთ შენ შესახებ საინტერესო, რაიმე გატაცება თუ გაქვს?
გატაცებაზე მოგვიანებით გეტყვით, მაგრამ რადიოს პარალელურად, ბანკში ვმუშაობ (იცინის), დაახლოებით 4 წელია, საბანკო სფერო ძალიან ახლოს არის ჩემთან. ასეთი ადამიანი ვარ, თუკი რაღაც ძალიან მინდა, ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის. რადიოში მუშაობის პარალელურად, რატომღაც გამიჩნდა ბანკში მუშაობის სურვილი. იმავდროულად, არ მქონია არანაირი საბანკო გამოცდილება და მოკლედ რომ ვთქვა, ამ სფეროში არაფრის აზრზე არ ვიყავი.
ერთ-ერთმა ბანკმა გამოაცხადა მიღება, დავწერე უნარების ტესტი, ჩემთვის მოულოდნელად ყველა ეტაპი გავიარე და ტრენინგებზე აღმოვჩნდი. იქ რომ მივედი, მივხვდი, რომ საერთოდ სხვა სამყაროში მოვხვდი, სადაც არავის ვიცნობდი. აბსოლუტურად სხვა გარემო იყო, მაგრამ ვიფიქრე, რომ ეს იყო ჩემი არჩევანი და საკუთარ თავს ვუთხარი, ნება იბოძე და ყველაფერი ისწავლე-მეთქი. პროფესიით გერმანული ენის სპეციალისტი ვარ. ხომ ხედავთ, საიდან სად აღმოვჩნდი?
ძალიან მიზანდასახული და სპონტანური ადამიანი ხარ…ნამდვილად ასეა. კიდევ შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ, ვარ პოზიტიური ადამიანი. მარტო რომ ვრჩები, ზოგჯერ შეიძლება, მეც დავნაღვლიანდე, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. ყველას რჩება შთაბეჭდილება, რომ არაფერზე ვდარდობ. უბრალოდ, არ მიყვარს სხვისთვის ჩემი პრობლემების თავს მოხვევა, მირჩევნია, ჩემით მოვაგვარო, თუმცა თუკი მეგობარს სჭირდება, მის პრობლემას აუცილებლად მოვისმენ და დავეხმარები კიდეც.
გატაცებაზე მოგვიანებით გეტყვითო…
მიტაცებს ფოტოგრაფია და ქსოვა. ახლახან გადავწყვიტე ქუდების მოქსოვა და ვფიქრობ, ბიზნესად ხომ არ გავიხადო ეს საქმე (იცინის). გარდა ამისა, მიყვარს ფოტოგრაფია. ახლახან შევიძინე გრანდიოზული კაბა და ზუსტად ვიცი, ზამთარში როგორი ფოტოსესია უნდა გადავიღო მისი გამოყენებით, როცა თოვლი იქნება. მიყვარს, როცა ყველაფერი ზუსტად არის დაგეგმილი და მოფიქრებული.
პირად ცხოვრებაშიც არის სპონტანურობა?
რამდენადაც სპონტანურია ჩემი ცხოვრება კარიერის კუთხით, იმდენად არასპონტანურია პირადში. ახლა შეყვარებული არ ვარ.
როგორი უნდა იყოს ადამიანი შენ გვერდით?
მომწონს, როცა ადამიანს შეუძლია მცირე საქციელით, წინადადებით გააბედნიეროს სხვა. ჩემ გვერდით ვინც იქნება, ალბათ, უნდა ჰქონდეს მოსმენის უნარი, რადგან ძალიან ბევრს ვლაპარაკობ და გაუძლოს ჩემს ემოციებს, მაგრამ როცა სიყვარულია, ალბათ, გასაძლებიც არაფერია (იღიმის). უნდა შეეგუოს ჩემს ემოციებსა და სიგიჟეებს. უნდა უყვარდეს თავგადასავლებიც…
ძალიან ფერადი ცხოვრება გაქვს, შენი თმის ფერივით…
(იღიმის) ასეა… ეს ჩემი ბუნებრივი თმის ფერია. ძალიან გრძელი თმა მქონდა. ერთ დღეს მისი შეჭრა გადავწყვიტე. ესეც ერთ-ერთი მორიგი სიგიჟე იყო, ალბათ, რაღაცის შეცვლის სურვილი. გავიღვიძე, ავიღე მაკრატელი და თავად შევიჭერი. მინდოდა ცვლილება და ამან, დამერწმუნე, რაღაც შემიცვალა (იღიმის)…
ნინო მურღულია